Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მავნებლური რეფორმა თუ გულგრილობა? - სკანდალი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში

თარიღი : 14-05-2014, 13:38 | კატეგორია: კულტურა, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალის წინაშე დგას. წლების წინ ეროვნული საგანძურის გადარჩენის მოტივით განხორციელებული რეფორმა, ამავე რეფორმის ავტორს შესაძლოა მინიმუმ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის ფასად დაუჯდეს. ინიციატივის ავტორს, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს რიტა წაქაძეს, საკუთარი თანამშრომლები სამსახურებრივ გულგრილობასა და ეროვნული საგანძურის მიზანმიმართულ განადურებაში ადანაშაულებენ. წაქაძე კი პროკურატურას სთხოვს იმ ადამიანებისგან დაიცვას, რომლებიც მას მუშაობაში ხელს უშლიან.
რა მოხდა 6 წლის წინ წინ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში? იყო თუ არა რიტა წაქაძის ინიციატივა დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკურ ბაზასთან შეუსაბამო და რა ზიანი მოუტანა იშვიათი გამოცემების განყოფილების შექმნამ ბიბლიოთეკაში დაცულ ეროვნულ საგანძურს?
საინფორმაციო სააგენტო topnews–ი ექკლუზიურად გიამბობთ ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 2007 წელს დაწყებულ დიდ გაუგებრობას უკავშირდება.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ყველაფერი ახალი დირექტორის მერაბ გვაზავას მოსვლით დაიწყო. დირექტორის პოსტზე გვაზავას დანიშვნის პარალელურად ბიბლიოთეკაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა. ქალაქში ათობით საქალაქო ბიბლიოთეკის ლიკვიდაციით დაწყებული რეფორმები, საჯარო ბიბლიოთეკაში იშვიათი გამოცემების განყოფილების შექმნით გაგრძელდა. სწორედ ეს ინოვაციური ნაბიჯი გახდა ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირების მიზეზი.
ყოფილ საკუჭნაოში ახალი განყოფილების გახსნას სკეპტიკურად შეხვდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რადგან, მათი თქმით იმთავითვე ცხადი იყო, რომ ასეთ პირობებში უნიკალური გამოცემების შენახვა მხოლოდ დააზიანებდა ეროვნულ საგანძურს. ამასთანავე, ახალ განყოფილებას არც სამკითხველო დარბაზი გააჩნდა და შესაბამისად მისი შექმნის საჭიროება იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ამის მიუხედავად, 2009 წლის 4 მაისს, სამეცნიერო დირეტქორის მერაბ გვაზავას ამავე რიცხვით დათარიღებული #27–ე ბრძანების საფუძველზე, პერიოდიკის განყოფილებამ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ 298 უნიკალური პერიოდული გამოცემა იშვიათ გამოცემათა განყოფილებას გადასცა.
ახლა უკვე ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ერთ–ერთი მთავარი შეცდომა, რის გამოც ნამდვილი დამნაშავის პოვნა შეუძლებელია, სწორედ მაშინ, გამოცემების ერთი განყოფილებიდან მეორეში გადატანისას მოხდა. კერძოდ, პერიოდიკის გატანის მომენტში არ გაფორმებულა არც ერთი აქტი, რომელიც დაადასტურებდა გატანილი გამოცემების რაოდენობას, მათ ვიზუალურ მდგომარეობასა და მატერიალურ ღირებულებას.
შესაბამისად, ვერც ერთი პრეტენზიის დასაბუთება, რომელიც პერიოდიკის განყოფილებას იშვიათი გამოცემების განყოფილებასთან აქვს, ვერ ხერხდება.
ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, როცა, 2014 წელს, პერიოდულ გამოცემათა განყოფილების გამგის მაია მიქაბერიძისა და ბიბლიოთეკის საბჭოს ძალისხმევით, უნიკალური გამოცემები კვლავ პერიოდიკამ დაიბრუნა. მაია მიქაბერიძე, რომელიც 2009 წელს საგანძურის უკეთეს პირობებში შენახვის დაპირების მიუხედავად გამოცემების ადგილმონაცველობის წინააღმდეგი იყო, ამბობს, რომ ჟურნალ-გაზეთების უმეტესობა დახეული და განადგურებულია, რაშიც ბრალი რიტა წაქაძეს და მის მიერ შექმნილი განყოფილების თანამშრომლებს მიუძღვით. 1921 წლამდე არსებული უნიკალური გამოცემების დიდი ნაწილი რომ სავალალო მდგომარეობაშია, ეს ერთი შეხედვითაც თვალსაჩინოა, თუმცა, ახლა ძნელია იმის მტკიცება როდის და ვის მიერ დაზიანდა ეროვნული საგანძური.
