Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცნობილი ქუთაისელი ონკოლოგის ბურუსით მოცული გარდაცვალება

თარიღი : 2-05-2015, 00:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცნობილი ქუთაისელი პროფესორის, ონკოლოგისა და ონკო ქირურგის ირაკლი გოგოლაშვილის გარდაცვალებიდან სამი თვე გავიდა. ირაკლი გოგოლაშვილი "პანტანასას" სახელობის მამოლოგიური და ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, ასევე, ყოფილი ონკოლოგიური ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგე იყო. ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, მეუღლეს გოგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ონკოლოგი? რატომ ფიქრობს ირაკლი გოგოლაშვილის მეუღლე, რომ გარდაცვალების კვალი შესაძლოა გოგოლაშვილის ქონებებს უკავშირდებოდეს და რატომ უცხადებს ქირურგის მეუღლე უნდობლობას ექსპერტიზის დასკვნას? აღნიშნულთან დაკავშირებით Topnews.com.ge გარდაცვლილის მეუღლეს, ასევე ექიმ სოფიო კვეტენაძეს ესაუბრა.

-ქალბატონო სოფიო, რა გარემოებები უძღოდა წინ თქვენი მეუღლის გარდაცვალებას და თქვენ რა გაძლევთ გამოძიების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძველს?

ჩემი მეუღლე 2015 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. იმ პერიოდში მე და ირაკლის უთანხმოება გვქონდა. საუბარი იყო განქორწინებაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სახლი, რომელშიც მე და ირაკლი ვცხოვრობდით, ირაკლის მიაკუთვნა. მე შევუთვალე ირაკლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ვაპირებდი და ჩემთვის სახლიდან ჩემი კუთვნილი ნივთები დაებრუნებინა. ეს ირაკლის ჩვენი საერთო ნაცნობის პირით შევუთვალე. მან საერთო ნაცნობს უთხრა, რომ ჩემს ნივთებს არ გამატანდა, რადგან შერიგებას აპირებდა, ხოლო სასამართლოში წასვლა გარკვეული მიზნისთვის სჭირდებოდა. ამის შემდეგ მე შევხვდი ირაკლის, რომელმაც იგივე განმიცხადა. მითხრა, "მე შენს ნივთებს არ გაგატან იმიტომ, რომ შენთან შერიგება მინდა, მაგრამ მამაჩემის ქონებებთან დაკავშირებით ძალიან შარში ვარ ჩავარდნილი, ვიღაცები არასწორად ითხოვენ ჩემგან ფულს და რამდენიმე დღე მინდა, რომ ეს ყველაფერი დავალაგოო. ჩვენი ამ საუბრიდან 2-3 დღის მერე ჩემი მეუღლე გაუჩინარდა. სახლიდან არ გამოდიოდა. დავურეკე ერთ, მეორე მეზობელს. ყველა მეუბნებოდა, რომ მის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შემდეგ ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილებაში უბნის რწმუნებულს ველაპარაკე და ვთხოვე გაერკვია რა ხდებოდა. ის ორჯერ მივიდა ჩვენს სახლში, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა. მე ინტენსიურად ვურეკავდი მეზობელს. ერთ-ერთმა მეზობელმა მითხრა, რომ სახლში გასაღებით ერთ-ერთი პირი შედიოდა. ამან პანიკაში ჩამაგდო, რადგან ირაკლი სახლის გასაღებს არავის აძლევდა. ამ პიროვნების ტელეფონის ნომერი გავიგე. ისევ უბნის რწმუნებულ ჯიხვაშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ ამ ადამიანს ჰქონდა გასაღები და მისთვის დაერეკა, რომ სახლში შეეყვანა. პოლიციელს ეს პირი მართლაც დახვდა სახლში და გაუღო კარი. ირაკლი სახლში იყო დაწოლილი. როგორც უბნის რწმუნებულმა მითხრა, არ შეეძლო. მათ გარდა სახლში კიდევ ერთი პიროვნება იყო. პოლიციელმა დამირეკა და მკითხა, ირაკლი შეუძლოდ არის და რა გადავუსხათო. მე ვუთხარი, რომ არავითარი გადასხმა არ უნდოდა, სასწრაფო გამოეძახათ და საავადმყოფოში გადაეყვანათ. შემპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რადგან მე კატეგორიულად ვითხოვდი ირაკლის საავადმყოფოში გადაყვანას. ეს ხდებოდა 22 იანვრის ორ საათზე. ამის შემდეგ არავინ რომ არ შემეხმიანა, ირაკლის მობილურზე ინტენსიურად დავიწყე რეკვა, თუმცა მობილური ტელეფონი გამორთული იყო. დახმარება ისევ უბნის რწმუნებულს ვთხოვე. სახლში მისულმა პოლიციელმა მითხრა, რომ სახლის კარი დაკეტილი დახვდა და არავინ გაუღო. ვიფიქრე, რომ ირაკლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა პოლიციელს მაინც ვთხოვე, საავადმყოფოებში გადაემოწმებინა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ირაკლი რომელიმე მათგანში. ამის შემდეგ, ღამის სამ საათზე, ჩემი მეუღლე სახლში, ღია კარში მეგობარმა გარდაცვლილი იპოვა. კითხვები გვაქვს იმის გამო, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს ჰქონია. სასიკვდილო დიაგნოზი მაგას არ ჰქონდა. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, 23 იანვარს, პოლიციის მეორე განყოფილებაში დავწერე განცხადება რომელშიც ვითხოვდი ჩაეტარებინათ გამოძიება ჩემს სახლში, ჩემი ქმრის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა მე ოფიციალურად არაფერი მითხრეს, თქვენ არც მხარე ა არც დაზარალებული ხართო. ირაკლის გარდაცვალების მიზეზად ძალიან უცნაური რამ დაასახელეს. დროული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ჩემს მეუღლეს გადარჩენის შანსი ჰქონდა. რატომ მიატოვეს ავადმყოფი ადამიანი? რატომ არ გაუწიეს დროული სამედიცინო დახმარება? ეს არის ადამიანის განსაცდელში მიტოვება. როდესაც ირაკლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სვამდა, ჩემი დაჟინებული თხოვნით, რამდენჯერმე ალკოჰოლის საწინააღმდეგო ინიექცია ჰქონდა გაკეთებული. მე დავყვებოდი თბილისში ნარკოლოგიურში. ვცდილობდი, რომ მას ეს მავნე ჩვევა გადაეგდო და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო.

-ქალბატონო სოფიო, როგორც ახსენეთ, თქვენ და თქვენი მეუღლე განქორწინებას აპირებდით, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეთ. რამ გამოიწვია განქორწინების აუცილებლობა და რატომ ფიქრობთ, რომ ირაკლი გოგოლაშვილის გარდაცვალების გარემოებები საეჭვოა?

http://topnews.com.ge/photo/news/1430513049.jpg


ჩვენ ერთად 17 წლის განმავლობაში ვიყავით. ჯვარი გვქონდა დაწერილი, ხოლო სამოქალაქო ქორწინება 10 წლის მერე გავაფორმეთ და ხელი მოვაწერეთ. იმის გამო, რომ მე ირაკლის ოჯახს არ ვუნდოდი, 7 წელი ნაქირავებში ვცხოვრობდით. 2005 წელს ვიყიდეთ სახლი, რომელიც ირაკლის სახელზე იყო გაფორმებული. ჩემი მეუღლე დიდი ქონების პატრონი იყო. უკვე გითხარით, რომ როდესაც ბოლოს ირაკლის შევხვდი, მითხრა, ამ ქონებებთან დაკავშირებით დიდ შარში რომ იყო. ჩიხში იყო შესული და გამოსავალს ვერ პოულობდა. კონკრეტულად ვისზე და რაზე იყო ლაპარაკი, ამის განმარტებისგან თავს შევიკავებ და დეტალურ ჩვენებას გამოძიებას მივცემ. ირაკლის გარდაცვალებიდან ჩვენი საკუთრება ჩაიკეტა. მე ყველანაირად ვცდილობდი ჩემს საკუთრებაში შევსულიყავი, ხოლო როდესაც ამის საშუალება მომეცა, აღმოვაჩინე, რომ ჩემი შეძენილი სახლიდან ქონების ნაწილი გატანილი იყო. რაღაც ქონებები გადაიმალა, ირაკლის გარდაცვალებიდან ორ კვირაში საბანკო ანგარიშიდან გაქრა სოლიდური თანხა. გარკვეულ ნივთებს პოლიციამ მიაკვლია, მაგრამ დაკარგულია და არ ჩანს ძვირადღირებული ნივთები. მაინტერესებს ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ ნივთების გაქრობით. არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომლებთანაც მე ირაკლის ოჯახის წევრებზე მეტი პრეტენზია მაქვს.

