Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘4’წლის ვიყავი მუსიკაში რომ შევედი, ამის შემდეგ მუსიკა ჩემი ცხოვრების წესად გადაიქცა,’-ახალგაზრდა ქუთაისელი მუსიკოსი, რომელიც ამერიკაში სწავლაზე ოცნებობს

თარიღი : 6-03-2021, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ჩვენი რესპონდენტი ახალგაზრდა მუსიკოსია. 15 წლის ნანუკა გორგოძე გვიყვება, რომ 4 წლის იყო, როდესაც ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში შევიდა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. მუსიკამ იმდენად გაიტაცა, სამომავლო პროფესიადაც აქცია და მეტიც, ამ სფეროს გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია.

"მუსიკის სფეროში 4 წლის ასაკიდან ვარ. ჩემი ნიჭი მუსიკათმცოდნემ ენი არსენიძემ აღმოაჩინა. დიდი დამსახურება მიუღძვის ჩემს ბებოსაც, რომელიც მე-8 კლასამდე სულ გვერდით მეჯდა და მამეცადინებდა. ამის შემდეგ მუსიკა ჩემი ცხოვრების წესად გადაიქცა. მუსიკის გარეშე ვეღარ ვძლებ. ბევრი ბედნიერი მომენტი სწორედ მუსიკას უკავშირდება. ჩემი გამზრდელი მასწავლებელი ანჟელა დოლაბერიძეა. ახლა ციცინო თოდუასთან დავდივარ, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. ორივეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. უკვე მეათე კლასს ვამთავრებ და ახლა, საკმაოდ რთული სახელმწიფო გამოცდა მელის წინ. ბევრს ვმეცადინეობ, მე-11 კლასში გადავდივარ და საკმაოდ დიდი პროგრამა მაქვს დასაკრავი,"-ამბობს ნანუკა.

ცდილობს გამოცდილება დაიგროვოს და განვითარდეს. ამიტომ, კონკურსებში აქტიურადაა ჩართული. ნანუკა როგორც ადგილობრივი, ისე არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
https://i.postimg.cc/y88nmmGG/021-A6-D47-9023-47-A6-9-E65-EA8-FAF1-F7-A5-D.jpg

"პატარა ვიყავი სხვადასხვა კონცერტზე რომ გავდიოდი. ვიყავი თბილისში კონკურსს "ვარსკვლავის აღმოჩენაზე". ამის შემდეგ თურქეთში მიმიწვიეს. აქედან დაიწყო კონცერტებსა და კონკურსებზე გასვლები საზღვარგარეთ. ვიყავი შვედეთში, სტოკჰოლმში, ესპანეთში, სადაც პირველი ადგილები ავიღე. ამასთან ამერიკაშიც, თუმცა მანამდე პირველი ტური საქართველოში გავიარე, რომელიც მერაბ ებრალიძემ ჩაატარა (ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტი). ამ კონკურსზე გავიმარჯვე და მიმიწვიეს ამერიკაში, სადაც გამოსასვლელი პროგრამა თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა ნუცა წირაქაძემ მომამზადებინა. ამერიკაშიც პირველი ადგილი ავიღე და გალაკონცერტზე ქართველმა ოპერის მომღერალმა, დავით ღვინიანიძემ მომისმინა. მისივე ინიციატივით, კარნეგი-ჰოლში დავუკარი. მაშინ ალბათ 12-13 წლის ვიქნებოდი, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო. ახლა მესამედ უნდა წავსულიყავი ამერიკაში და ავსტრიაშიც, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ვცდილობ არ გამოვაკლდე კონკურსებს. თუკი მოგეცემა შანსი, ხელიდან არ უნდა გაუშვა, გამოცდილება დაიგროვო და განვითარდე.

ჩემი დღის განრიგი ასეთია: დილით 08:00-ზე ვიღვიძებ, ვიწყებ მუსიკის მეცადინეობას, შემდეგ მივდივარ მასწავლებელთან და მასწავლებლიდან - სკოლაში (მეორე სმენა ვარ). სკოლის შემდეგაც მუსიკაზე მივდივარ. ყოველი დღე ასეთი მაქვს. შაბათ-კვირასაც არ ვისვენებ. სულ ვმეცადინეობ. ახლაც, პანდემია რომ იყო, ვიცავდი რეგულაციებს და მაინც დავდიოდი მუსიკაზე. ვერ გავჩერდი სახლში, ეს უკვე ჩემი ცხოვრების წესია. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ასეთ გრაფიკს და ჩემთვის რთული არაა,"-ამბობს ნანუკა გორგოძე.

ჩვენი რესპონდენტი სამომავლოდ კონსერვატორიაში სწავლას გეგმავს. ამბობს, რომ ამერიკაში, ჯულიარდის სკოლაში მოხვედრა მისი ოცნებაა. ამ ოცნების ასასრულებლად კი ბევრს იბრძვის.

"მიუხედავად იმისა, რომ არაერთ კონცერტსა და კონკურსზე ვყოფილვარ, სცენაზე გასვლის წინ მაინც ვნერვიულობ ხოლმე. სანამ გამოაცხადებენ ჩემს სახელს, არავინ არ უნდა დამელაპარაკოს. როცა დავჯდები როიალთან, უკვე სხვა სამყაროში ვარ. ვცდილობ მაქსიმალურად შევიგრნო ის მუსიკა, რასაც ვუკრავ და ეს მსმენელამდე მივიტანო. ჩემი დაკრულით მეც ვისიამოვნო და სხვებსაც მოეწონოს. საყვარელი კომპოზიტორი ბეთჰოვენი და მოცარტია. მოცარტის მუსიკა ძალიან სახასიათოა, მხიარული, რომ ვუკრავ მის ნაწარმოებებს ბედნიერი ვარ. თავადაც ასეთი ვარ შინაგანად. სულ ვიღიმი, ვცდილობ სხვები გავაბედნიერო.

ამ პროფესიას ბოლომდე გავყვები. სკოლას რომ დავამთავრებ, კონსერვატორიაში საზღვარგარეთ ჩავაბარებ, ალბათ ამერიკაში, ჯულიარდის სკოლაში. ეს ჩემი დიდი ოცნებაა და მიზნის მისაღწევად ვიბრძვი. ამისთვის, მთავარია მუშაობა და შრომა. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. ერთი დღეც რომ არ იმეცადინო, ბევრი რამე გაკლდება პიანისტს. ბევრჯერ მიფიქრია, რომ არა მუსიკა, რა პროფესიას გავყვებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც მუსიკამდე მოვდივარ,"-ამბობს ნანუკა გორგოძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 295-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი