Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეროვნული საგანძურის დაზიანებიდან იშვიათი გამოცემებით ვაჭრობამდე –რა ხდება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში?

topnews.com.ge
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში განყოფილებებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. პერიოდიკის განყოფილება იშვიათი გამოცემების განყოფილებას ეროვნული საგანძურის დაზიანების შესახებ ბრალდების შემდეგ, ბიბლიოთეკის რესურსის არამიზნობრივად გამოყენებასა და იშვიათი გამოცემების სავარაუდო გასხვისებაში ადანაშაულებს.
ბრალდების მხარე კი მის წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს.


დაპირისპირების ახალი მიზეზი

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებამ რამდენიმე კვირის წინ 1901 წლის გაზეთ "კვალის" რესტავრაციაზე მუშაობა დაასრულა. ბიბლიოთეკის არსებობის ისტორიაში ეს უნიკალურ პერიოდიკაზე სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარების პირველი შემთხვევაა. 2009 წლიდან ბიბლიოთეკაში სპეციალურად ამ მიზნით გადამზადებულ რესტავრატორებს ამ დრომდე იშვიათ პერიოდიკასთან შეხება არ ჰქონიათ.
მაღალი ხარისხით აღდგენილი გაზეთ "კვალის" ორი ეგზემპლარი ახლა იშვიათი გამოცემების განყოფილებაში ინახება, თუმცა, მაია მიქაბერიძე, რომელსაც ბიბლიოთეკაში არსებული ყველა პერიოდული გამოცემა წლების განმავლობაში ებარა, ირწმუნება, რომ უკვე რესტავრირებული ეგზემპლარები ბიბლიოთეკის საკუთრება არ არის. მაია მიქაბერიძის განყოფილებაში ვარაუდობენ, რომ გაზეთი ბიბლიოთეკაში არალეგალური გზით მოხვდა, რისი საბოლოო მიზანიც რესტავრირებული გამოცემის ქალაქიდან და შესაძლოა ქვეყნიდანაც გატანა იყო.

დაპირისპირებული მხარე ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ 1901 წლის "კვალი" ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ჩამოწერილ წიგნებს შორის აღმოაჩინა.

მალავდა თუ არა იშვიათი გამოცემების განყოფილება წლების განმავლობაში ბიბლიოთეკაში უნიკალური გაზეთის ორი ეგზემპლარის არსებობის ფაქტს, რატომ ჩაუტარდა გაზეთს რესტავრაცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში და როგორ აღმოჩნდა ჩამოწერილ წიგნებს შორის 1901 წლის უნიკალური გამოცემა? ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში სავარაუდო კანონდარღვევის ახალი დეტალების შესახებ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge კვლავ ექსკლუზიურად გიამბობთ.


ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ბიბლიოთეკაში იშვიათი პერიოდული გამოცემა "კვალის" (1901 წელი) ორი ეგზემპლარის არსებობის შესახებ ორი კვირის წინ შემთხვევით შეიტყვეს. როგორც პერიოდულ გამოცემათა განყოფილების გამგე მაია მიქაბერიძე ამბობს, მას რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელმა ლუიზა ვაჩიბერაძემ აღდგენილი "კვალი" რესტავრატორთა კვალიფიციურობის სადემონსტრაციოდ უჩვენა.
"გაოცებისგან დავიბენი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის 1901 წლის "კვალის" ნახვა თან ასეთ მდომარეობაში, მაშინ როცა ჩვენი პერიოდული გამოცემები დახეული და განადგურებულია. როცა რესტავრატორს ვკითხე როგორ აღმოჩნდა ეს გაზეთი მის ხელში, მივხვდი, რომ მან არც კი იცოდა რასთან ჰქონდა საქმე. იგივე რეაქცია ჰქონდა ბიბლიოთეკის დირექტორს ნარგიზა ჩოგოვაძესაც, როცა მომხდარზე ვუამბე და ახსნა–განმარტებითი ბარათიც დავწერე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ "კვალის" ამ ეგზემპლარების არსებობის და მათზე სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ იშვიათი განყოფილების გარდა არავინ იცოდა",–ამბობს მაია მიქაბერიძე.
როგორ აღმოჩნდა 1901 წლის "კვალის" ორი ეგზემპლარი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში?- ამაზე ცალსახა პასუხი აქვს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლს და იშვიათი განყოფილების სულისჩამდგმელს რიტა წაქაძეს.
პერიოდულ გამოცემათა განყოფილების ბრალდების მთავარი ადრესატი ამბობს, რომ დაპირისპირების საგნად ქცეული გაზეთი, იშვიათი გამოცემების განყოფილებამ რამდენიმე წლის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ჩამოწერილ წიგნებს შორის შემთხვევით აღმოაჩინა, სარესტავრაციო სამუშაოები კი მასზე მოგვიანებით დაიწყო.
"რამდენიმე წლის წინ, როცა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოწერილი წიგნები გამოგვიგზავნა, განყოფილებებმა ამოარჩიეს ფონდებიდან ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. სწორედ მაშინ აღმოჩნდა "კვალის" ეს ორი ეგზემპლარი, რომლებიც მაშინვე დადგა აღრიცხვაზე და ყველაფერი კანონიერად მოხდა. არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის. დანაშაულია ის, რომ გაზეთს რესტავრაცია გავუკეთეთ? მე ვერ დავივლიდი ყველა განყოფილებას და ვერ ვეტყოდი მათ "კვალზე" ვმუშაობთთქო",–ამბობს რიტა წაქაძე.

