Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დახმარებები, რომელსაც ‘ქართული ოცნების’ ხელისუფლება მოქალაქეებს ჰპირდება

თარიღი : 6-08-2020, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ, ყველანი ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით მძიმე კრიზისს და პირველივე დღიდან ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეების სოციალურად ფართო წრეებისა იქნება თანმიმდევრული და გონივრული, აუცილებლობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტის ტრიბუნასთან დგომისას მთავარი პრეტენზია მოქალაქეების დახმარების რაოდენობას შეეხებოდა, რასაც გიორგი გახარიამ სპეკულირება უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მთავარი სწორედ მოქალაქეა, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდა.

„პარლამენტში როდესაც ტრიბუნასთან ვიდექი ძირითადი პრეტენზია იყო რატომ ეხმარებით ასე ცოტათი მოქალაქეებსო. ეს ყველაფერი არის სპეკულირება. მთავარი ჩვენთვის არის ჩვენი მოქალაქე, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდა და უბრალოდ უჭირს. შესაბამისად, ახლა ჩვენი და ჩემი ამოცანა, როგორც ამ მთავრობის ხელმძღვანელის არის მოქალაქეების მიზნობრივი დახმარება, სოციალური დახმარება, რათა ის მოხმარების დონე, რაც მათ ჰქონდათ და განსაკუთრებით ბავშვებს, მაქსიმალურად დავეხმაროთ, რომ როგორმე შეინარჩუნონ. რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკის გათვალისწინებით, რისი შესაძლებლობაც გვექნება სწორედ ასე, მიზნობრივად გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე. მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად პირდაპირი ფრენების აღდგენისა, ტურისტების რაოდენობა ძალიან ცოტაა.

„ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ რატომ და მიზეზშედეგობრივი კავშირი რა არის. როდესაც კრიზისი დაიწყო პირველი გამოვედით და ვთქვით, რომ ერთი - კომუნალური ხარჯები, მეორე - სესხების გადავადება და პირდაპირი მიზნობრივი მხარდაჭერა გვქონდა ტურისტული სექტორისთვის. ზუსტად 1 თვეში ნათელი გახდა, რომ ზღვაში წვეთია ეს საერთოდ და სასაცილო იყო უკვე ეს ციფრები. შემდგომ დავსხედით, ვიმუშავეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოვიზიდეთ დამატებითი რესურსები და გამოვედით და ვთქვით, რომ ყველა ადამიანმა, რომელმაც დაკარგა სამსახური ექნება 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულებს 300 ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და ა.შ. ამის შემდგომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვემზადებოდით, ეფექტურად ვმართავდით ეპიდემიის გავრცელებას და ვემზადებოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში საზღვრებს გავხსნიდით და ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორს - ტურიზმს ავამუშავებდით. ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის უდიდესი ეს იყო ძირითადი გათვლა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დაახლოებით ივნისში თუ არა ივლისში ტურიზმის ნელ-ნელა აღდგენას დავიწყებდით და ქვეყანაში შემოსავლები დაიწყებოდა, შემოსავლები, რომლებიც ეხება უამრავ ადამიანს, დასაქმებულს ტურიზმის სექტორში, რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ყველა ერთად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მაგალითად მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან, კიდე რამდენიმე ქალაქთან, ზღვაში წვეთია. თითო ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს და, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ის რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში. არავინ თვლის დღეს, რომ გამოსავალს იქიდან რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში იპოვის წლის ბოლომდე, ან თუნდაც მომავალი წლისთვის. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, რომ არა stopcov ფონდი, ამას მთავრობა ვერ გააკეთებდა, ვერ დაეხმარებოდა ბავშვებს ასეთი რაოდენობით .

პირველ რიგში, მთავრობის პასუხისმგებლობაა დაეხმაროს მოქალაქეებს, საქართველოს ოჯახებს იმისთვის, რომ სოციალურად, შედარებით შევინარჩუნოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები მიჩვეულები არიან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ბავშვები არიან.

„ამიტომ, მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი. რა გგონიათ, ეს ერთ დღეში გადავწყვიტეთ? ან მარტო ჩვენ? ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ მწირე რესურსის გათვლით, სამართლიანი და გონივრული გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით. ჩვენ რომ არ გვქონოდა stopcov ფონდი, ამას ვერ გავაკეთებდით, ვერ დავეხმარებოდით ბავშვებს ასეთი რაოდენობით. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ამოცანა რა არის, ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პირობებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, იმისთვის, რომ პირველ რიგში, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე გათვლილი სოციალური დონე მოხმარების როგორმე შევინარჩუნოთ წლის ბოლომდე. მერწმუნეთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს. ეს არის მხოლოდ მიზნობრივი სოციალური დახმარება მოქალაქეების და მე კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვთვალო და ლოგიკაც მინდა აგიხსნათ, იმიტომ, რომ ერთია, როდესაც ვსაუბრობთ სოციალური ჯგუფების მიზნობრივ დახმარებაზე, მაგალითად ტურიზმში დასაქმებულების, გიდების და ა.შ. არა, ეს დრო გავიდა, ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება. ამიტომ ვამბობთ, რომ კომუნალური ხარჯები, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს ყველაზე მაღალი გადასახადები აქვთ, ეს არის ზამთრის თვეები - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. ის, რაც დავიწყეთ, უნდა გავაგრძელოთ. ეს ერთი, ამაში ხომ ახალი არაფერი არ არის. შემდგომი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯები საქართველოს მოქალაქეების ოჯახების, რა თქმა უნდა, ბავშვებზე და ამიტომ, ყველა ბავშვს, 17-წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაფინანსებაზე. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოწვეული მიზეზების გამო, ქართველმა სტუდენტებმა სწავლის პროცესი არ შეაჩერონ.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს. სოციალურად ფაქტობრივად დაუცველი, 150 000 ქულამდე, საქართველოს მოქალაქეები, სტუდენტები, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფასურის გადახდის გამო აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი, რა თქმა უნდა, მათ უნდა მივეხმაროთ. 99 პროცენტ შემთხვევაში არის კრიზისის პირდაპირი ზემოქმედება, შედეგი. ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი, ასევე სოციალურად 150 000 ქულამდე, შემდგომი ერთი წლის განმავლობაში და ეს არის 2 250 ლარი ერთი წელი. ამ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 33 000 სტუდენტი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს ეკონომიკურ კრიზისში, თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო არ დატოვებს.

„ერთხელ მახსოვს პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო, დაეხმაროთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ-მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ გავიხსენებ მეთქი თქვენს რჩევას და ვიხსენებ ახლა ამ მომენტს. მაშინვე ვამბობდით ჩვენ პირველივე დღიდან, რომ ეს დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანი, ამას ვაგრძელებთ, ამას ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მე-3 ეტაპი. მერწმუნეთ, სამწუხაროდ ისე ვითარდება სიტუაცია რომ იქნება მე-4 ეტაპიც და შესაძლებელია იყოს მე-5-ც და რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში, თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო? - არა, რა თქმა უნდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

„კომუნალური დახმარების ნაწილში ეს არის დაახლოებით 200 მლნ ლარი, ბავშვების დახმარების ნაწილში, დაახლოებით 170 მლნ ლარი. სიმართლეს ხომ აქვს რაღაც ფასი. ბოლო 5 თვის განმავლობაში ძირითადი დარტყმები, კრიტიკა მოდიოდა იმაზე, თუ თვითდასაქმებული ადამიანები როგორ დაადასტურებდნენ თავიანთ საქმიანობას. თქვენ ისეთი მკაცრი წესები დააწესეთ, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები განაცხადს აკეთებენ და დახმარებას ვერ იღებენო. სინამდვილეში, მართლაც 250 000 განაცხადია გაკეთებული ერთჯერად დახმარებაზე 300 ლარიანზე, რომელიც ეკუთვნით თვითდასაქმებულებს. აქედან ნორმალური დასაბუთება დოკუმენტაციის თვალსაზრისით ჰქონდა 170 000 ადამიანს და რა თქმა უნდა მათ ეს დახმარება მიიღეს. ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მშობლებთან ერთად ელოდება გამოძიების შედეგებს და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, მას შეხვედრასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

„მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგად და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. როდესაც ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია რაც უდიდესი რისკია ქვეყნის მომავალი თაობისთვის.

„მე არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხორციელდება. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არავის არ უნდა მიცეთ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უდნა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


ნანახია: 110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული, სივრცითი

ამინდი