Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

23 წლის ბიჭი, რომელიც ვაზის უძველესი ჯიშების პოპულარიზაციას ცდილობს

თარიღი : 18-01-2021, 10:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
23 წლის ახალგაზრდა, რომელიც აგროსექტორში თვითგანვითარებას ცდილობს - Topnews.com.ge ვიტალი კილასონიას წარმატებებისა და მიზნების შესახებ მოგიყვებათ. ჩვენს რესპონდენტს სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. ამბობს, რომ მისი ოჯახი აღნიშნულ საქმეში ყოველთვის იყო ჩართული, ამიტომ თავადაც სურდა, დარგი უკეთ შეესწავლა და სამომავლოდ ამ კუთხით ემუშავა.

"დავიბადე და გავიზარდე გურიაში, ჩოხატაურში. ვსწავლობდი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარულ ფაკულტეტზე. აღნიშნული მიმართულება მამაჩემმა მირჩია, თუმცა, ბავშვობიდან მაინტერესებდა სოფლის მეურნეობა, მინდოდა ამ სფეროში მეტი ცოდნა დამეგროვებინა და სამომავლოდ მემუშავა. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში. ძირითადად ღვინის ტურებს ვხელმძღვანელობდი დასავლეთ საქართველოში. ძალიან აპრობირებული იყო ქედის და ზოგადად, მთიანი აჭარის ღვინის ტურები. მსგავს თემატიკაზე რამდენიმე კურსი გავიარე, მათ შორის ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის კურსები. ერთი პერიოდი "ახალგაზრდა ჟურნალისტთა სახლშიც" ვიყავი მენტორად. ამის შემდეგ მთლიანად გადავერთე სოფლის მეურნეობაში. გავიარე სტაჟირება დეკორატიულ მებაღეობაში და თან, ჩემს ოჯახშიც დავიწყე სხვადასხვა პროდუქტის მოვლა-მოყვანა. მაგალითად, საზამთროს, მარწყვის და ა.შ. ამის შემდეგ ჩავერთე "გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის" (FAO) პროექტში. გავიარე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიული კურსი. ვიყავი ძალიან კარგი ფერმერის ოჯახში, ქედაში, ვმუშაობდი პომიდვრის სადემონსტაციო ნაკვეთზე. სტაჟირება რამდენიმეთვიანი იყო, ვაკონტროლებდი ნაკვეთზე სხვადასხვა დაავადებების არსებობას, სარეველების დათრგუნვას, დარგვას, დათესვას, ყველა პროცესს, რაც კი ხდება პომიდვრის შემთხვევაში. აქ ყოფნის პერიოდი ჩემთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ ამ პროექტმა საშუალება მისცა ადგილობრივ ფერმერებს შეენარჩუნებინათ და გაეზარდათ წარმოება.

შემდეგ, გამიმართლა და მოვხვდი "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში" (GIP). ასეთი პროექტი იყო - "მომავალ ლიდერთა სკოლა"(ELS), რომლის მონაწილეც ვიყავი. აქ შეხვდი ძალიან საინტერესო მომხსენებლებსა და მონაწილეებს. იყო მრავალფეროვანი თემატიკა: პოლიტიკა, რელიგია, ეკონომიკა, სოციოლოგია, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ა.შ... პროექტმა მომცა დიდი გამოცდილება და ამიმაღლა კვალიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით.

ამჟამად ჩართული ვარ "USAID"- ისა და "Farmentor"- ის ერთობრივ პროექტში ,,Fresh Herb’’, რომელიც ჯერჯერობით ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ველოდებით პანდემიის დასრულებას, ჩამოვა ებრაელ ექსპერტთა გუნდი და მათი მონაწილეობით, მათი გამოცდილების გაზიარებით სადემონსტრაციო ნაკვეთის შექმნა და სხვა ღონისძიებათა გახორციელება იგეგმება. ებრაელი ექსპერტები ძირითადად დასავლეთ რეგიონებზე მუშაობენ მწვანილების წარმოების კუთხით, ფიქრობენ, რომ იმერეთი საუკეთესო მხარეა მწვანილების საწარმოებლად. მეც ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვიქნები, რაც ძალიან მახარებს,"-ამბობს რესპონდენტი.

სურს, ჰქონდეს საკუთარი შიდამეურნეობა, ამისთვის ვაზის გურული ჯიშების გაშენებას აპირებს. გეგმავს სანერგე მეურნეობის განვითარებასაც, რომელიც რეგიონში ფერმერებს მოამარაგებს. გააგრძელებს მაგისტრატურაში სწავლასაც. ჯერჯერობით არ იცის რა პროფილით, თუმცა აუცილებლად აგროსფეროს შეეხება.

"ვაპირებ, თებერვალში გავაშენო ძველი გურული ჯიშის ვაზი - ოცხანური საფერე, თითქმის ნახევარ ჰექტარზე. ეს ჯიში იმერეთში, კერძოდ ზესტაფონშია გავრცელებული, თუმცა, სახელწოდება "ოცხანური საფერე" ამჟღავნებს სოფელ ოცხანასგან (გურია) წარმოშობას. საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან ბევრი ძველი ჯიში დაიკარგა, ზოგის წარმოება კი შემცირდა. ჩემი მიზანია ადგილობრივი ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია. ოცხანური საფერეს გარდა, ვფიქრობ სადემოსტრაციო ნაკვეთზე "მტევანდიდი"-სა და "მტრედისფეხა"-ს კვალი გავაკეთო. ყველა ამ ჯიშის საწარმოებლად კი ბიოლოგიური პრეპარატები და ბიოლოგიური წარმოების სქემა გამოვიყენო. ძალიან მინდა მარანის გაკეთებაც და აგროტურიზმის განხრით მუშაობა, თუმცა ეს დროისა და ფინანსების საკითხია.

ამასთან, გურია უნიკალური ადგილია კივის გასაშენებლად და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. ამიტომ, ვფიქრობ, ჰაივარდის ჯიშის კივის გაშენებას (ზელანდიური წარმოშობის). საკმაოდ მოთხოვნადია და რენტაბელური კულტურაა. დიდი სურვილი მაქვს, რომ პარალელურად ვაწარმოო ბოსტნეულის ჩითილები და გავაკეთო სანერგე მეურნეობა, რომელიც რეგიონში ფერმერებს მოამარაგებს. კულტივაციისთვის ძალიან მჭირდება პატარა მოტობლოკი, რათა უფრო გამიმარტივდეს შრომა. მინდა გავარკვიო რა პროექტებით შეიძლება მოვიპოვო.

ზოგადად, ინფორმაციას როცა იღებ, ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრო, ეს ინფორმაცია რაში გამოგადგება. გურიაში ვიცით ხოლმე თქმა "დავთესე და არ მოვიდაო". ამდენად, თეორიული ცოდნაც აუცილებელია და პრაქტიკაც, შეხედო, გაეცნო ადგილობრივების მაგალითს, ვინ როგორ და რატომ აკეთებს და სხვისი მოდელი გარკვეულწილად გადმოიტანო შენს საქმეში,”-ამბობს ვიტალი კილასონია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 600-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელებაც, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი ფერმის მოწყობა იგეგმება, სადაც ფრანგი
აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა

ამინდი