-ქალბატონო სოფიო, თქვენ და ირაკლი გოგოლაშვილს თანაცხოვრების 17-წლიანი ისტორია გაქვთ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში თქვენ ურთიერთობა არ გქონიათ მეუღლის ოჯახთან. რა იყო ამის მიზეზი?

http://topnews.com.ge/photo/news/1430512535.jpg



ჩვენი ქორწინება მიუღებელი იყო ირაკლის ოჯახისათვის, რადგან მე პირველი ქორწინებიდან ორი შვილი მყავდა. ირაკლის ოჯახმა ამის გამო არ მიმიღო. ჩვენ გარიყულები ვიყავით მათგან. მაქსიმალური გააკეთა ჩემმა ოჯახმა, რომ მე ჩემი კუთხე მქონოდა, სადაც მეუღლესთან ერთად ვიცხოვრებდი, ჩვენ იძულებული ვიყავით 7 წელი ქირით გვეცხოვრა და ამის შემდეგ შევიძინათ ბინა ჩემი მშობლების დახმარებით. ირაკლის ოჯახს მართლა არ ვიცნობდი. არ ვიცნობდი დედამისს. ვინაიდან ირაკლი იყო დიდი ქონების პატრონი, დედამისის მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ვყოფილიყავით. ამის მიუხედავად, ქორწინებიდან 10 წელიწადში დავარეგისტრირეთ ჩვენი ქორწინება. ეს მიუღებელი იყო ირაკლის ოჯახისთვის, რის გამოც ქონება, რომლის პირდაპირი მემკვიდრე ჩემი ქმარი იყო, მისი დისშვილის სახელზე გადაფორმდა და ირაკლი მემკვიდრეობის გარეშე დარჩა. ამ ამბავს სამი წელი უმალავდნენ. 2010 წელს გაჩუქებული ქონების შესახებ 2013 წელს გაიგო. ირაკლისთვის ამ ქონების დაბრუნების ერთადერთი გზა ჩემთან განქორწინება იყო, რის გამოც ჩვენს შორის უთანხმოება დაიწყო.მე განქორწინებაზე უარი ვთქვი, თუმცა სასამართლო დავის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვაპირებდით ერთად ცხოვრებას. კამათი ყველა ოჯახში არის. ჩვენ კი კამათი ძირითადად ირაკლის ოჯახიდან გამომდინარე გვქონდა. მიუხედავად ამისა, ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა და საბოლოოდ, დაშორებას მაინც არ ვაპირებდით. როდესაც ირაკლიმ ბოლოს სასამართლო დავა მოიგო, თუმცა მიხვდა, რომ მე მკარგავდა, ჩემს დაკარგვაზე მაშინაც უარი თქვა ისევე როგორც ბევრჯერ. მაშინ მითხრა, დიდ შარში ვარ და ეს უნდა მოვაგვაროო. მე ვერ მივხდი მაშინ რა იყო ეს შარი, მაგრამ ვიცი, რომ ირაკლის დიდი გეგმები ჰქონდა სამომავლოდ და სიკვდილს ნამდვილად არ აპირებდა. ჯანმრთელობაც ხელს უწყობდა. მე მივმართავ ყველა ინსტანციას. გამოიძიონ ვინ იყო დაინტერესებული მისი გარდაცვალებით? რა ქონებრივი სარგებელი და ინტერესი იდგა კონკრეტული ადამიანების მხრიდან? ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. გამოძიებამ უნდა გვიპასუხოს, რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი. კაცის, რომელიც სხვისი სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავდა და პირველ რიგში მუდმივ კონტროლს მის ჯანმრთელობას უწევდა. არაფრით გავჩერდები, ვიდრე კითხვებზე პასუხს არ ვიპოვი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ირაკლი გოგოლაშვილის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. შსს-ში კი განმარტავენ, რომ ონკოქირურგი ბიოლოგიური სიკვდილით გარდაიცვალა, რასაც ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნაც ადასტურებს.

ირაკლი გოგოლაშვილის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით სააგენტო მის მეგობრებთან გასაუბრებასაც შეეცადა. გოგი კირკიტაძე ის ადამიანია, რომელმაც ონკოქირურგი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა, თუმცა კირკიტაძე აცხადებს, რომ საუბარი არ სურს.

"გული მწყდება რომ აღარ არის. ჩემთვის ეს ტრაგედიაა. კითხვები რა. საუბრის ხასიათზე არ ვარ," - ამბობს კირკიტაძე.


ნანახია: 9230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობილი ქუთაისელი ონკოლოგის ირაკლი გოგოლაშვილის მეუღლე, ასევე ონკოლოგი სოფიო კვეტენაძე სამართალდამცავებს მისი სიცოცხლისა და
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება.
სოფელ ჯგალში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ დედა-შვილი და 18 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა.
"მივედი და ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და სიიდან ამოეწერათ, თუმცა იგი ისევ სიაში წერია"