Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ოცნებას გარკვეულწილად სერიოზული სილა გაარტყა და მაქსიმალურად გაიჯახუნა კარები,’-გახარიას გადადგომას ქუთაისში აფასებენ

თარიღი : 18-02-2021, 22:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გიორგი გახარია ქვეყნის მეთაურის პოსტიდან გადადგა. განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

გახარიას გადაწყვეტილებას აფასებენ ოპოზიციური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების ხელმძღვანელები. "ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე მიიჩნევს, რომ პრემიერის გადადგომა სახელისუფლებო გუნდში არსებული შიდა დაპირისპირების კულმინაცია იყო.

"მისი გადადგომის მოლოდინი ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მქონია, თუმცა ის, რომ სახელისუფლებო გუნდში ღია დაპირისპირება იყო (გუნდი ფაქტიურად ჩამოიშალა), ამას ზედმეტი მტკიცებულება არ სჭირდებოდა. კონკრეტულად ამ შემთხვევას რაც შეეხება, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ რეჟიმმა "გაიჩალიჩა". ეს იყო კრიზისის კულმინაცია. გამოჩნდა, რომ გუნდის შიგნით დიდი დაპირისპირებაა და ასე სწორხაზოვნად არავინ უყურებს მოვლენებს. წარმოიდგინეთ რა ეტაპზე უნდა ყოფილიყო ეს დაპირისპირება, რომ ამ პანდემიის დროს, მთავრობიდან გარბის პრემიერი. გამოდის, რომ დღეს აპირებდნენ გავრილობის ღამეზე უარესი სპეცოპერაციის ჩატარებას და გახარიამ მეორეჯერ უბრალოდ აღარ აიღო პასუხსიმგებლობა,"-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ქვეყნის სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე ყოფნას უსვამს ხაზს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. დავით გოგისვანიძე ამბობს, რომ გახარიამ ეს დღეს თავად აღიარა.

"ეს ინფორმაცია კარგა ხანია ოპოზიციას აქვს, იგეგმებოდა გახარია გადაეყენებინათ და შეენაცვლებინათ ივანიშვილის უფრო ერთგული მსახურით, კობახიძით, თუმცა დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ერთი რამ: "ქართული ოცნებისთვის" სრულად მოულოდნელი იყო გახარიას ამ ფორმით, ამ სიტუაციაში და ასეთი განცხადებით წასვლა. ანუ გახარიამ "ქართულ ოცნებას" გარკვეულწილად სერიოზული სილა გაარტყა და მაქსიმალურად გაიჯახუნა კარები.

"ქართული ოცნება" ერთი ხელით ემუდარება და ეხვეწება ოპოზიციას, რომ შევიდეთ პარლამენტში, მეორე ხელით, ყველა გზას სჭრის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმება არ შედგეს. ძალიან დაბნეულები და უთავბოლოები არიან. ამ სიტუაციაში ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე, იქნებ მათ შეძლონ და დაარწმუნონ, რომ იმ გზით, რომელსაც დაადგნენ, ჩიხში შეჰყავთ საკუთარი თავიც და ქვეყანაც. მათ იცოდნენ, რომ ძალიან გაუჭირდებოდათ ნიკა მელიას დაკავება, გახარიაც ხვდებოდა, რომ ძალის გამოყენების გარეშე მელიას დაკავება შეუძლებელი იქნებოდა. ამ ძალის გამოყენებასა და მორიგ ჯერზე თვალების დათხრაზე, პასუხისმგებლობა აიცილა. ახლა ბურთი მთლიანად "ქართული ოცნების" მხარესაა, დაველოდოთ მოვლენებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. ვიღაც მაინც უნდა მოიძებნოს "ქართულ ოცნებაში", რომელსაც რაღაც დოზით გონება კიდევ შემორჩა, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან,"-ამბობს გოგისვანიძე.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გახარიას გადაწყვეტილებას მიესალმება. გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადადგომისთვის სწორი დრო შეარჩია.

"ამაზე დიდი ხანია იყო საუბრები, რომ კობახიძე ჩაწევდა გახარიას, მათ შორის მიდიოდა ბრძოლა. ვთვლი, რომ გახარიამ გადადგომისთვის სწორი პოზიცია და სწორი დრო შეარჩია. ახლა რა დარბევებიც და დაჭერებიც იყო მოსალოდნელი, მას "შეეტენებოდა" (როგორც 20 ივნისის მოვლენები). ამ შეტენვის მერე მაინც კობახიძე "მოუხაზავდა". ვთვლი, რომ მისთვის და ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა, დაემთხვა მისი და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს (როცა არ ემთხვეოდა, მაშინ არ დგამდა ამ ნაბიჯებს). მისასალმებელია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს გადადგომა არ აძლევს უფლებას, ოპოზიციონერად გამოაცხადოს თავი. გეტყვით იმასაც, რომ თუკი ვინმემ ხმა მისცა "ქართულ ოცნებას", მხოლოდ ივანიშვილისა და გახარიას ხათრით, ახლა კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე და ვოლსკი რომ დარჩა, ამათი ლეგიტიმურობა მინუსებშია ჩამოსული. “ქართული ოცნების” ნამდვილი სახე გამოჩნდა ახლა,"-ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს და ამბობს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

"გახარიამ მარტო უბრალოდ განცხადება არ გააკეთა გადადგომის შესახებ, მან თქვა, რომ "ქართული ოცნება" იჯდა და განიხილავდა რა უნდა მიესაჯათ და როგორ უნდა მოქცეოდნენ ნიკა მელიას (და არა სასამართლო, რასაც ჩვენ ვამბობდით). გახარიამ ფაქტობრივად დაადასტურა ისიც, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალადობის წინააღმდეგები ვართ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანა როგორმე გამოვიდეს კრიზისიდან. ნიკა მელიამაც გააკეთა ახლა განცხადება, რომ პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური, ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა, მზად არის ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან დაიწყოს ფასილიტატორების მონაწილეობით ერთადერთ საკითხზე მოლაპარაკება: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან სხვა გამოსავალი ამ კრიზისიდან, ფიზიკურად აღარ დატოვა ხელისუფლებამ,"-განაცხადა შუშანიამ.

დღესვე, “ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გიორგი გახარიას შემცვლელად თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 272-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი