"დეპუტატი ახლო ხედით"-ლელა ქელბაქიანი
თარიღი : 29-12-2014, 21:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ლელა ქელბაქიანს.
მინი დოსიე: ლელა ქელბაქიანი; დაბადების თარიღი: 23.12. 1970; განათლება-უმაღლესი (ქიმიის დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი). ოჯახი: ჰყავს 18 წლის ვაჟი დავით გაბელაშვილი.
1. დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ;
პასუხი: ქუთაისი, ქუთაისლები და მე.
2.თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
პასუხი: ქუთაისლების მასიური შიდა და გარე მიგრაცია.
3. როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამხსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?
პასუხი:
რამდენად მიცნობენ, ამომრჩევლებს უნდა ჰკითხოთ. ყველაზე მთავარი რაც დაამახსოვრდებათ-მაჟორიტარი, რომელიც ყოველთვის მათ გვერდით იდგა და მაქსიმალურად ცდილობდა ამომრჩევლების ინტერესების დაცვას.
4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?
პასუხი: 10 წლის შემდეგ ქუთაისი იქნება საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ახალგაზრდული ქალაქი, მრავალრიცხოვანი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტით, მსუბუქი მრეწველობის მცირე საწარმოებით და რაც მთავარია, გაღიმებული ქუთაისლებით.
5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....
პასუხი: და ახლაც მაქვს ამის ნოსტალგია-ვიყო მომღერალი.
6. რას შეცვლიდით თქვენს ცხვორებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?
პასუხი: ცხოვრების თავიდან დაწყება ყოველთვის შესაძლებელია. ამისთვის არაა საჭირო უკან დაბრუნება. მთავარია მუდმივად გააანალიზო საკუთარი თავი, იპოვო სუსტი მხარეები და ეცადო მათ გამოსწორებას.
7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ 12 წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, დღემდე ასეთ ადამიანად რჩება მამაჩემი-ვალიკო ქელბაქიანი.
8. დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.
პასუხი: ყველაფერი წარმავალია!
9. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
პასუხი: საინტერესო არ ნიშნავს, რომ რომ ეს პერსონა აუცილებლად გესიმპათიურება. ჩემთვის საინტერესოა ჰიტლერის ფსიქოტიპი.
10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.
პასუხი: შეუძლებელია ქვეყნის პრეზიდენტმა მხოლოდ სამი პრიორიტეტული საქმე გამოყოს.
11. გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.
პასუხი: ასეთი არ მახსენდება.
12. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის.....
პასუხი: სიყვარულის დეფიციტი ადამიანებში.
13. ადამიანები მაოცებენ.....
პასუხი: ადამიანის ბუნების ფართო სპექტრით.
14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?
პასუხი: საცხოვრებელ სახლს უბინაოდ დარჩენილი ქუთაისელებისათვის.
15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?
პასუხი: ჭკვიან, განათლებულ და პატიოსან ადამიანთან პაექრობა სასიამოვნო და სასარგებლო პროცესია.
16. დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.
პასუხი: კარგი იქნებოდა რუბრიკა: „მე ქუთაისის თვითმმართველობა ვარ“, სადაც ნებისმიერ ქუთაისელს მიეცემოდა საშუალება საკუთარი ხედვა წარმოედგინა ქალაქის განვითარების შესახებ.
17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?
პასუხი: სამყაროში ყველა ადამიანის გულში გაექრო ბოროტების და სიძულვილის გრძნობა.
18. როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.
პასუხი: არ ვეთანხმები ამ ფრაზას. არსებობს ნებისმიერი სულიერი. ცხოვრობს მხოლოდ მოაზროვნე.
19. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......
პასუხი: ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.
20. თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.
პასუხი: ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მხოლოდ ერთი: ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნებოდი ამომრჩევლისათვის და ჩემი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარებოდი მათ, რასაც ვასრულებ კიდეც გარდა იმ გამონაკლისებისა, როდესაც ფიზიკურად არ ვიმყოფები საქართველოში.
20. რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?
პასუხი: მაქსიმალურად ეცადეთ შეიცნოთ საკუთარი თავი.
21. რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?
პასუხი: მაქსიმალურად გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები ქალაქის განვითარების ხელშესაწყობად.