Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელმაც ესტონელებს საქართველო გააცნო

თარიღი : 3-01-2021, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას იწყებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

პროექტის მორიგი რესპონდენტი 26 წლის ვახო კაჩუხაშვილია, რომელიც ახლა ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში სწავლობს. აქამდე მისასვლელი გზა კი მარტივი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. განათლებაც აქ მიიღო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებით. წარმატებული გზის დასაწყისის შესახებ, ვახო თავად გვიყვება.

"უნივერსიტეტის პერიოდში საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი. მონაწილეობას ვიღებდი ყველა ღონისძიებაში, ყველა ტრენინგში, რაც კი ტარდებოდა უნივერსიტეტში. ასევე, ვიყავი შიდასაუნივერსიტეტო გაზეთის რედაქტორიც (სტუდენტური თვითმართველობა აკეთებდა). სტუდენტობის პერიოდში დავიწყე მუშაობა ტელეკომპანია Mega Tv-ში, თავიდან უცხოეთის ახალ ამბებს ვაკეთებდი, შემდეგ კი მე და ჩემმა მეგობრებმა, საავტორო გადაცემის მსგავსი წამოვიწყეთ. ეს იყო დილის გადაცემა "ყავა თუ ჩაი", სადაც ვიყავი წამყვანი. ამასთან, ვებგვერდზე ადმინად ვმუშაობდი და ვწერდი ნიუსებს. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა "ჯეოსელში", უფროს კონსულტანტად. ამ პოზიციაზე ერთი წელი ვიმუშავე და ამ პერიოდში გადავწყვიტე წამოვსულიყავი ესტონეთში,"-ამბობს ვახო.

გამოცდილების დაგროვებასა და განვითარებაში ვახოს ის პროექტებიც მნიშვნელოვნად დაეხმარა, რასაც ქუთაისის მერია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. ამბობს, რომ მისი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდმა განსაზღვრა სამომავლო პროფესიის არჩევა.

"სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული მერიის პროექტებში. ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, რასაც მერიის ახალგაზრდული სამსახური ახორციელებდა. ამ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მახსენდება, ეს ახალგაზრდული ბანაკებია, სადაც თავიდან მონაწილედ, შემდეგ კი ტრენერად მივდიოდი ხოლმე. 4 ბანაკში ვიყავი ტრენერი, ვკითხულობდი სოციალურ მედიას. ჩემი ცოდნის დიდი მარაგის დაგროვება სოციალური და ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით, სწორედ ამ ბანაკებით დაიწყო. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი, ძალიან მაინტერესებდა მსგავსი აქტივობები და ჩავერთე.

ზოგადად, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ იქ ისმენ მოდულს და წინასწარ გაწერილ კურიკულუმს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ამავდროულად, იძენ ძალიან კარგ უნარებს, სწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას. იცნობ ბევრ ადამიანს, იძენ ბევრ კავშირს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს ადამიანები შემდეგ ყოველთვის გვერდში გიდგანან.

რაც შეეხება ტრენერობის პერიოდს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაშინ დავიწყე საგანმანათლებლო საქმიანობა. მიწევდა წინასწარ კურიკულუმის გამზადება, ტრენინგების, დღეების დაგეგმვა, მერე ამ ტრენინგების წარმართვა და ა.შ. სხვათაშორის არ იყო მარტივი, რადგან ბევრი ჩემზე უფროსი მყავდა ბანაკში, იყვნენ ჩემზე უმცროსებიც. ასეთი დიფერენცირებული სწავლება გიწევდა, რაც ძალიან საინტერესო იყო. ამიტომ, მაგისტრატურაც ამ მიმართულებით გავაგრძელე (განათლების კუთხით მივდივარ მაინც). ყოველთვის მეამაყება ის, რომ ქუთაისის ბანაკებში ვიყავი ტრენერი, ყოველთვის ვწერ ამას გამოცდილებაში, რადგან განათლების კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმა, სწორედ იმ პერიოდში დავიწყე და დღემდე მომყვება ის უნარ-ჩვევები, რაც მაშინც გამოვიმუშავე,"- ამბობს ვახო კაჩუხაშვილი.

და სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს: მოუწოდებს ჩაერთონ მსგავს პროექტებში, შეიძინონ უნარ-ჩვევები, დააგროვონ გამოცდილება და ამით გადადგან პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ.

"ქუთაისში ყოფნის პერიოდში ვხედავდი, რომ ახალგაზრდებს, მერიის მხრიდან მხარდაჭერა აშკარად ჰქონდათ იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სამსახურებს ედგნენ სათავეში, ნამდვილად მონდომებულები იყვნენ და ყოველთვის იდგნენ ახალგაზრდების გვერდით. არასდროს დამავიწყდება თამუნა ნიკოლეიშვილი, რადგან მისი იქ ყოფნის პერიოდში დაიწყო ჩემი ურთიერთობა მერიასთან, ამ ადამიანის გამო მიყვარს იქ მისვლაც და მათთან ურთიერთობაც, რადგან ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებსა და პროექტებს. რატომღაც, ახალგაზრდებისთვის მერია რაღაცნაირად პოლიტიკურად ჟღერს, სინამდვილეში, ეს ასე არ არის, ახალგაზრდული პროექტები არის წმინდად ახალგაზრდებისთვის შექმნილი, ეს მე ყოველთვის მომწონდა. მინდა ვუთხრა ყველას, რომ აუცილებლად ჩაერთონ მსგავსს პროექტებში, რასაც მერია ახორციელებს, მერიამაც, კიდევ მეტი უნდა გააკეთოს იმიტომ, რო ეს არის ახალგაზრდებისთვის ყველაზე კარგი შანსი, აიდგან ფეხი ამ სოციალურ ცხოვრებაში, გადადგან პირველი ნაბიჯები და ისწავლონ რაიმე ახალი და მათთვის საინტერესო,"-ამბობს ვახო.
https://i.postimg.cc/Z5TZMsd7/885-ABDFB-225-A-4-D27-8-FF6-BFC1-F550-DEEE.jpg
მერიის პროექტებსა და სხვადასხვა სამსახურში მიღებულ გამოცდილებას დღეს, უკვე ესტონეთში იყენებს. თავიდან მოხალისედ ჩავიდა, შემდეგ ტალინის უნივერსიტეტშიც ჩააბარა, "ციფრული შემეცნებითი თამაშები"-ს მიმართულებით. სწავლის პარალელურად, "აიტის" სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამასთან მენტორი, "Eco4GE"-ში კი - პროექტების მენეჯერია.

"ესტონეთში წამოვედი როგორც მოხალისე. ერთი წლის მანძილზე ვმუშაობდი საბავშვო ბაღში, ვეხმარებოდი მასწავლებლებს. ასევე, ვაკეთებდი ლეგორობოტიკისა (Lego Robots) და ოზობოტიკის (Ozobots) გაკვეთილებს ბავშვებისთვის, ყველა აქტივობაში ვიყავი ჩართული. ერთი წლის შემდეგ, როგორც კი დასრულდა ჩემი მოხალისეობა, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი ესტონეთში და ჩამებარებინა უნივერსიტეტში, რადგანაც რობოტიკაში საკმაოდ მყარად ვიდექი (უკვე ერთწლიანი გამოცდილება მქონდა) და განათლების სფეროც ძალიან მომწონდა. ვიპოვე ასეთი ფაკულტეტი "ციფრული შემეცნებითი თამაშები", სადაც ინტეგრირებულია კომპიუტერული თამაშები და განათლება. ჩვენ, ფაკულტეტზე ვქმნით თამაშებს, რომელიც ეხმარებათ ახალგაზრდებს ისწავლონ. რეალურად ეს არის შემეცნებითი თამაშები, მთელი მაგისტრატურა ამას ეძღვენა. ამ წუთას ვწერ თეზისს, თუ როგორ მუშაობს შემეცნებითი თამაშები სკოლებში, დაწყებით კლასებში.

გაგრძელება ქუთაისის მერიის ბანაკებს ის ჰქონდათ, რომ ამ წუთას მე, "აიტის" სკოლაში ( ITkool ) მასწავლებელი ვარ, ვასწავლი გრაფიკულ დიზაინს, ვექტორულ გრაფიკას და ვიდეო-მონტაჟს. რეალურად რომ ვთქვათ, იმ პროგრამებს, რომლებიც ვისწავლე საქართველოში, აქ მივეცი ფართო გზა. ასევე, ვარ პროექტების მენეჯერი "Eco4GE"-ში ( ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე ენჯეო ესტონეთში), ამავდროულად, მენტორობას ვუწევ საქართველოდან ესტონეთში მოხალისედ ჩამოსულ ახალგაზრდებს, მაქსიმალურად ვეხმარები გაიცნონ და ადვილად შეეჩვიონ ქალაქს,"-ამბობს ვახო.

ვახომ საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საპატიო მანდატიც მოიპოვა და ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ესტონეთში მცხოვრებ საქართველოზე შეყვარებულ ახალგაზრდებს, მან გუნდთან ერთად, ჩვენი ქვეყანა უფრო ახლოს გააცნო.

"ჩემი ახალგაზრდა ელჩობის პერიოდს რაც შეეხება, ეს იყო ძალიან მაგარი პროექტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული სახელწოდებით: "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ამ პროექტში მონაწილეობა მივიღე, გავაგზავნა ჩემი მონაცემები, წინასწარ გაწერილი პროექტების გეგმა, რომელიც განიხილეს, მქონდა გასაუბრება, გავიმარჯვე და ერთი წლის ვადით გავხდი ახალგაზრდა ელჩი. სამწუხაროდ, ამ კორონავირუსის პერიოდში საკმაოდ ბევრი პროექტი გადაიდო, ბევრი ღონისძიება გაუქმდა. მაგრამ, რამდენიმე ღონისძიების გაკეთება მე და ჩემმა გუნდმა (ესტონეთში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდებმა მაინც მოვახერხეთ. პროექტი სწორედ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. შესაბამისად, ყველა ღონისძიება, რაც ელჩობის პერიოდში მქონდა დაგეგმილი, ეხებოდა ქართულ კულტურას, გვქონდა ცეკვის, სამზარეულოს ვორქშოპები, ენისა და კულტურის სახელოსნო. გვყავდნენ დამსწრეები, ესტონელები, ესტონეთში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც ქართული კულტურით იყვნენ დაინტერესებულნი. მოკლედ, ამ ერთი წლის მანძილზე, მაქსიმალური გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის,"-ამბობს რესპონდენტი.

"ნებისმიერ საქმეში უნდა ჩადო შენი მაქსიმუმი და ისწავლო, რაც შეიძლება მეტი"- ასე აყალიბებს წარმატების მისეულ ფორმულას. მისივე თქმით, ყველა შანსი, რაც ჩვენ, ცხოვრების მანძილზე გვეძლევა, სამსახური იქნება ეს თუ რაიმე აქტივობა (რისი შესაძლებლობაც შეიძლება სხვა ადამიანებს არ ჰქონდეთ), მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.

"მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალ ანაზღაურებაზე მიმუშავია საკმაოდ რთულ პირობებში, ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმალური ჩამედო და მაქსიმალური ცოდნა მიმეღო. როცა ხვდები, რომ ამოწურე იქ შენი თავი, შეგიძლია წახვიდე, მაგრამ, სანამ ფიქრობ, რომ იქ შეიძლება რაღაც ისწავლო, გარკვეული პერიოდი უნდა დარჩე, მაქსიმალური ჩადო და ისწავლო, მით უმეტეს რომ ახალგაზრდა ხარ და გაქვს ამის უნარები. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. რა შრომასაც ჩადებ სხვადასხვა საქმეში, ყველაფერი გამოგადგება. ცოტას რომ გიხდიან და ვთქვათ, იმდენ პატივისცემას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ, ეს განმსაზღვრელი ფაქტორი არ უნდა იყოს. ყველა საქმეში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, რომ შემდეგ მიაღწიო წარმატებას. სადაც მიმუშავია, რა ხელფასზე, ყველა სამსახურიდან, ყველა ადგილიდან, ყველა აქტივობიდან წამომიღია ცოდნა. ამ ცოდნას დღეს ვიყენებ, ვიყენებ ისე, რომ შემოსავლის წყაროდ გადაკეთება შემიძლია. როცა ადამიანი მზად არის, ნებისმიერ საქმეში ჩადოს თავისი მაქსიმუმი, ის ყოველთვის იქნება წარმატებული. მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, განსაკუთებით მათ, ვინც საქართველოში ცხოვრობენ, რომ ნუ ჩაიქნევენ ხელს, რომ ერთხელ სცადეს და არ გამოუვიდათ, მეორედ სცადეს და დაბალანაზღაურებად სამსახურში მოხვდნენ და ა.შ ყველა ადგილიდან შეიძლება რაღაც ცოდნის წამოღება, ეს ცოდნა შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ,"-ამბობს ვახო კაჩუხაშვილი.

სამომავლოდ სად იქნება, ჯერ არ იცის, კვლავ ესტონეთში, სამშობლოში, თუ სხვა ქვეყანაში. თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეუძლია, არ გაჩერდება და კვლავ ისწავლის.

"წელს დასრულდება ჩემი მაგისტრატურა, დავიცავ თეზისს. სამომავლოდ, მინდა სწავლის გაგრძელება დოქტორანტურაში. შევხედავ რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში და შემდეგ გადავწყვეტ, ესტონეთში დავრჩები, საქართველოში დავბრუნდები, თუ სხვა ქვეყანაში წავალ. ვნახოთ რა იქნება. იმედია ეს კორონაც დაგვტოვებს და ჩადგენა მსოფლიო ძველებურ კალაპოტში,"-ამბობს ვახო კაჩუხაშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 752-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი