უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
თარიღი : 19-05-2014, 12:19 | კატეგორია: სამართალი

1. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას იწვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება?
პასუხი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად: ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება –გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას იწვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა?
პასუხი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა –გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
3. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას იწვევს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება?
პასუხი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად: კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით, −გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 500 ლარის ოდენობით.
4. კითხვა: რა სახის პახუხისმგებლობას იწვევს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა?
პასუხი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად: არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა –გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
5. კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობას იწვევს ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ?
პასუხი: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად: ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა –გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com