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, იშვიათ გამოცემაზე სარესტავრაციო სამუშაოების დაწყების შესახებ, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ინფორმირება სავალდებულოდ არც იშვიათი განყოფილების გამგეს რუსუდან კაშიას მიაჩნია. მაშინ, როცა ბიბლიოთეკის ათობით უნიკალური გამოცემა სავალალო მდგომარეობაშია და არც ერთ მათგანს რესტავრაცია იმ მოტივით არ ჩატარებია, რომ რესტავრატორებს სათანადო კვალიფიკაცია ჯერ არ ჰქონდათ, კაშია სარესტავრაციო გამოცემების პრიორიტეტულობას საკუთარ პრეროგატივად მიიჩნევს.
"განყოფილების უფროსს არ მაქვს უფლება თავად გადავწყვიტო საიდან და რომელი გამოცემით დავიწყო სარესტავრაციო სამუშაოები? სად ხედავთ აქ დანაშაულის კვალს? ყველაფერი ეს არის მიმართული რიტა წაქაძის წინააღმდეგ, რომ რიტამ დატოვოს ბიბლიოთეკა",–ამბობს რუსუდან კაშია და იქვე განმარტავს, რომ არ აპირებს რესტავრირებული "კვალი" პერიოდიკის განყოფილებას გადასცეს.

განყოფილებებს შორის 2009 წლიდან დაწყებულ დაპირისპირებაზე ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე პასუხსიმგებლობას არ იღებს. ჩოგოვაძემ, რომელიც დირექტორის პოსტზე 2011 წელს დაინიშნა, კონფლიქტის შესახებ ქუთაისის მერიას დოკუმენტურად გასულ თვეში პირადად აცნობა, თუმცა, მერიის აუდიტის სამსახურმა არაფერი იცის 1901 წლის გაზეთ „კვალის“ გამო დაწყებულ ახალ სკანდალზე.
ნარგიზა ჩოგოვაძე ახლა შვებულებაში იმყოფება. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საინფორმაციო სააგენტო topnews -ზე პოსტიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია განთავსდა. ჩოგოვაძე, რომელმაც მაშინ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, ორ დღეში თანამშრომლებისთვის მოულოდნელად შვებულებაში გავიდა.
საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ახლა უკვე ჩოგოვაძის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რადგან მიიჩნევს, რომ მას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად რიტა წაქაძე არ უნდა დაეტოვებინა. თანამშრომლები არ გამორიცხავენ,რომ წაქაძემ, რომელსაც ყველა დოკუმენტზე მიუწვდება ხელი, შესაძლოა ბიბლიოთეკაში არსებული დარღვევების კვალი წაშალოს.

ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები

მხარეების არგუმენტების მიღმა არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომელიც მომხდარზე ობიექტური სურათის შექმნას კიდევ უფრო ართულებს.
ამ თვალსაზრისით, "კვალის" თემის ყველაზე ალოგიკური ნაწილი გაზეთის იშვიათ განყოფილებაში აღმოჩენას უკავშირდება. ერთადერთი გზა, რომლითაც იშვიათი გამოცემა შესაძლოა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მოხვედრილიყო, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემის გაჩუქებაა, რაც არ მომხდარა. ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ პერიოდიკის ჩამოწერა საერთოდ არ ხდება და მით უფრო ეროვნული საგანძურის ჩამოწერა გამორიცხულია.
და თუ "კვალი" მართლაც აღმოჩნდა კონტეინერით ჩამოტანილ, მაკულატურაში ჩასაბარებელ წიგნებს შორის, ეროვნული საგანძურის შეცდომით ჩამოწერის შესახებ განყოფილების უფროსს და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობა ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და ეროვნული საგანძური უკან დაებრუნებია.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც შესაძლოა "კვალის" საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოჩენის გზის არსებულ ვერსიას ეწინააღმდეგებოდეს, გაზეთის ერთ–ერთ ეგზემპლარზე დასმული სახელმწიფო მუზეუმის ბეჭედია, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ 1901 წლის "კვალის" ზემოთ აღნიშნული ეგზემპლარები სამუზეუმო ექსპონატი იყოს.

მორიგი ფაქტი კი იმ პერიოდს უკავშირდება, როცა იშვიათი გამოცემების განყოფილებამ ყველა პერიოდული გამოცემა პერიოდიკას დაუბრუნა. იშვიათი განყოფილების უფროსი რუსუდან კაშია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პერიოდული გამოცემების შესაბამისი განყოფილებისთვის გადაცემის დროს გაზეთ "კვალზე" სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც ის განყოფილებას არ გადაეცა, თუმცა, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ იმ დროს "კვალზე" მუშაობა საერთოდ არ იყო დაწყებული.
რუსუდან კაშია ამბობს, რომ განყოფილებამ გაზეთის რესტავრაცია 2014 წლის 7 აპრილს დაიწყო. იმავე წლის 19 მარტით დათარიღებულ მოხსენებით ბარათში კი, პერიდულ გამოცემათა განყოფილების გამგე მაია მიქაბერიძე წერს, რომ მან დირექტორის, ნარგიზა ჩოგოვაძის ბრძანების საფუძველზე, იშვიათი გამოცემის განყოფილებისგან ჟურნალ–გაზეთები დაიბრუნა. ცალსახაა, რომ კაშიამ მიქაბერიძეს "კვალის" გარდა ყველა გამოცემა გადასცა.

ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტების პარალელურად "კვალის" საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას ის ფაქტიც ართულებს, რომ სარეგისტრაციო წიგნში, სადაც "კვალიც" არის შეტანილი, გამოცემები დათარიღებული არ არის, რაც მისი აღრიცხვის თარიღის დადგენას შეუძლებელს ხდის.

რა მოხდა სინამდვილეში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში და იკვეთება თუ არა კონკრეტული პირების ბრალეულობა 1901 წლის გაზეთ "კვალის" საქმეში? საკითხის შესწავლას ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახური სავარაუდოდ გააგრძელებს, რომელმაც მუშაობა, მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, ნოდარ მიქიაშვილის პირადი ბრძანების საფუძველზე კომისიის არაკვალიფიციურობის მოტივით შეაჩერა.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საქმის შემსწავლელი კომისია ქალაქის მერის შოთა მურღულიას გადაწყვეტილების მოლოდინშია.

საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge თემაზე მუშაობას კვლავ აგრძელებს.


ნანახია: 3357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 დღეში გადაწყდება შევა თუ არა საჯარო ბიბლიოთეკაში აუდიტი
წაქაძე ჩოგოვაძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს
ბიბლიოთეკის თანამშრომლები პროკურატურამ უკვე დაკითხა, საქმით ქუთაისის მერიაც დაინტერესდა.
თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიბლიოთეკაში დარღვევების კვალის წაშლა ხდება
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო

ამინდი