Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“13 წელია ძალიან რთულ გზაზე მოვდივარ, ჩემი დღე დილის 5 საათზე იწყება, 6-ზე უკვე სამსახურში ვარ. სადილსაც ვასწრებ, საქმესაც, მეგობრებთან ურთიერთობასაც”

თარიღი : 16-01-2021, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

რუბრიკის მორიგი რესპონდენტი ლილე ტუკვაძეა. ქალი, რომელმაც 13 წლის წინ, მიზნად დაისახა წინ ევლო და მას შემდეგ არ გაჩერებულა. დღეს თითქმის მთელი ქალაქი იცნობს. ლილე სამშენებლო კომპანია "გლობალ ჯგუფი 2019"-ისა და პურის სახლ "თავთავი"-ს აღმასრულებელი დირექტორია. ჩვეულებრივიდან საქმიან და წარმატებულ ქალად ჩამოყალიბების ეტაპები მარტივი არ ყოფილა.

"13 წლის წინ, დილით გავიღვიძე და თქვი, რომ ჩემს შინაგან "მე"-ს ასეთი ცხოვრება არ სჭირდება და მეორე დღიდან, ქალიდან ჩამოყალიბდა საქმიანი ქალი, უფრო მეტი კაცური თვისებებით. 13 წელია ძალიან რთულ გზაზე მოვდივარ, ჩემი დღე დილის 5 საათზე იწყება, 6-ზე უკვე სამსახურში ვარ. სადილსაც ვასწრებ, საქმესაც, მეგობრებთან ურთიერთობასაც (თუმცა, ცოტა გავანაწყენე ისინი, ხშირად ვერ ვნახულობ). ერთი წამიც არ მრჩება ვიფიქრო ცუდზე, უარყოფითზე. ჩემს უკან დგას ძალიან ბევრი ოჯახი, ამიტომ მოდუნების უფლება არ მაქვს. პირველ რიგში, ჩემი ოჯახის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა, შემდეგ, იმ თანამშრომლების წინაშე, რომლებიც ჩემთან მუშაობენ. ქვეყნის წინაშეც ხომ რაღაც წვლილი მაქვს, ბიუჯეტში შედის თანხები... სახლში, გვიან, 11-12 საათზე შევდივარ დაღლილი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ასეთი მოუსვენარი ცხოვრებისთვის ვიყავი ალბათ დაბადებული, ამ საქმეებში ვპოვე შვება. არჩევანის წინაშე რომ დამაყენოთ, მიუხედავად რთული გრაფიკისა, მაინც ასეთ ცხოვრებას ავირჩევ. მოტივაციას საქმის სიყვარული მაძლევს. მშენებლობა რაა?- უყურებ შენდება, შენს თვალწინ იბადება რაღაც პროდუქტი. იმის ყურებას რა სჯობს სართული სართულს რომ ემატება და ლამაზი შედეგი იდება. მაგალითად, თამარ მეფეზე არსებული "თეთრი სახლი", რომელიც ყველამ იცის, ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩვენი კომპანიის შექმნილია და ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. თუნდაც, პურის წარმოებაშიც, მე არ ვჩერდები, ყოველ დღე ახალ-ახალ პროდუქტს ვიგონებ, ვვითარდები. ეს ყველაფერი ჩემთვის მოტივაციაა,"- ამბობს ლილე ტუკვაძე.

ამბობს, რომ ქალისთვის სამშენებლო კომპანიისა და პურის საწარმოს მართვა საკმაოდ რთულია. თუმცა, კმაყოფილი მომხმარებლების დანახვა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამისთვის კი ბევრ მუშაობს.

"ქალი მშენებლობაში, ქალი პურის წარმოებაში - ეს ხომ არ არის მარტივი? - საკმაოდ რთულია. გარკვეული წლები მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში ვმუშაობდი, სადაც დაგროვილი მქონდა ის ცოდნა, რომელიც ამ კუთხით გამომადგებოდა. როცა შემოთავაზება მივიღე, მშენებლობის საქმეებში ხომ არ ჩავერთვებოდი, სიხარულით დავთანხმდი. ამდენად, ამ ცოდნის რეალიზება უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში ვპოვე. ძალიან ბევრი კმაყოფილი ადამიანი მყავს, პირველ რიგში ჩემი მობინადრეები. აი, რით განვსხვავდებით ჩვენ სხვა კომპანიებისგან? დღეს, ვინც ყიდულობს ბინებს, ხელზე იშვიათად აქვთ ფული, თითქმის ყველას სჭირდება ბანკის დახმარება. ამდენად, ყველა კლიენტს, რომელმაც ჩემთან ბინა შეიძინა, პირადად მივყვები ბანკში, რომ მიიღონ სესხი დაბალ პროცენტში, მათზე მორგებული პაკეტებით. არასდროს არ ვარ ისე, რომ აი, გავყიდი ბინას და დავიბან ხელს. სულ იმაზე ვმუშაობ, ის ბინადარი, რომელიც ჩემთან იყიდის ბინას, კმაყოფილი დარჩეს. ყველამ იცის, რომ ლილე ტუკვაძე მათ ფეხდაფეხ მისდევს, რათა კომფორტულად იყვნენ. ამასთან, შიდა ინტერიერის მოწყობაშიც ვეხმარებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. იმასაც კი ვასწავლი, სად უფრო იაფად იყიდება მასალები, რომ მათ შეღავათი იგრძნობ, ამიტომ ყოველთვის მოგვმართავენ ჩვენ.

რაც შეეხება პურის ბიზნესს, 13 წლის წინ, ჩვენ გვქონდა პურის ქარხანა ტურბაზა “რიონში”. საკმაოდ დიდი ქარხანა იყო, თუმცა დრომ მოიტანა და ვხედავდით, რომ ადამანებს სჭირდებოდათ საცხობები სახლებთან ახლოს. აქედან დაიბადა იდეა, ეს ქარხანა გადმოგვეტანა ქალაქში და შეგვექნა რამდენიმე ფილიალი. ასე გაჩნდა პურის სახლი "თავთავი". ამჟამად ორი ფილიალი გვაქვს ქუთაისში. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს გაჩერებულა ჩვენი საწარმო, არასოდეს დაგვიანებული ხელფასები არ მიმიცია თანამშრომლებისთვის. ამ პანდემიის პერიოდში მოგებამ დაიწია, თუმცა ფასები შენარჩუნდა. თანამშრომლებმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნეს. ძირითადად რაიონებში ცხოვრობენ და ყველა ჩამომყავდა მანქანით,"-ამბობს რესპონდენტი.

ლილე ტუკვაძე სხვებსაც ურჩევს, უარი თქვან ერთფეროვან ცხოვრებაზე, დაისახონ მიზანი და შექმნან რაღაც კარგი, რაც ცხოვრებას ბევრად უფრო მშვენიერს გახდის.

"დღეში უნდა დავიძინო 6 საათი და დანარჩენი ვიმუშაო, მე უკვე ამ რიტმში ვცხოვრობ დიდი ხანია. ამ 18 საათს ვანაწილებ ისე, რომ საქმესაც ვეყო, ოჯახსაც და მეგობრებსაც. მყავს ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან და სამუშაო პირობებს მიმსუბუქებენ თავიანთი პროფესიონალიზმით. მიწევს ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ აპარატთან დაპირისპირება, სულ ბრძოლაში ვარ, სულ... მაგრამ აქამდე მოვედი და იმედი მაქვს სულ წინ წავალ, უკან - არცერთ ვარიანტში. 13 წლის წინ მიზნად დავისახე, რომ უნდა ვიარო წინ და მემგონი შევძელი.

ბევრ ქალს ვაძლევ ხოლმე შენიშვნას, რატომ ზიხარ სახლში და აცდენ ფუჭად დროს, როცა შენ შეგიძლია რაღაც გააკეთო. მაგრამ, ალბათ ის დღე, მე რომ დამიდგა 13 წლის წინ, მათ ცხოვრებაშიც დადგება და როცა გაიღვიძებენ იტყვიან: არ გვინდა ეს ერთფეროვანი ცხოვრება, დავიტვირთოდ დამღლელად, გავაკეთოთ რაღაც კარგი, ამ დროს ცხოვრება გაცილებით მშვენიერია. სხვა ფერია, როცა მოტივირებული ხარ ხალხს ასიამოვნო, შექმნა რაღაც და სრულყოფილ ადამიანად იგრძნო თავი. როცა 13 წლის წინ ვფიქრობდი, რა სჯობს, კარგი ოჯახის ქალი თუ ქალი, რომელსაც ქალაქი, საზოგადოება ცნობს - არჩევანი გავაკეთე იმიტომ, რომ შეიძლება იმ ოჯახის ქალმა, პარალელურ რეჟიმში, საქმიანი ქალიც შექმნას. ლედი ტუკვაძეს ყველა იცნობს, იცით როგორია. როცა ვუყურებდი, რომ ჩემს გვერდით ვითარდებოდა ჩემი სხეულის ნახევარი, ჩემი სისხლი და ხორცი და მიდოდა წინ, შეიძლება ამანაც შეუწყო ხელი, მეც არ გავჩერებულიყავი და წინ მევლო, რომ ლედისთვის ეთქვათ, ეს ლილეს დაა, ჩემთვის-ეს ლედის დაა. ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები ჩემი საქმიანობის მიზანი არიან. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმისთვის, რომ მათ თავი კომფორტულად იგრძნონ,"-ამბობს ლილე ტუკვაძე.

სამომავლოდ, ფიქრობს, ფილიალს ფილიალი დაამატოს და ყველასთვის ცნობილმა პურის სახლმა "თავთავმა" ქალაქის სხვა უბნებიც მოიცვას. გეგმები ბევრია, თავად კი ისევ ჩვეული ენერგიით გააგრძელებს მუშაობას. არ დაიღლება, რადგან ყოველთვის გაიხსენებს იმ დღეს, როცა მისი წარმატების გზა დაიწყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 956-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
გოგი ხაზარაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“

ამინდი