იურისტები მოქალაქეს 12 000 დოლარზე მეტი თანხის დაბრუნებაში დაეხმარნენ
თარიღი : 9-10-2014, 16:34 | კატეგორია: სამართალი

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.
2014 წლის ივნისის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს კონსულტაციისთვის მომართა მოქალაქე ი.დ.-მ. ის აცხადებდა, რომ დაზარალებული იყო თაღლითური გზით მისი კუთვნილი თანხის მითვისების გამო. ქალბატონი ი.დ. აცხადებდა, რომ მას მოტყუებით გამოსძალეს 12 300 აშშ დოლარი. მართალია ამის გამო თაღლითობაში ბრლდებული პიროვნება დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ დაზარალებულისათვის ეს არანაირ ნუგეშს არ წარმოადგენდა, ვინაიდან მისი თანხის გადახდა არავის დაუკისრებია დამნაშავისთვის.
ი.დ.-მ მის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემების გამო გადაწყვიტა გაესხვისებინა მის საკუთრებაში მყოფი სახლი ქალაქ სამტრედიაში, რა დროსაც მას დაუკავშირდა გ. ე. და შესთავაზა, რომ ბინის თანხის სანაცვლოდ გადასცემდა 8 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანას, ხოლო 5 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა ეტაპობრივად. ი.დ.-მ ვერ შეძლო აღნიშნული მანქანის რეალიზაცია და უკან დაუბრუნა გ.ე.-ს ხოლო ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა ბინის დაბრუნებაზე და თანხის გადახდაზეც, გადასცა მხოლოდ 700 აშშ დოლარი. აღნიშნულმა გარემოებამ კიდევ უფრო დაამძიმა ი.დ.-ს ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მან დახმარებისათვის სამართალდამცავებს მიმართა. გ.ე. ბრალდებულ იქნა ი.დ.-ს ბინის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ეს დიდი შეღავათი არ იყო დაზარალებული ქალბატონისათვის, ვინაიდან ბრალდებულს სასამართლოს განაჩენით არ დაკისრებია ი.დ.-სთვის თანხის გადახდა.
ასეთ მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი ი.დ. დაუკავშირდა დახმარებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს. იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტის ბელა ჭყონიას მიერ ი.დ.-სათვის მომზადებულ იქნა სარჩელი, სადაც დეტალურად იქნა აღწერილი გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია ი.დ.-ს დაზარალება, მოყვანილ იქნა არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაკისრებოდა თანხის გადახდა გ.ე.-ს, ასევე დართულ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მოსარჩელის პოზიციას. აღნიშნული სარჩელით ი.დ.-მ მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია და მოპასუხეს დაეკისრა ი.დ.-სათვის 12 300 აშშ დოლარის გადახდა.