Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“იმედიანი და ოპტიმისტი ვარ, ვცდილობ ყველაფერში სინათლე, ყველაფერში კარგი დავინახო, ამან გადამარჩინა, გამაძლიერა და გამაძლებინა”

თარიღი : 6-02-2021, 22:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

შემთხვევითი არ არის, რომ რუბრიკის მორიგ რესპონდენტად ელისო ქაროსანიძე შეირჩა. ქალი, რომელიც მთელი ცხოვრებაა იბრძვის. დაბრკოლებების მიუხედავად, ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია. იბრძოდა მაშინაც, როცა შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. თავი გადადო შვილისთვის, ოჯახისთვის, შემდეგ კარიერისთვის და ყველა მიზანს, რაც დასახული ჰქონდა, მიაღწია. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენი შრომის და ბრძოლის ფასად.

"რაც კი წარმატება მაქვს, ალბათ იმის დამსახურებაა, რომ საკუთარ თავზე სულ ვმუშაობდი. მუდამ ახლის ძიებაში ვიყავი. ამასთან, ყოველთვის ვიცი რა მინდა, მიზანი მაქვს და ამ მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძვი. არ მიყვარს უაზრო ბრძოლები, თუ შევატყობ სიტუაციას, რომ ისე არ გამოდის, როგორც მინდა, ან შეიძლება მივაღწიო მიზანს, მაგრამ ამან ჩემს ღირსებას ჩრდილი მიაყენოს, ასეთ დროს, თავს ვანებებ და ახალს, ჩემთვის სასიამოვნოს ვიწყებ. რაც გულით მინდა და რისი კეთებაც მსიამოვნებს, ყოველთვის ვაღწევ. ვფიქრობ, რომ მიზანდასახულობა წარმატების საწყისია, ამ მიზნისთვის თავგადადება კი - უკვე მიზნის მიღწევა,"-ამბობს რესპონდენტი.

იხსენებს, რომ ბავშვობიდან აქტიური იყო. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, სასწავლო დაწესებულების გაზეთს რედაქტორობდა. შემდეგ ქუთაისის უნივერსიტეტში, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა დაამთავრა, პარალელურად ხელოვნებათმცოდნეობასა და ჟურნალისტიკას დაეუფლა. გვიყვება, რომ წარმატება ეტაპობრივად მოვიდა. ბაღში, აღმზრდელის დამხმარის პოზიციიდან სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულების ხელმძღვანელის პოზიციამდე მივიდა. ყველა სფეროში მოსინჯა ძალები და თან, ყველგან წარმატებულად.

"ბაღში, ჯერ აღმზრდელის დამხმარედ ვიყავი, შემდეგ აღმზრდელად (საღამოს დაუსწრებელზე ვსწავლობდი, დღე ვმუშაობდი). მიმუშავია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში, კერძო ინსტიტუტშიც და უნივერსიტეტშიც. ვიყავი ბევრ სხვადასხვა სფეროში, მრეწველობაში, რკინიგზაში, ენერგოკომპანიაში, ტელევიზიაში. ვიყავი დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტური გამოძიების წარმომადგენელი, რამდენიმე ჟურნალში დღემდე ვიბეჭდები, როგორც მწერალი. შემდეგ მერიაში ვმუშაობდი კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილედ, 2015 წლიდან -2017 წლის ბოლომდე კი კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველად, ახლა იმავე დაწესებულებაში - მრჩეველი ვარ. ამასთან, მწერალთა კავშირის, საზოგადოება "ქუთაისელის", ჟურნალისტთა და ხელოვანთა კავშირის წევრი, მარიკა ბარათაშვილისა და ჩემთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანა კალანდაძის პრემიის ლაურეატი ვარ. ასევე ვარ მსოფლიო (ებრაული) ასოციაციის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში. ორი წლის წინ, ქუთაისის ქალთა საბჭოს თავმჯომარედ ამირჩიეს. 4 წიგნის ავტორი და რამდენიმე წიგნის რედაქტორი ვარ. პირველი წიგნი ჩემი ნახატებითაა გაფორმებული, სულ მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ პროფესიონალურად ვერ შევისწავლე და იკებენებისაგან ვაკეთებ ნამუშევრებს. სამი გამოფენა მქონდა სამხატვრო გალერეაში, ოპერასა და მესხიშვილის თეატრის ფოიეში. მქონდა შემოქმედებითი საღამოც, გიორგი სიხარულიძემ დადგა სცენარი. სულ სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი: კადრების, კანცელარიის, ადმინისტრაციის უფროსად, პიარ-მენეჯერად, მარკეტინგის სამსახურის უფროსად. საჯარო ბიბლიოთეკაში - დირექტორის მოადგილედ, მადლიერების სახლში -ადმინისტრაციის უფროსად, გერმანული ენის მასწავლებელად, ეთიკასა და ესთეტიკას ახლაც ვკითხულობ. დღეს თუ წარმატებული და შემდგარი ქალი ვარ, ეს იმ დიდი გამოცდილების დამსახურებაა, რომელსაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა სფეროდან ვიღებდი,"-ამბობს ელისო ქაროსანიძე.

ცხოვრების მთავარ მიღწევად შვილის ფეხზე დაყენებას მიიჩნევს. ამბობს, რომ ფაქტობრივად 15 წელი მოწყდა კარიერას, საზოგადოებრივ ცხოვრებას და ეს პერიოდი შვილს მიუძღვნა. მთელი ქვეყანა შემოიარა, ყველგან და ყველასთან მიყავდა, ოღონდ შვილი ფეხზე დამდგარი ენახა. ეს მისი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი იყო, მით უფრო, რომ მეუღლე ავად ჰყავდა, მაგრამ არ დანებდა, არ გაჩერებულა ერთი წამითაც კი.
https://i.postimg.cc/C1XFPg2y/18293-FCD-E80-F-4-EA9-977-E-1548-C482-CC7-B.jpg

"26 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა, რომელიც ბავშვთა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. ეკატერინე დღემდე ვერ დადის დამოუკიდებლად (33 წლის გახდა). ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ შევძელი, 12 წლის ასაკში დამდგარიყო ფეხზე, ეაზროვნა, ელაპარაკა, ყოფილიყო ქმედითუნარიანი, ჩართული საოჯახო პროცესში. მან შეძლო დაემთავრებინა ორი სასწავლებელი, მიიღო განათლება. ის არის ძალიან ჭკვიანი გოგო. ეს ჩემთვის, როგორც დედისთვის, ქალისთვის, ყველაზე დიდი წარმატებაა. ამისთვის თავგადადებული ვიყავი. კვირაში ერთხელ, მხოლოდ ორი საათით მივდიოდი სკოლაში და ვამეცადინებდი ბავშვებს, რომ განტვირთვა და სინათლე მქონოდა. ვიბრძოდი, რომ მეც გადავრჩენილიყავი, რადგან ჩემს შვილს ძლიერი დედა სჭირდებოდა. ის ორი საათი რომ არ გავსულიყავი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა.

ფაქტობრივად, 25 წლიდან - 40 წლამდე კარიერით დაკავებული არ ვყოფილვარ მანამ, სანამ ეკამ ფეხზე არ გაიარა. თბილისი, მოსკოვი, ევპატორია, საკი, ექიმები, ექიმბაშები, ექსტრასენსები, ფიზიოთერაპევტები, თუკი რამეს მეტყოდნენ, ყველგან მიმყავდა, არ გავჩერებულვარ. მაშინ არ ვიცოდი, რომ ბევრ რამეს არ ჰქონდა აზრი, მაგრამ მაინც ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. კარიერაში სხვაგვარად ვარ, რომ ვატყობ, ბრძოლას არ აქვს აზრი, იქ ვჩერდები, ვიწყებ სხვა კუთხით განვითარებას, მაგრამ აქ ეს ვერ გავაკეთე. მქონდა დიდი იმედი, რომ გაივლიდა ჩემი შვილი ფეხზე. ამ ბრძოლაში უკან დასახევი ყველა ხიდი და გზა დავწვი, ეკა აუცილებლად უნდა დამეყენებინა ფეხზე, რომ სხვა გზა არ არსებობდა.

ზოგადად ბრძოლისუნარიანი ვარ, ჩემში ებრაული სისხლიცაა. ალბათ ამ ხალხის სისხლი დამეხმარა იმაში, რომ არ წავქცეულვარ, სულ ვიბრძოდი. მკაცრი დედა ვარ, ეკას რომ მოვქცეოდი, როგორც უნარშეზღუდულ ბავშვს, შეიძლება ამდენი რამისთვის ვერ მიეღწია. მას ჩვეულებრივი ბავშვივით ვექცოდი, ვუწყრებოდი, ვავალებდი, დიდი მისაღები ოთახი გვაქვს, ვეუბნებოდი ყავა მოეტანა. წარმოიდგინეთ როგორ ვნერვიულობდი, რა დღეში მქონდა გული, როცა ცხელი ყავით მოდიოდა ერთი კუთხიდან მეორეში, მაგრამ, ამით მე მას განვუვითარე საკუთარი თავის რწმენა და ის მიეჩვია მოემზადებინა და მოეტანა. შემდეგ თვითონაც უხაროდა ეს. მას ვასწავლე თავად ჩაეცვა, მოევლო საკუთარი თავისთვის. უცებ შემეძლო გადამეცვა ტანზე, მაგრამ არა, ვუყურებდი, როგორ წვალობდა მაშინ, მაგრამ ახლა თავისუფლად, დამოუკიდებლად იცვამს, საჭმელს ამზადებს და ა.შ.,”-ამბობს რესპონდენტი.

შვილის ფეხზე დაყენების შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ პროცესებში და ადგილს იმკვიდრებს.

"ჯერ ენერგოკომპანიაში დავიწყე მუშაობა კანცელარიის გამგედ. მერე იყო ტელეკომპანია "რიონი", სადაც კადრების განყოფილების გამგედ ვმუშაობდი, შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად, მქონდა საკუთარი გადაცემა "კალენდრის ერთი ფურცელი", ასევე ვამზადებდი გადაცემას "საუბრები ლიტერატურაზე", ეს ნამდვილად ბედნიერი დრო იყო. საერთოდ, ჟურნალისტიკა არის ამოუწურავი, ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და განმავითარებელი ადამიანის. მე იმ დიდმა 12 წელმა (ადამიანური ურთიერთობები, ყველა სფეროში ჩახედვა), ძალიან ბევრი მომცა, რომ შემდეგ მიმეღწია წარმატებისთვის. ვმუშაობდი თბილისშიც რამდენიმე ჟურნალ-გაზეთში, პარალელურად, საინჟინრო ინსტიტუტში გერმანულ ენას ვასწავლიდი. სულ ვმოძრაობდი, ეს აუცილებელი იყო, ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი, მეორე შვილი სტუდენტი მყავდა. შემდეგ მერიაში, როცა კულტურის სამსახურის მმართველი ვიყავი, გამოვცადე ჩემი შესაძლებლობები. ვფიქრობ, მაქსიმუმი გავაკეთე, მე რაც შემეძლო. ძალიან კარგ გუნდთან ვმუშაობდი. მიხარია ისიც, რომ ახლაც აქ ვმუშაობ, ამჯერად მმართველის მრჩეველის პოზიციაზე და ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები,"-ამბობს ელისო ქაროსანიძე.

ჩვენი რესპონდენტი 4 წიგნის ავტორია. მისი კრებულები ნოველებს, ლექსებსა და პუბლიცისტიკას მოიცავს. ამჟამად მეხუთე წიგნზე მუშაობს. ამბობს, რომ წიგში 5 ნოველა შევა, რომელიც მამას მიუძღვნა და ამასთან, შვილიშვილისთვის დაწერილი საბავშვო ლექსები. სათაურიც სიმბოლური შეურჩია "გუშინ და ხვალ"...

"ბავშვობიდან ვწერდი. შვილის დაბადებამდე, პირველი დიდი რვეული, რომლის გამოცემაც მინდოდა, სამშენებლო ნარჩენებს გაჰყვა, ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის. შემდეგ, ტკივილი ალბათ მართლა აწერინებს ადამიანს. ჩემი ნოველა "ეკა, ეკუშა, ეკატერინე"- 2010 წელს წლის საუკეთესო ნოველად აღიარეს, შეტანილია ქართული პროზის ანთოლოგიაშიც. სულ დადებითი ემოციით ვწერ, არ მინდა ჩემი სატკივარი და საწუხარი ვინმეს დავანახო. ასეთი ვარ, ძალიან იმედიანი და ოპტიმისტი, ყველაფერში ვცდილობ კარგი დავინახო, ამან გადამარჩინა, გამაძლიერა და გამაძლებინა, თორემ, მე რომ რეალურად შემეხედა ცხოვრების მძიმე სიტუაციებისთვის, ალბათ, ასეთად ვერ დავრჩებოდი. ვცდილობ ყველაფერში დავინახო სინათლე, ბუნებითაც ასეთი ვარ, მუქი ფერები და სიცივე არ მიყვარს,"-ამბობს ელისო ქაროსანიძე.

განვლილმა წლებმა დიდი გამოცდილება შესძინა. ცხოვრების მთავარ ღირებულებად ადამიანურ ურთიერთობებს მიიჩნევს, რითაც საზოგადოების ცნობიერებაში რჩები და ცოცხლობ.

"მე ვგრძნობ ადამიანების სიყვარულს და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. მე შემეძლო წავსულიყავი ისრაელში, ჩემი ერთადერთი და, ნათესავები იქ, როგორც მოქალაქეები ცხოვრობენ, მაგრამ აქ, ჩემი ქალაქის და თანაქალაქელების სიყვარულმა დამტოვა. ცოტა ხნის წინ კოვიდი შემხვდა, სამი კვირის განმავლობაში ურთულეს მდგომარეობაში ვიყავი, ამ დროს დიდი სიყვარული, მხარდაჭერა და ყურადღება ვიგრძენი, მათ შორის თვითმმართველობის მხრიდან (ზაზა ლომინაძე, თემურ ნადირაძე, სოსო ხახალეიშვილი რომ არ გამოვყო არ შემიძლია). ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა, ყველა მირეკავდა. მაშინ ვიფიქრე, ამისთვის ღირდა ჩემი ბრძოლა-მეთქი. ამ პანდემიის დროს რომ ახსოვხარ ყველას-მეზობელს, მეგობარს, თანამშრომელს, ზემდგომს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. საუკეთესო მეგობრები მყავს, ისინი რომ არ დამდგომოდნენ გვერდით, ვერ გადავიტანდით მთელი ოჯახი.

ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საღი, ჯანმრთელი ადამიანური ურთიერთობებია. თუ ნამდვილი სიყვარული არ გაქვს, არ შეგიძლია არც ოჯახის სიყვარული, არც საქმის, არც მეგობრის, ქალაქის და ქვეყნის. კიდევ მთავარია, რას დატოვებ შემდეგ. კარიერა და სამსახური ადამიანს არ განსაზღვრავს, ადამიანი განსაზღვრავს კარიერას და სამსახურს. ბევრი მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ შემდეგ ისინი არავის ახსოვს, თუმცა, შეიძლება იყოს ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ, ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით ჩვენ. ადამიანი ქმნის საკუთარ თავს, ადამიანი ცოცხლობს მხოლოდ მაშინ, როცა ის აკეთებს რაღაც სასიკეთო საქმეს ხალხისთვის. ურთიერთობა ყველაზე ძვირფასია, ამ ურთიერთობით რჩები შენ, როგორც პიროვნება, საზოგადოების ცნობიერებაში მუდამ და დიდხანს,"-ამბობს ელისო ქაროსანიძე.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1036-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი