Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ცხოვრებაში რა წინაღობაც და რა სირთულეც არ უნდა გქონდეს, არასდროს უნდა გაჩერდე, უნდა დაისახო მიზანი და ამ მიზნისთვის ყველაფერი გააკეთო,’-წარმატებული ქუთაისელი მევიოლინის რთული გზა და ახდენილი ოცნება

თარიღი : 27-02-2021, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ჩვენი მორიგი რესპონდენტი 20 წლის წარმატებული მევიოლინე, ვიტალი კენჭაძეა. ვიტალი ქუთაისიდანაა. მევიოლინეობაზე თავიდან არც კი უფიქრია. ერთ დღესაც ცნობილი ნორვეგიელი მუსიკოსის, ალექსანდრე რიბაკის კონცერტი მოისმინა და მტკიცედ გადაწყვიტა, ამ პროფესიისთვის მთელი ცხოვრება მიეძღვნა. გვიყვება, რომ სამუსიკო სასწავლებლებში იმ დროს მიღება დასრულებული იყო, მაგრამ სწავლის სურვილი იმდენად მძაფრი იყო, დახურვის პირას მყოფ ერთ-ერთ სტუდიაში შეიყვანეს.

"ბავშვობაში ჭადრაკში დავდიოდი. რაღაც მიღწევები აქაც მაქვს, ძირითად შემთხვევაში საპრიზო ადგილებს ვიღებდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა ის შეგრძნება, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ერთხელაც, ასე 7-8 წლის ვიქნებოდი, ვნახე, რომ ევროვიზიაზე გამოდიოდა ნორვეგიიიდან ბიჭი, რომელიც ვიოლინოზე უკრავდა, ჰქონდა ვირტუოზული ნომერი და ამასთან მღეროდა. ეს იყო რიბაკი. ძალიან მოვიხიბლე, ამის შემდეგ ვთქვი, რომ მუსიკას მთელს ცხოვრებას მივუძღვნიდი (მანამდე ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მევიოლინე გავხდებოდი). იმავე წელს, იუმორინაში, გუჯა მარდალეიშვილი გამოდიოდა, ეს კონცერტიც ვნახე. იმდენად მომეწონა, დავხურე ჭადრაკის დაფა და ჩემს მშობლებს ვუთხარი: არც ერთი სპეციალობა არ მინდა, ვიოლინოზე შემიყვანეთ-მეთქი. ისეთი პერიოდი იყო, სამუსიკოებში მიღება დამთავრებული იყო. მაშინ დავუკავშირდით ჩემს პირველ მასწავლებელს, შორენა ზვიადაძეს და ვთხოვეთ დაგვხმარებოდა. გვითხრა, ქუთაისში ერთ-ერთ სტუდიაში მივსულიყავი, რომელიც უკვე დახურვის პირას იყო და ბავშვებს ეძებდნენ, თანახმა იქნებიან მიღებაზეო. მართლაც მიმიღეს, 3 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ პირველი ნაწარმოები დამეკრა ვიოლინოზე. მაშინ, ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ეს სპეციალობა ჩემთვის ახირება იყო. როცა მიხვდნენ, რომ ამ საქმეს სერიოზულად ვუყურებდი, შემიყვანეს მეორე სამუსიკო სკოლაში,"-ამბობს ვიტალი.

ამის შემდეგ კონკურსიდან კონკურსზე გადიოდა. პროფესიულად იზრდებოდა და ვითარდებოდა. ბევრს შრომობდა და წარმატება წარმატებაზე მოდიოდა. შედეგად, როგორც ადგილობრივი, ისე არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი გახდა.
https://i.postimg.cc/CMG5KkPP/B4-B00475-85-A3-46-C9-81-E4-BABEFFCF7-A5-E.jpg
"პირველი კონკურსი "დელფიადა" იყო, სადაც პირველივე გასვლაზე, 1-ლი ადგილი ავიღე. ამის შემდეგ იყო "მომავლის ვარსკვლავები", დუეტში ვუკრავდი ნინო ყიფშიძის ნაწარმოებს და მაშინ ეს წოდება ჩვენ მოგვანიჭეს (მეორე ჯერზე კი გრამპრი მოვიპოვე. "მომავლის ვარსკვლავის" ნომინაციაშიც მე გავიმარჯვე). რამდენჯერმე ვიყავი თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. ყოველთვის პირველი ადგილი ან გრამპრი ჩამომქონდა. ვიყავი სომხეთშიც, სადაც სრულიდან მარტო გავემგზავრე, მხოლოდ აკომპანიატორი იყო ჩემთან. რთულად მახსენდება, მაშინ 10-11 წლის ვიქნებოდი, თუმცა გავაანალიზე, რას ნიშნავს ცხოვრებაში მარტო სიარული. ზოგადად, შეიძლება გვერდში ბევრი ადამიანი გედგას, მაგრამ პირისპირ მაინც შენ აღმოჩნდები რაღაც სირთულესთან, რომელიც უნდა დაძლიო, ეს პატარა ასაკშივე გავაანალიზე. სომხეთში ლაურეატის წოდება მომანიჭეს. ხშირად გამოვდიოდი კონკურსებზე, რადგან მუსიკოსი, გარდა მეცადინეობისა, კონკურსიდან კონკურსამდე იზრდება. ამიტომ ყველგან ვიღებდი მონაწილეობას, სადაც კი შეიძლებოდა.

ვიყავი ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალზეც. როცა დავასრულე ნაწარმოები, კი იყო ტაში და ოვაცია, მაგრამ ჩემი დაკვრით კმაყოფილი არ ვიყავი. მაშინ შვედეთიდან პროფესორი ნატალია კაზიმიროვსკაია გვესწრებოდა. გამოაცხადეს, რომ ერთ მოსწავლეს შეარჩევდნენ და ესპანეთში, საერთაშორისო კონკურსზე გაუშვებდნენ. იმდენად ვაკრიტიკებდი ჩემს თავს, რომ მეტი შემეძლო და მეტი უნდა გამეკეთებინა, არ მოველოდი, რომ ჩემზე შეაჩერებდნენ არჩევანს. რომ დამასახელეს, რამდენიმე წამით თითქოს მთელი სამყარო გაჩერდა, შოკირებული ვიყავი, არაფერი მესმოდა. აქვე გეტყვით, რომ არ მახსოვს არც ერთი კონკურსი, რომელშიც ქუთაისის მერია გვერდში არ დამიდგა. მართლა მადლობელი ვარ. მათი დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ის ვარ, ვინც ვარ. მოკლედ, წავედი ესპანეთში აქაც მარტო. დილის 6-7 საათიდან იწყებოდა ჩვენი სამეცადინო გრაფიკი, გრძელდებოდა საღამომდე. სულ ვმეცადინეობდი, სანამ კონკურსს არ მოვილევდი, არ ვისვენებდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მაქსიმუმი მეჩვენებინა. ესპანეთშიც, ერთადერთი პრიზი, რომელიც შვედეთის სამეფო გიმნაზიაში ერთი წლით სწავლების დაფინანსებას გულისხმობდა (20 000 ევრო), მე მოვიპოვე. ვერ წარმომედგინა, ამხელა რამის მიღწევა თუ შემეძლო. როცა დავბრუნდი ქუთაისში, ოჯახის წევრები, მეგობრები, ტელევიზიები, ქუთაისის მერია აეროპორტში დამხვდა. ცხოვრებაში პირველად მქონდა მომენტი, როცა ამდენ ვინმესთან მიწევდა შეხვედრა. ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა, დასმულ შეკითხვებზე ავტომატურად ვცემდი პასუხებს,"-ამბობს ვიტალი კენჭაძე.

შვედ პროფესორებს იმდენად მოეწონათ, ერთი წლის ნაცვლად სამი წელი დაუფინანსეს. შვედეთში ყოფნის პერიოდს ვიტალი თავად გვიყვება.

"მოხდა ისე, რომ შვედეთში რაღაც პერიოდი ვერ წავედი. საბუთების გაკეთებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, ისიც კი გვითხრეს, რომ საბუთები დაეკარგათ და თავიდან გადმოაგზავნეთო. ამ საბუთების მოგვარებაში წელიწად ნახევარზე მეტი დავკარგეთ. მაშინ, დაუშვეს სამთვიანი ვიზები. მოვაგვარეთ ეს საკითხი და გავემგზავრე. შვედეთში უძლიერესი მევიოლინე, თავად ლეგენდების მოსწავლე მარკ პაუვერი მასწავლიდა. იმდენად მოვეწონე, დამატებით გაკვეთილებს სრულიად უსასყიდლოდ მიტარებდა. აქტიურად ვიღებდი იქ მონაწილეობას კონკურსებში, რამდენიმე კონცერტის ორგანიზატორიც კი ვიყავი, ამიტომ ბოლო დაჯილდოვებაზე მითხრეს, რომ კიდევ ერთ წელს დამიფინანსებდნენ. ცრემლებამდე მივედი ისე გამეხარდა.

ამის შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ეს იყო მამის გარდაცვალება. მაშინ 17 წლის ვიყავი. ჩემი პროფესიის გამო, ან საქართველოში დავდიოდი სხვადასხვა კონკურსზე, ან საზღვარგარეთ. არ მქონდა ის დრო გატარებული მამასთან, რაც მე მინდოდა. აწი ვიწყებდი მასთან ყველანაირ ურთიერთობას. ძალიან იმოქმედა ჩემზე მისმა გარდაცვალებამ. რაღაც პერიოდი ავიცრუე გული ვიოლინოზე. როცა შვედეთში ჩავდიოდი, დაკვრის ხალისი არ მქონდა. მაშინ პედაგოგმა მითხრა: არ არის იმის დრო გული აიცრუო, ბევრად მეტის მიღწევა შეგიძლია და გაჩერების უფლება არ გაქვსო. მოკლედ, ერთი დიდი ფსიქოლოგიური გაკვეთილი ჩამიტარა, თუ რა გაუხარდებოდა მამაჩემს, ჩემს ოჯახს და აშ. სადღაც ნახევარ წელზე მეტი ფსიქოლოგიური ტრამვა მქონდა, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდში მედგა, რომ არა ისინი, ალბათ ვიოლინოს თავს დავანებებდი, რადგან მქონდა იმის შეგრძნება, რომ ჩემი ბრალი იყო ის, რაც მოხდა. გადავლახე ეს პერიოდი და დავიწყე სერიოზულად იმაზე ფიქრი, რომ გასაჩერებელი დრო არ მქონდა, რადგან ჩემმა ოჯახმა, მთელმა ქალაქმა, მასწავლებლებმა და ა.შ ჩემში უზარმაზარი შრომა დადეს და არ მქონდა იმის უფლება, მათთვის იმედები გამეცრუებინა. მოკლედ, გავამტვრიე ჩემ წინ აღმართული დიდი კედელი და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი თავი მომეფხიზლებინა, ის ძველი შემართება დამებრუნებინა და დაკარგული დრო ამენაზღაურებინა. ამიტომ, მესამე წელიც დამიფინანსეს. როდესაც ბოლო არდადეგებზე ჩამოვედი აქეთ, პანდემია დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, ვეღარ წავედი და ონლაინ მომიწია სწავლა (ბოლო 6 თვე). ასე დავამთავრე მესამე წელიც. მქონდა შემოთავაზება, მეოთხე წელსაც დამიფინანსებდნენ (დაკარგული 6 თვის), თუ ჩავიდოდი, მაგრამ გზა ჩაკეტილი იყო და ვერანაირად მოვახერხებდი. ვთქვი, რომ აღარ მინდოდა როდესმე გავჩერებულიყავი ცხოვრებაში და დრო ისევ დამეკარგა, ამიტომ ჩავაბარე თბილისის ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიაში, უფასოზე,"-განაცხადა რესპონდენტმა.

დაისახე მიზანი და ყველაფერი გააკეთე ამ მიზნის მისაღწევად - ასე ჟღერს ვიტალი კენჭაძის წარმატების ფორმულა, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც უზიარებს.

"ბევრი მეუბნება, რომ სცენაზე საერთოდ სხვა ადამიანი ვარ. როცა სცენაზე ვდგავარ, მთელს გულს და სულს ვდებ დაკრულში, რომ მეც და მსმენელმაც უდიდესი სიამოვნება მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში რა წინაღობაც და რა სირთულეც არ უნდა გქონდეს, არასდროს არ უნდა გაჩერდე, უნდა დაისახო მიზანი და ამ მიზნისთვის ყველაფერი გააკეთო. რა სირთულეებსაც უფალი გვივლენს, თუ მას გადალახავ, გაიზრდები, განვითარდები და მიზანთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს იქნები. და კიდევ, საყვარელი ადამიანები უნდა გყავდეს გვერდით, ვისაც ენდობი, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,"-ამბობს ვიტალი კენჭაძე.

მისი თქმით, სამომავლოდ, ისევ საზღვარგარეთ გააგრძელებს სწავლას და კიდევ ბევრი წარმატებით დაგვიბრუნდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 748-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წარმატებული ქუთაისელი მევიოლინის, ვიტალი კენჭაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ამინდი