Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ცუდსაც კი აქვს რაღაც დადებითი მხარე-იმაზე ბევრად ძლიერი ხდები, ვიდრე აქამდე იყავი. არ არსებობს წინსვლა, თუ რაღაც მარცხი არ განიცადე. მარცხი ყოველთვის გასწავლის, რა მიმართულებით მიყვე წარმატებისკენ მიმავალ გზას”

თარიღი : 3-01-2021, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

ჩვენი მორიგი რესპონდენტი ადვოკატი მარიამ ლევიძეა. ის ჯერ 28 წლისაა, თუმცა თავის საქმეში უკვე წარმატებულია. წარმატება კი როგორც თავად ამბობს, მარტივად არ მოსულა, ამისთვის დიდი გზის გავლა მოუწია. შეხვდა არაერთი დაბრკოლება, ჰქონდა ისეთი ეტაპებიც, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო, გადაწყვიტა პროფესიას ჩამოშორებოდა, მაგრამ არ დანებდა, ბევრი იშრომა, იბრძოლა და დღეს, ქუთაისს, მისი სახით, ძლიერი, პროფესიონალი და წარმატებული ადვოკატი ჰყავს.

"სწავლა და წიგნების კითხვა თავიდანვე, სიგიჟემდე მიყვარდა, ეს დედას დამსახურებაა, მან შემაყვარა. ბავშვობიდან მომყვება სწავლის დიდი სიყვარული. შესაბამისად, სკოლის, უნივერსიტეტის პერიოდში, სულ მქონდა ამბიცია, რომ ვყოფილიყავი წარმატებული და საუკეთესო, საუკეთესოთა შორის. სწავლა თბილისში გავაგრძელე, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობაზე. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდანვე კონკრეტული სპეციალიზაცია არ მქონდა არჩეული, ეს შემდგომ პრაქტიკამ მოიტანა. რისი კეთებაც მსიამოვნებდა პრაქტიკაში, სწორედ იმ მიმართულებას გავყევი.

უნივერსიტეტში ჩაბარების დღიდან ვცდილობდი, სხვადასხვა აქტივობაში ჩავრთულიყავი და ჩემი თავი მაქსიმალურად გამომევლინა. არ არსებობს რაიმე კონკურსი, საიდანაც თეორიული ან პრაქტიკული ცოდნა არ წამომიღია. სტრასბურგის უნივერსიტეტშიც ვიყავი გარკვეული პერიოდი ჯანდაცვის სფეროს კუთხით და იქაც მაქვს მნიშვნელოვანი სერტიფიკატი აღებული. ყველა აქტივობას ჩემი ცოდნის გაღრმავებაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში ვმუშაობდი იუსტიციის სახლში. ორივეს ვათავსებდი ერთმანეთთან. მინდოდა, რომ ბევრი რამე ერთად გამეკეთებინა მიუხედავად იმისა, რომ შვილებიც მყავდა, ასე ვთქვათ, ქალური, დედური და მეუღლური ვალდებულებები მქონდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემეძლო იმაზე მეტი, ვიდრე ვაკეთებდი. საკმაოდ კრიტიკულად ვუდგებოდი ჩემს გაკეთებულს, რადგან ვფიქრობდი, რომ იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია ადამიანს, ვიდრე აკეთებს. ზოგადად, რაც უფრო კრიტიკულად შეხედავ შენს გაკეთებულს, მით უფრო კარგად გამოგივა შემდეგი ნაბიჯი,"-ამბობს მარიამ ლევიძე.

მუდამ სიახლეების ძიებაში იყო. ის სიახლე და დამოუკიდებლობა კი, რაც სჭირდებოდა, ადვოკატობაში იპოვა. მალევე, წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდები და სტაჟირებასაც შეუდგა. უკვე ოთხი წელია, რაც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში მოქმედი ადვოკატია.

"დასაქმებული ვიყავი იუსტიციის სახლში თუმცა, ეს ჩემთვის ძალიან რუტინული სამსახური იყო, მჭირდებოდა სიახლეები და დამოუკიდებლობა. უცებ გადავწყვიტე, დამენებებინა თავი ამ სამსახურისთვის და ჩამებარებინა ადვოკატის გამოცდები, რაც მოულოდნელი იყო, არ დამიგეგმავს. მაგისტრატურასთან ერთად საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება დავიწყე. ფაქტობრივად 6 თვე ვიჯექი და ვკითხულობდი კონსპექტებს. უნივერსიტეტში ეს თეორიული მასალა განვლილი მქონდა, მაგრამ ყველაფერს ხელახლა ჩავუჯექი. იმდენად მყარად გამიჯდა ყველაფერი გონებაში, მაქსიმალური ქულა ავიღე ადვოკატის გამოცდებზე. ძალიან რთული გამოცდა იყო და როცა ქულა დავინახე, ვიამაყე, რომ ეს შევძელი. თან, მაგისტრატურის გამოცდებიც დამემთხვა და იქაც მაქსიმალური ქულა მივიღე, პლიუს ფრანგულის გამოცდები ჩავაბარე მაღალ ქულაზე, მოკლედ, ყველაფერი ერთად მოვასწარი. ამით რა მინდა ვთქვა: შრომისმოყვარეობას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

ამის შემდეგ უნდა გამევლო ერთწლიანი სტაჟირება, მივედი ცნობილ ადვოკატ ლედი ტუკვაძესთან, მაშინ 24 წლის ვიყავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რას დაინახავს შენში. ლედიმ მომცა უდიდესი მოტივაცია. დაინახა, რომ საქმის ძალიან დიდი სიყვარული მქონდა, მაქსიმუმს ვაკეთებდი, მთელი მონდომებით, ამიტომ თავადაც, ჩემს მცირეოდენ ნაბიჯს, დიდ მნიშვნელობას სძენდა, ბევრი რამე მასწავლა. მახსოვს, პირველი საქმე ძალიან რთული მომცა, ადმინისტრაციულის განხრით. მოხდა ისე, რომ მოვიგე, თანაც მოვუგე შსს-ს. ქეისი იყო კონკრეტული თანამდებობის პირის სამსახურის აღდგენაზე, რომელსაც განაცდურიც აუნაზღაურეს, თანამდებობაზეც აღადგინეს, მოკლედ, ყველა მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა. ამ საქმეზე ძალიან ბევრი ნაშრომი და ნაწვალები მქონდა, გამარჯვებამ კი მაჩვენა, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. როცა საქმეს ვუდგებოდი ისე, რომ მარტივად გამომივა, უკვე იქ ვხედავდი, რომ რაღაც ისე არ გამომდიოდა, როგორც მინდოდა, ამიტომ მაქსიმუმს ვაკეთებდი რომ მიზნისთვის მიმეღწია,"-ამბობს მარიამ ლევიძე.
https://i.postimg.cc/3RfB83QW/6-A506768-03-BA-42-CC-BD89-3-C792458-E06-D.jpg
დაბრკოლებები მის ცხოვრებაშიც ყოფილა, თუმცა საკუთარ თავში ძალა უპოვია და შინაგანად ბევრად გაძლიერებულა. ფიქრობს, რომ არ არსებობს წინსვლა, თუ რაღაც მარცხი არ განიცადე.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა არაა, სამართლიანობის ზენიტში რომ ვიყოთ, სამწუხაროდ არიან ისეთები, ვინც შედეგებს საკუთარი ფინანსებით აღწევენ, ეს პრობლემა სასამართლო სისტემაშიცაა. ყველა მოსამართლეს ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, მაგრამ ბევრი ძალიან მიკერძოებულია. მერე მოტივაციაც გეკარგება. არსებობს ცხოვრებაში ეტაპები, როცა ვიღაც გჯობნის იმით, რომ ვთქვათ, ვიღაცის შვილია და არა იმის გამო, რომ შენ უფრო ნაკლები რესურსი ჩადე შენი მიზნის მიღწევისთვის. ეს ყოველთვის გამაღიზიანებელი იყო, მით უმეტეს იურისტისთვის, ვისთვისაც სამართალი და სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ამიტომ, მქონდა მომენტი, რომ ვიფიქრე, მოდი გავანებებ თავს ამ პროფესიას, რადგან, როცა კონკრეტული საქმეების შედეგებზე დარწმუნებული ვიყავი, უსამართლობას და მიკერძოებულობას შევეჩეხე, რაც ჩემთვის მტკივნეული იყო. ყველა კლიენტის საქმეს ჩემად აღვიქვამ, მიტირია კიდეც და მინერვიულია, ასეთი უსამართლობა რატომ უნდა ხდებოდეს-თქო. თუმცა, ჩემი ერთ-ერთი კარგი თვისებაა ისაა, რომ არ მიყვარს დანებება. შეიძლება კონკრეტულ დღეს რაღაც ცუდი მოხდეს და უარყოფითად დავიმუხტო, მაგრამ ვპოულობ საკუთარ თავში ძალას, ვფიქრობ, რომ ეს არ არის დასასრული და უნდა ვიპოვო გამოსავალი, ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი. მეორე დღეს უკეთესის მოლოდინი მაქვს, ყოველთვის ნათელი გონებით ვხვდები. ვფიქრობ, ადამიანი ამოუწურავია და არასდროს არ უნდა დანებდეს, მხოლოდ საქმეში კი არა, ზოგადად, ცხოვრებაში. ბრძოლაა ცხოვრებაც. გამოცდილებისთვის ცხოვრებამ შეიძლება წინ რაღაც დაგახვედროს, მაგრამ ცუდსაც კი აქვს რაღაც დადებითი მხარე-იმაზე ბევრად ძლიერი ხდები, ვიდრე აქამდე იყავი. არ არსებობს წინსვლა, თუ რაღაც მარცხი არ განიცადე. მარცხი ყოველთვის გასწავლის, რა მიმართულებით მიყვე წარმატებისკენ მიმავალ გზას,"-ამბობს რესპონდენტი.

სურვილი და ქმედება - ასეთია ადვოკატისეული წარმატების ფორმულა, რომელსაც საზოგადოებასაც უმხელს.

"ჩემთვის წარმატების ფორმულაა, გქონდეს ძალიან დიდი სურვილი, კონკრეტული მიზნისკენ იარო. შემდგომი ნაბიჯი კი ქმედებაა, რა უნდა გააკეთო, ეს სურვილი რომ აისრულო. ქმედებაში მოიაზრება შრომისმოყვარეობა, რომელიც თავის მხრივ ბევრ რამეს მოიცავს, მხოლოდ ჯდომით ვერაფერს მიაღწევ,"- ამბობს მარიამ ლევიძე, რომელიც სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს.

"სამომავლოდ, ვფიქრობ რომ ჩავაბარო დოქტორანტურაზე. მინდა, თეორიული ცოდნა განვავითარო, მაგრამ ჯერ პრაქტიკით ვარ დაკავებული იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებთან მექნება დოქტორანტურაზე შეხება და მინდა ვიყო მზად ყველა იმ კითხვისთვის, რაც ახალგაზრდებს ექნებათ. მხოლოდ თეორიული კუთხით ახალგაზრდების კითხვებს ვერ დავაკმაყოფილებ, რადგან პრაქტიკაში აბსოლუტურად სხვაა სამართალი. ყოველი ახალი საქმით, ახალს ვსწავლობ და სიახლეებთან მაქვს შეხება, ამიტომ, მომავალში მინდა, კიდევ მეტი საქმე მქონდეს, იმისთვის რომ უფრო განვვითარდე, მეტი ბედნიერი და კმაყოფილი კლიენტი მყავდეს. სამომავლო გეგმაში ასევე, რა თქმა უნდა, მაქვს ბრძოლა იმ უსამართლობასთან, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მინდა სულ ამ სპეციალიზაციაში ვიყო, არ მინდა ოდესმე დავნებდე, სულ მქონდეს ის ბრძოლისუნარიანობა, რაც ახლა მაქვს. მინდა დავამტკიცო, რომ მარტო სკამი და თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი ღირებულება,"- ამბობს ადვოკატი.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1184-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი