Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადგილები, რომელიც ვანში აუცილებლად უნდა ნახოთ

თარიღი : 28-05-2020, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ინფორმაციას ვანის, როგორც ახალი ტურისტული ლოკაციის შესაქხებ.

ვანის იმერეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. ქუთაისიდან ის 41 კმ-ით, ხოლო უახლოესი აეროპორტიდან (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი) 30 კმ-ით არის დაშორებული. უახლოესი სარკინიგზო სადგური (სამტრედია) ვანიდან 28 კმ-ით არის დაშორებული. ვანი ესაზღვრება წყალტუბოს, ბაღდათს, გურიის მხარეს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. მთავარი მდინარეებია: რიონი, სულორი, ყუმური და ფერეთა. კლიმატი საშუალოდ სუპტროპიკულია და ზოგიერთ ადგილას კონტინენტალური -ალპური. რაიონის მთლიანი ტერიტორიის 78% მთიანია, დანარჩენი კი დაბლობი.

ვანში იწარმოება სოფლის მეურნეობის შემდეგი პროდუქტები: სიმინდი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ყურძენი, ხილი, ხორცი, დაფნა, ჩაი და ა.შ.

ვანი მდიდარია თერმული და მინერალური წყლებით. არსებობს საკურორტო ზონები, რომლებიც რეაბილიტაციას ითხოვს. ვანში მოსახლეობის რაოდენობა 35 824 ადამიანს შეადგენს.
ადგილები, რომელიც ვანში უნდა ნახოთ:
https://i.postimg.cc/Zn5MXgDh/D1-A2-B704-7-BEC-4-C89-B393-CB48-C7-FBA807.jpg
ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და მუზეუმი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალ, ოთხსართულიან შენობაში პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი.

შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. პროექტის დასრულების შემდეგ ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და ასევე სრულად აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტებს.

ვანის ანტიკური ნაქალაქარი 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში არის შეტანილი.

მუზეუმი მდებარეობს ახვლედიანების გორაზე, ქალაქის ცენტრში. გადმოცემის მიხედვით, ლეჩხუმელი თავად-აზნაური ახვლედიანები რაღაც გაურკვეველი კონფლიქტის გამო გადმოსახლებულან ლეჩხუმიდან ვანში და ადგილობრივ თავადთა გვარ ჩიჯავაძეების დახმარებით ამ გამორჩეულ ადგილას დასახლებულან. მოგვიანებით მათი აზნაურებიც გამხდარან. თავად ჩიჯავაძეთა სათავადოს საზღვარი დასავლეთით საჯავახომდე აღწევდა, აღმოსავლეთით – ქორისწყლამდე, ჩრდილოეთით მდინარე რიონამდე და სამხრეთით – ახალციხემდე. უკანასკნელისაგან საჩიჯავაძეოს ჰყოფდა საძოვარი მთები: ლამაზ მთა, საბუღრაო და სხვა. სხვათაშორის ახვლედიანთა ძველი სახლი ვანის ნაქალაქარის ადგილზე მდებარეობს და მისი რეაბილიტირებაც იგეგმება.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე სამი ტერასული განლაგებაა. ზედა ტერასაზე ძირითადად სამარხებია აღმოჩენილი, შუა და ქვედა ტერასაზე გვხვდება ტაძრები, კარიბჭე, სამსხვერპლო, მარანი-ტაძარი და ა.შ. ასევე მუზეუმი პერიოდულად უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციებს, სხვა მუზეუმთა გამოფენებს, სიმპოზიუმებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.

მუზეუმის ექსპონანტები: სამოქალაქო პერიოდში მუზეუმიდან განრიდებულმა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და სპილენძის უძვირფასესმა ექსპონანტებმა უსაფრთხოების მიზნით, ბინა დაიდეს და საგულდაგულოდ იქნა შენახული ეროვნული მუზეუმის არქივში (თბილისში). ვანის მუზეუმის ხელახლა გახსნის შემდეგ თბილისში გადატანილი ექსპონანტების გარკვეული რაოდენობა ისევ ვანში დაბრუნდება და 40,000 მდე ადგილობრივ ექსპონანტთან ერთად გამოიფინება. ვანის მუზეუმი იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე, სადაც ცალკე კუთხე მოეწყობა „ვანელი ქალბატონების“, სადაც გამოფენენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ქალთა სკულპტურებს და ნივთებს.

ანტიკურ ხანაში ვანი, იგივე „სურიონ“ – იყო ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატაძრო ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში, თუმცა ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. დაახლოებით რომ გამოვთვალოთ, მინიმუმ 28 საუკუნოვან ( 2800 წლის) ისტორიაზეა საუბარი.

კარიბჭის კედელზე ვერტიკალურად ამოკაწრული იყო ქალღმერთისადმი მიძღვინილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. IV-IIIსს-ით თარიღდება და საქართველოში დღემდე აღმოჩენილ უძველეს ლაპიდარულ ბერძნულ წარწერად ითვლება. აღნიშნული წარწერა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო სურიონელთა – ვანის მოქალაქეთა რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ, არამედ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ზოგადად, ძველი კოლხეთის საზოგადოების იდეოლოგიისთვისაც.

ვანის ანტიკური ქალაქის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად ძვ. წ. I საუკუნეში სრულდება, როცა პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის ვაჟი, უმცროსი მითრიდატე სურიონში (ვანში) მმართველობის დროს, იწყებს ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს, რაც მამის წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობდა. ამის გამო განრისხებულმა მამამ სამხედრო სადამსჯელო ექსპედიცია გააგზავნა სურიონში და მოგვიანებით ვანი პონტოელებმა ბრძოლით აიღეს. ხოლო უმცროსი მითრიდატე ოქროს ბორკილებით დატუსაღებული მამას მიჰგვარეს და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმეს. სურიონმა ( ვანმა ) კი ამის შემდგენ სამუდამოდ შეწყვიტა მისი ანტიკური არსებობა.

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი:

ტაბიძეების სახლ-მუზეუმში ყველაზე მთავარი არის განცალკევებით მდგარი ორი ულამაზესი იმერული ოდა-სახლი: ერთი, სადაც გალაკტიონი დაიბადა და მეორე, სადაც ტიციანი დაიბადა და მისი ოჯახი ცხოვრობდა. ორივე სახლი, ისე როგორც მთლიანად მუზეუმის ეზო, საუკეთესო ადგილია, სადაც სტუმარს შეგიძლიათ აჩვენოთ იმერული ეთნოგრაფია, XIX-XX სს-ის საცხოვრებელი სახლები , საოჯახო ნივთები, ადგილობრივთა ცხოვრების სტილი და წეს-ჩვეულება. გალაკტიონის სახლის გვერდით არის იმერული ღია მარნის, („ჭურისთავის“ ) საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტი, რომელსაც მისი ოჯახი ღვინის დასამზადებლად და შესანახად იყენებდა. იქვე, მემორიალური სახლის წინ განლაგებულია გალაკტიონის ოჯახის მიერ დარგული ხეები, რომლებიც იმერული ეზოებისთვის საკმაოდ გავრცელებული ნაირსახეობებია: მსხალი (კვიჭიჭა და ხეჭეჭური), ბროწეული, ცაცხვი და სხვა.
https://i.postimg.cc/L4J7Bdfz/8-DA8-AE78-F8-F8-4-BB0-9-EDA-54714-A52-CF29.jpg
სახლ-მუზეუმი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ და კოსტიუმირებულ ღონისძიებებს, რომელიც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ქართული ეთნოგრაფიით დაინტერესებული უცხოელი ტურისტისთვისაც.

ვანის სინაგოგა და ებრაელთა სასაფლაო:

საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესი ეთნოლინგვისტური ჯგუფია. ქართლელი, ლეჩხუმელი, რაჭველი და ახალციხელი ქართველი ებრაელების მეტყველება არაფრით განსხვავდებოდა ადგილობრივი ქართული დიალექტებისაგან და მხოლოდ იმერეთში (ქუთაისი, ვანი, საჩხერე, კულაში) ჩამოყალიბდა ქართულ-ებრაული ენა ყივრული, რომელიც შეიცავდა მცირე რაოდენობით ებრაულ და არამეულ ენობრივ წარმონაქმნებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობაში მოქცეულ სინაგოგებს შორის ვანის სინაგოგა თავის გამორჩეულ ადგილზეა. გამომდინარე იქედან, რომ აქ ებრაელთა ოჯახების დიდი რაოდენობა იყო კონცენტრირებული, აქვეა ებრაელთა საკმაოდ დიდი სასაფლაოც. ვანის სინაგოგა XIX საუკუნეშია აგებული და მისი ინტერიერისა და არქიტექტურის გამო, იმერეთის სინაგოგების საუკეთესო სამეულში შედის. ბოლო წლებში სინაგოგას ინტერიერს რესტავრირება ჩაუტარდა.

დიხაშხოს გოგირდის გეიზერი:

ვანის სოფელ დიხაშხოში არსებულ თერმული წყლის გეიზერზე მისვლა და სამკურნალო აბაზანის მიღება, ზამთრის სუსხიან დღეებშიც თავისუფლად არის შესაძლებელი. გეიზერში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 35 გრადუსს აღწევს. ადგილზე ყვებიან, რომ თერმული წყალი 24 საათის განმავლობაში გამოედინება, ხოლო გეიზერი პერიოდულად ახალ აუზებს იკეთებს.

გეიზერი, რომლის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტთან მისასვლელი გზა გრუნტისაა, გეიზერს ვიზიტორები თითქმის ყოველდღე სტუმრობენ. ვიზიტორებში ობიექტის განსაკუთრებული პოპულარობის გამო, ხელისუფლებამ გეიზერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, გოგირდის გეიზერი აუქციონზე გაიტანა. შერჩეულ ინვესტორს ევალება ტურისტული კომპლექსის 6 ჰექტარზე მოწყობა და ადგილობრივების დასაქმება. ხოლო მთავარი გზიდან გეიზერთან მისასვლელი შიდა 2 კილომეტრიანი გზის კეთილმოწყობას ვანის ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.

ვანის აგროტურისტული ლოკაციები:

მწვანე სოფელი იგივე ფერემთა- სოფელ ფერეთაში, საკემპინგე და მცირე საფესტივალე ადგილი თავისი გამართული ინფრასტრუქტურით, ვანიდან 19 კმ-ის დაშორებით.

ვაშლარას დედათა მონასტრის თაფლი – სოფელ დიხაშხოს წმ. სამების ტაძარი იგივე ვაშლარას დედათა მონასტერი“ მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიხაშხოში, მდინარე სულორის ნაპირზე (რიონის მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 180 მეტრზე, ვანიდან 6 კმ-ში. „ვაშლარას დედათა მონასტერში“ დედები აწარმოებენ შერეული ტიპის თაფლს, რომელსაც განსაკუთრებულ არომატს იქვე უხვად მზარდი ველური მცენარეები ანიჭებენ. დედები ასევე დაკავებული არიან ხელსაქმით: ამზადებენ კელაპტრებს, ქსოვენ სკვნილებს, მძივებით ქმნიან სამკაულებს, გულზე დასაკიდებელ ფსალმუნებს, მანქანაში დასაკიდებელ ჯვრებს და სხვადასხვა ნივთს, რომლის შეძენაც ყველა ვიზიტორს შეუძლია. ტურისტებს გიდობას თავად დედები უწევენ. ისინი ისმენენ ეკლესიის აგების ისტორიას, ტკბებიან ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მონასტრული ნუგბარით.

სოფელ დიხაშხოს წმ. სამების ტაძარი (იგივე ვაშლარას დედათა მონასტერი ) თარიღდება XII საუკუნით. რომელიც ნაკურთხია იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ. ნაგებია ადგილობრივი თეთრი და რიყის ქვით. ტაძარში წირვა შეწყდა 1937 წელს რეპრესიების გამო და აღდგა 2017 წელს. ამავე წლის 30 აპრილს ეკურთხა ტაძარი და გაიხსნა დედათა მონასტერი (მენელსაცხებლე დედათა სახელზე). ტაძრის გარეთა სახე შენარჩუნებულია. ტაძრის ტერიტორიაზე ნაპოვნია საფლავები და ქვევრის ნამსხვრევები, რომელიც ტერიტორიის დასუფთავების დროს აღმოაჩინეს.

ავტორი: ქეთევან ახობაძე

საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი, გიდების მსოფლიო ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული გიდი და გიდების ტრენერი


ნანახია: 668-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის

ამინდი