მაია მიქაბერიძე ერთადერთ არგუმენტად გამოცემების მუდმივად გამოფენებზე გატანას ასახელებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი 2009 წლამდე ეროვნული საგანძურის მოვლილ მდგომარეობაში ყოფნას ადსტურებს,.
"თუ ასეთი დახეული იყო ჟურნალ-გაზეთები, როგორ გავიტანდით გამოფენებზე და ვაჩვენებდით ხალხს? წაქაძემ და მისმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს ეს თავიანთი გულგრილობით. თვითონ მაგ განყოფილების თანამშომელი ამბობდა, რომ ერთმანეთზე ეყარა წიგნები და პრესა, ვიწრო თაროებზე ჰქონდათ უწესრიგოდ დაყრილი ყველაფერი. მოგეხსენებათ, ძველ პერიოდულ გამოცემებს განსაკუთრებული ფორმატი აქვს და ისეთ ვიწრო თაროები, როგორიც იმ ოთახშია აბსოლუტურად შეუსაბამოა. ბევრჯერ დავაყენე ეს საკითხი, მაგრამ გვაზავამ ფაქტიურად ხმის ამოღება ამიკრძალა, არადა, ჩემს თავლწინ ნადგურდებოდა ეროვნული საგანძური",–ამბობს მაია მიქაბერიძე.
მიქაბერიძე ირწმუნება, რომ 6 წლის შემდეგ დაბრუნებული პერიოდიკა არამხოლოდ დაზიანებული იყო, არამედ, რაოდენობრივადაც შემცირებული. მიქაბერიძე საგანძურიდან ორი გამოცემის (1894 წლის "მოამბე" და 1910 წლის "განათლება") დაკარგვაზეც საუბრობს.
დაზიანებული და შემცირებული გამოცემების უკან დაბრუნების ფაქტზე მიქაბერიძე ახსნა–განმარტებით ბარათშიც წერს.
"2014 წლის 19 მარტს... დავიბრუნე ჩემგან იძულებით გატანილი უნიკალური ჟურნალ–გაზეთები. თითქმის ყველა უკან დაბრუნებული ფონდი იყო დაგლეჯილი, განადგურებული. უმეტესობა აღდგენასაც აღარ ექვემდებარება",–ნათქვამია მოხსენებით ბარათში.
მიქაბერიძის მოხსენების საპასუხოდ, თითქმის ერთთვიანი ინტერვალით საკუთარ მოხსენებით ბარათს წერს იშვიათ გამოცემათა და რესტავრაციის განყოფილების გამგე რუსუდან კაშია. კაშია მისი განყოფილების მიერ უნიკალურ გამოცემებზე ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაობზე საუბრობს და იქვე განმარტავს, რომ მათი დაზიანება არავის შეეძლო, რადგან მკითხველი განყოფილების თანამშრომლების მიერ მუდმივი მეთვალყურეიბის ქვეშ იმყოფებოდა.
ეროვნული საგანძურის დაზიანებაში მკითხველის როლის გამოსარიცხად დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე მკითხველთა ფორმულარს გვიჩვენებს, სადაც მრავლადაა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და უნივერსიტეტების პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც მისი თქმით გამოცემების დახევას არ იკადრებდნენ. რიტა წაქაძე არ უარყოფს, რომ უნიკალური გამოცემები ახლა სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა, მათ დაზიანებას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, ხშირი გამოყენების გამო გამოცემები აღარ გამოიყურება ისე, როგორც ადრე.
"მე დღემდე მტკიცედ მწამს, რომ უნიკალური გამოცემები უნდა იყოს ცალკე და რომ მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რადგან ეს არის უდიდესი სიმდიდრე ბიბლიოთეკისთვის. რაც შეეხება იმას, რომ ძველდება და იხევა, რა თქმა უნდა ასე ხდება და ეს არც არის გასაკვირი. ამიტომაც გვყავს ჩვენ მრავალჯერ გადამზადებული რესტავრატორები. ამ ხნის მანძილზე უამრავი წიგნი ჩავსვით ახალ ყდაში, ავკინძეთ და განვაახლეთ. ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის ის ბრალდებები, რასაც ჩემი მისამართით ვისმენ.უამრავი კარგი საქმე გამიკეთებია ამ ბიბლიოთეკისთვის და ვგავარ იმ ადამიანს, რომ წიგნებს შეგნებულად ვხევდე? ეს ხომ აბსურდია, ცილისწამებაა. გამოვიძიოთ და თუ მე ვიქნები დამნაშავე, მზად ვარ პასუხი ვაგო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აგებენ პასუხს ცილისწამებისთვის",–ამბობს რიტა წაქაძე.
წაქაძის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში უკვე დაიბარეს რამდენიმე თანამშრომელი და ბიბლიოთეკის დირქტორის მოადგილე ნინო ძოწენიძე.
"ვერ გაგიგეთ რისი მოსმენა უნდოდა ჩვენგან პროკურატურას. გაოცებული შევედით და გაოცებული გამოვედით. მოვითხოვეთ განცხადების გაცნობა, მაგრამ უარი გვითხრეს. როგორც ვიცით, რიტა წაქაძე ამბობს, რომ ჩვენ ხელს ვუშლით მას რეფორმების გატარებაში. რეფორმებმა რაც მან აქ გაატარა, უკვე ძალიან დააზარალა ბიბლიოთეკა. თავიანთი გულგრილობით და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ფაქტიურად გაანადგურეს ეროვნული საგანძური",–აბობს ნინო ძოწენიძე.
საჯარო ბიბლიოთეკაში მიმდინარე მოვლენებს დიდხანს აკვირდებოდა დაწესებულების დირექტორი. ნარგიზა ჩოგოვძე ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან მომხდარზე დაუყოვნებლივი რეაქცია არ მოახდინა, დოკუმენტების შეგროვების აუცილებლობა იყო. დირეტქორმა დოკუმენეტები შეაგროვა და 6 წლიანი დაპირისპირების სამართლებრივ დეტალებს ახლა უკვე ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახური სწავლობს.
"როცა ეს ფაქტი მოხდა, მე არ ვმუშაობდი ამ ბიბლიოთეკაში. იშვიათი გამოცემის განყოფილებასთან დაკავშირებით რომ ბევრი შეუსაბამობაა, ეს ცალსახაა. ბევრი შეცდომაა დაშვებული პერიოდიკის გატანის დროს, არც ერთი ოქმი არ არის გაფორმებული, რაც კონკრეტულის მტკიცების საშუალებას არ იძლევა. არც მე მომწონს რომ იმ პატარა ოთახში, წებოს სუნში უნდა დაჯდეს მკითხველი და იმუშაოს უნიკალურ გამოცემებზე. სურვილი თავის მხრივ კარგია, მაგრამ ჯერ სათანადო პირობები რომ არ გვაქვს, ესეც ცხადია. რაც შეეხება იმას თუ ვინ დააზიანა გამოცემები, ვარაუდების დონეზე ვერ ვისაუბრებ",–ამბობს ნარგიზა ჩოგოვაძე.
სავარაუდოდ ვარაუდებს სრულად გამორიცხავს სპეციალური კომისია, რომლის შემქნასაც ნარგიზა ჩოგოვაძე ქუთაისის მერიას სთხოვს. რამდენი წევრით უნდა დაკომპლექტდეს კომისია, რომელიც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში 2007 წლიდან იშვიათი გამოცემების განყოფილების შექმნით დაწყებული გაუგებრობის დეტალებს შეისწავლის, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქუთაისის მერიასთან აიპი დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო ბიბლიოთეკაში კომისიას ადგილობრივი თვითმმართველობა შეუშვებს.
კომისიის მუშაობის პარალელურად კერძო ინიციატივით ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ იშვიათი გამოცემების განყოფილებაში. მათი თქმით, ექსპერტი გამოცემებზე მიყენებული ზიანის ხანდაზმულობას დაადგენს, რაც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.


ნანახია: 3670-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 დღეში გადაწყდება შევა თუ არა საჯარო ბიბლიოთეკაში აუდიტი
წაქაძე ჩოგოვაძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს
თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიბლიოთეკაში დარღვევების კვალის წაშლა ხდება
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო

ამინდი