Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნამახვანჰესების კასკადის აშენება რომ არ შეიძლება, ამაზე ორი აზრი არ არის,’-რას პასუხობენ ხელისუფლებას ადამიანები, რომლებიც 4 თვეზე მეტია ღამეს კარვებში ათევენ?

თარიღი : 4-03-2021, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მთავრობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციების მიზეზს მოსახლეობის არაინფორმირებულობაში ხედავს და მათთან შესახვედრად, რიონის ხეობაში მინისტრებს აგზავნის. პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰესების აშენება აუცილებელია.

მოსახლეობის პოზიცია კი თემასთან დაკავშირებით უცვლელია. Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივებთან დიალოგის მზაობას მიესალმება, თუმცა ნამოხვანჰესების კასკადის მშენებლობის გაგრძელების ნაწილში, უკომპრომისო პოზიცია აქვთ.

"ნამახვანჰესების კასკადის აშენება რომ არ შეიძლება, ამაზე ორი აზრი არ არის. პრობლემაა მიწის გადაცემის საკითხიც, ისიც რომ შეუსწავლელია გარემო, ანუ მთელი რიგი ფაქტორები არსებობს. ალბათ, მიაჩნიათ რომ ამ კითხვებზე უცებ გაგვცემენ პასუხს, ჩვენ დავკმაყოფილდებით, წავალთ და შემდეგი ორშაბათიდან განახლდება მუშაობა. ეს არის მათი პოზიცია და მიზანიც, ასე მოხდეს. მაგრამ ეს, მიწის გადაცემისა და კვლევების ჩატარების საკითხებს ხომ არ წყვეტს? თუკი გადაგვიწყვეტს ამ პრობლემებს მათი ჩამოსვლა, კი ბატონო. ზოგადად, იდეაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ კვლევებია ჩასატარებელი, ამას თავისი დრო სჭირდება, მიწა რომაა გადაცემული პრობლემაა და უნდა გადმოგვცენ უკან. ეს რაღაცები თუ მოგვარდება, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ჩვენ ამისთვის ვხვდებით, მივესალმებით რომ გამოთქვეს ჩვენთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამ ნაწილში უცვლელია. თუ უნდათ რომ უშუალოდ ეს პროექტი ამ ფორმით გაგრძელდეს ორშაბათიდან, რიგი ფაქტორების გამო ეს წარმოუდგენელია. ამაზე ჩვენ რომ დავთანხმდეთ, მაშინ გამოდის რომ ტყუილად ვდგავართ აქ 130 დღე. ეს ენერგეტიკულად არც მნიშვნელოვანი პროექტია იმიტომ, რომ სხვისია, ჩვენი არ არის. არც გარემოა შესწავლილი, საფრთხის შემცვლელია, ანუ ბევრი კითხვაა და რანაირად აპირებენ ხვალ, ერთი შეხვედრით ამოიწუროს არ ვიცი,"- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანი მიიჩნევს, რომ "ენკამ" უნდა დატოვოს ტერიტორია და გამოცხადდეს მორატორიუმი ჰესებთან დაკავშირებით, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში.

"ამასთან, დაიწყოს საჯარო დისკუსიები და მსჯელობები, რომ განისაზღვროს ზუსტად პოლიტიკა. ეს მათაც აწყობთ, 5 წლის მერე, როცა ყველაფერი კანონმდებლობით დადგინდება და მას ინვესტორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში ხარვეზები არ ექნება, მერე შეუძლიათ (5 წლის შემდეგ) ისე დაიწყონ მშენებლობა, წინააღმდეგობა არავინ გაუწიოს. ანუ განისაზღვრება ყველა დეტალი და როცა ამ ნაბიჯებს გადადგამენ, ასეთი ფაქტების წინაშე აღარ დადგებიან. ეს მათ უნდა აწყობდეთ პირველ რიგში. ჩვენ უფრო გრძელვადიანად ვუყურებთ პროცესებს, ვიდრე დღემეხვალია პოზიციით, როგორც ხელისუფლებაა. სჯობს გრძელვადიანში განისაზღვროს და მერე აღარ იყოს პრობლემა, ვიდრე მთელი ცხოვრება ხალხმა ჰესების წინააღმდეგობაში განლიოს, თორემ დრო ძალიან მალე გადის. მიშას დროს ვინც იბრძოდა ჰესების წინააღმდეგ, ის ხალხი იბრძვის დღესაც. მას შემდეგ 10 წელიწადია გასული. მაშინ რომ დაწყებულიყო გონივრული მსჯელობები, დღეს ხომ აღარ იქნებოდა ეს პრობლემები? მაგრამ, მაშინაც ძალმომრეობა იყო და დღესაც ძალმომრეობაა, ამიტომ არ ლაგდება სიტუაცია,"-განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მიწის გადაცემის საკითხი უნდა აწუხებდეს. ყოველ შემთხვევაში, მათ ხალხის პოზიცია უნდა გაიზიარონ.

"ხელისუფლებას რომ ასეთი პოზიცია აქვს მიწებთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჰესს კი არა, ყველა საზღვარს სცილდება ეს. გადავხედოთ სხვა ევროპულ სახელმწიფოებში როგორ ხდება, რა დამოკიდებულებებია მიწებთან დაკავშირებით. სად ხდება მიწების ამ ფორმით გადაცემა? გუშინ მერაბ მეტრეველმა თქვა არგუმენტად, მაინც უნდა დაიტბოროს ეს ტერიტორია (წყალი იქნება) და რა მნიშვნელობა აქვს, ვისი იქნება ეს მიწაო? მართლა ძალიან მიკვირს, ვერ ხვდება ეს ხალხი თუ შეგნებულად აკეთებს?- გაუგებარია, ისეთი მარტივი რაღაცების ახსნა გვიწევს, რომ მემგონი პატარა ბავშვებიც გებულობენ ასეთებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში აწუხებთ მიწის ამბავი და ჩვენთან რატომ არა? რა, უფრო კარგად გვაქვს საქმე რამე თვალსაზრისით?

რატომ მოვიდა ამდენი ადამიანი მოედანზე? იმიტომ რომ მათაც სტკივათ თავისი მიწა და იციან, რომ მართლები ვართ. შენი ქვეყნის მოსახლეობა რომ სხვანაირად ფიქრობს ამ საკითხზე, შენ რომ მისი არჩეული ხარ და არ ეთანხმები, ეს სერიოზული პრობლემაა. იგივე ბოკერიამ და გირჩმა რომ გააკეთეს განცხადება, მართლა გაუგებარია ეს პარტიები რატომ არ იზიარებენ ხალხის პოზიციას, ხომ უნდათ ამ ხალხმა ხმა მისცენ არჩევნებში? ხალხის პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა Topnews.com.ge-სთან.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნამახვანჰესის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს, რათა დატოვოს კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქუთაისის პიკეტირება დააანონსეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
ფოტო: გაგა მინდელი


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი