Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ზარალი დიდია,’-რა მოუტანა პანდემიამ და ონლაინგაყიდვებმა ბიზნესს ქუთაისში?

თარიღი : 20-01-2021, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საყოველთაო პანდემიამ მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. საშუალო და მცირე ბიზნესის შემოსავალი მკვეთრად დაეცა. კომპანიების უმეტესობა იძულებული გახდა პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გამო, ბიზნეს საქმიანობა (ანდა წარმოება) დროებით შეეჩერებინა, ზოგი კი ონლაინ გაყიდვებზე გადაერთო და თანამშრომლებიც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა.

აღმოჩნდა, რომ ონლაინ გაყიდვებმა დიდი ეფექტი არ გამოიღო და გარკვეულმა პრობლემებმა აქაც იჩინა თავი. იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ ქუთაისში არსებული რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელი ჩაწერა, რომლებიც ონლაინ გაყიდვების დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრებიან.

ავეჯის სახლი "ნიტა", რომელიც ქუთაისში წლებია ფუნქციონირებს და რომელმაც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, კლასიკური და თანამედროვე სამარკო ნიშნის ექსკლუზიური პროდუქციით თავი დაამახსოვრა, ახლა რთული გამოწვევის წინაშე დგას. მისი დირექტორი მირანდა ხეცურიანი ამბობს, რომ ავეჯის ონლაინ გაყიდვა რთულია საქმეა, რადგან მომხმარებლებს ამა თუ იმ პროდუქციის შეძენა ადგილზე მისვლისა და დათვალიერების შემდეგ სურთ. მისივე თქმით, რადგან მაღაზია დროებით დაკეტილია, უზარმაზარი თანხის პროდუქცია გაჩერებულია, შესაბამისად, ზარალიც დიდია.

"ონლაინ გაყიდვებს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. პირველ რიგში ის, რომ მომხმარებლებს საშუალება არ აქვთ მოვიდნენ ადგილზე და დაათვალიერონ ესა თუ ის პროდუქცია. ასევე, პრობლემატურად ხდება ახალი პროდუქციის შემოტანა, რადგან ვერ გიხერხდება გადასვლა და პროდუქციის იმ დოზით დათვალიერება, რომ რაც შენ გსურს, ის შემოიტანო ბაზაზე. შემოიტან და ვინაიდან მაღაზია დაკეტილია, მისი სრულად ნახვა ვერ უხერხდება მომხმარებლებს, ამიტომ გვიწევს თითოეულს ინტერნეტით მივაწოდოთ ყველა ფოტო, რომლებსაც კარგად ვერ აღიქვამენ, დარწმუნებულები არ არიან, რომ რასაც ამ ფოტოში ხედავენ, პროდუქტი ნამდვილად ასეთია. მათ სურს ადგილზე მოვიდნენ და ნახონ. ავეჯის ბიზნესში ონლაინ გაყიდვები ალბათ ყველაზე რთულია, რადგან ეს ისეთი თემაა, მომხმარებელი ერთჯერ და ორჯერ კი არ შემოდიოდა რაღაც პროდუქტზე, შეიძლება ერთი კვირა ევლო და შემდეგ გადაეწყვიტა ჩვენთან ყიდვა. პერსონალური ვიზიტები ინიშნება, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან მცირედი. უნდა იყო იმის მოლოდინში დაგირეკავენ თუ არა.

ქუთაისში "ნიტას სახლი"-ს მეორე ფილიალიც გავაღეთ და ამ პანდემიის გამო, ერთ კვირაში ისევ დავკეტეთ. უზარმაზარი თანხის კლასიკური მოდელების პროდუქცია გვაქვს გაჩერებული. რანაირი რეკლამაც არ გავუკეთეთ, ჯერ მაინც ვერ გაიგო მომხმარებელმა, რომ გაიხსნა კლასიკური ავეჯის სახლი "ნიტა". წარმოიდგინეთ, აქ რამდენი ათიათასი და ასიათასი დოლარის პროდუქციის გაჩერებაზეა საუბარი. ახლახანს სამი ტრაილერი უახლესი კოლექცია შემოვიტანეთ, ამ ყველაფერს რეალიზება ხომ სჭირდება? ბევრი მომხმარებელი დაგვეკარგა, განსაკუთრებით თბილისის ფილიალში. სხვათაშორის ქუთაისის ერთი ფილიალი ღიაა, რადგან იურიდიულად წყალტუბოს ეკუთვნის და რადგან პატარა რეგოიონები არ ჩაიკეტა, ქუთაისის ფილიალსაც არ შეეხო დაკეტვა. თუმცა, იმდენად გათავისებული აქვთ ხალხს, რომ ყველაფერი დაკეტილია, ჰგონიათ რომ ქუთაისშიც დაკეტილი გვაქვს ეს ფილიალი.

რთულ მდგომარეობაში ვართ. სამივე ფილიალი საბანკო ვალდებულებებით გვაქვს, ვალდებულება გვაქვს იმ კომპანიებთანაც, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. თუ რეალიზება არ იქნა, პერიოდულად როგორ გავუსტუმრებთ თანხას? ამდენი პრობლემის მიუხედავად, მაინც პოზიტიურად ვართ, ვდგავართ ამაყად, რომ როცა ჩამთავრდება ყველაფერი, იმ სახელით გაახსენდეს მომხმარებლებს "ნიტა", როგორითაც ახსოვთ. იმედებით ველოდებით 1-ელ თებერვალს, რომ მომხმარებლებს ვაჩვენოთ უახლესი მოდელები. ამასთან, ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა 2021-2022 მოდელების შექმნა უკვე დაიწყეს, 6 აპრილს მათი გამოფენა იგეგმება, ჩვენც მივდივართ რომ შევარჩიოთ და საქართველოს ბაზაზე შემოვიტანოთ,"-ამბობს ავეჯის სახლ „ნიტას“ დირექტორი მირანდა ხეცურიანი.

პანდემიისგან შექმნილ პრობლემებსა და ონლაინ გაყიდვების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებიც.

“ონლაინ გაყიდვებს უარყოფითი აქვს ის, რომ ყველა თანამშრომელი არ მუშაობს, შესაბამისად ხელფასებიც არ აქვთ, ეს პრობლემაცაა. ამასთან, ტრანსპორტი რომ არაა, ვინც ვმუშაობთ, მოსვლა გვიჭირს. მოკლედ, ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზია ქუთაისშია და ქუთაისი ახლა ეჩვევა ონლაინ გამოწერებს და ზოგადად, ონლაინ ცხოვრებას, შესაბამისად, გამომწერები ნაკლებად გვყავს,"- აცხადებენ ტანსაცმელების მაღაზია "ნიუ სთარში"

"რომ გითხრათ, ონლაინ გაყიდვებზე დიდი პრობლემები გვექნება-თქო, არა. ცუდი ისაა, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობა პირადად არ გვაქვს. რა თქმა უნდა სურთ მომხმარებლებს ადგილზე მოვიდნენ და ნახოთ ესა თუ ის პროდუქცია, მაგრამ მაინც გვენდობიან და ყიდულობენ, ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს,"- აცხადებენ "მეგატექნიკის" ქუთაისის ფილიალში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო მოლები და ბაზრობები 1-ლი თებერვლისთვის უნდა გაიხსნას.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფასდაკლებები ავეჯის სახლში 13, 14, 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და ის სრულ კოლექციას შეეხება.

ამინდი