Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე იმერთა მეფეების მარანი და ქვევრები ეკალ-ბარდებში გახვეული და ტურისტებისათვის შეუმჩნეველია"

თარიღი : 27-12-2019, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი Topnews.com.ge-სთან ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს. ბერეკაშვილი ამბობს, რომ ტაძრის ლოკაციაზე მდებარე იმერთა მეფეების მარანი და ქვევრები (რომელთა უმეტესობა მე-15, მე-16 საუკუნისაა) მწვანე საფარშია გახვეული და ფაქტობრივად ტურისტებისთვის შეუმჩნეველი ხდება. ზაფხულის პერიოდში კი, ეკალ-ბარდებში გახვეული უძველესი ძეგლების მონახულება გარკვეულ საფრთხეებთანაცაა დაკავშირებული.

„ამ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა რამე ისეთი სივრცე, რომელიც შეინარჩუნებდა და ექსპოზიციას გაუკეთებდა ამ მარნებსა და ქვევრებს. თხოვნა იქნება, რომ პირველი ეტაპისთვის ამოსუფთავდეს ეს ტერიტორია, გაიწმინდოს მისასვლელი. იმ ფოტოებზე, რაც სოციალურ ქსელში განვათავსე, უმეტესობა არის მე-15, მე-16 საუკუნის პერიოდის მარანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაშთი და ნაკვალევია, ამ კვალის წაშლა კი მგონია, არავისთვისაა სასურველი. სჯობს, გამოვნახოთ ადამიანური რესურსი, ქალაქიდან მოხალისეებიც ჩავერთვებით დასუფთავების საქმეში, ოღონდ სპეციალისტის მეთვალყურეობით. ჩვენ ისეც წავიდოდით მარტო, მაგრამ რაღაც შეიძლება დავაზიანოთ. თუ სპეციალისტიც იქნება, ვინც ამას გააკონტროლებს, ერთ დღეს წავალთ და დავეხმარებით დასუფთავებაში. ეს ადგილი უნდა გახდეს მიმზიდველი და საინტერესო ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც. ის მდგომარეობა კი, როგორშიც დღესაა, მემგონი თავმოყვარე ქვეყანას არ შეეფერება.

ტურიტების უმეტესობა ბაგრატის უკანა ნაწილში არ გადადის. ჯერ ერთი არ იციან, რომ იქ რაღაც შეიძლება დახვდეთ და ამასთან, ისეა ეკალ-ბარდები გაბურდული, მაინცდამაინც უსაფრთხოს არ ქმნის იქ გადასვლას, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მწვანე საფარში ისეა გახვეული ეს ადგილები, თუ გიდმა ტურისტი არ მიიყვანა, არც ჩანს. როცა ეს ტერიტორია გასუფთავდება, იქ მისასვლელი ადგილები მოეწყობა, ადაპტირება გაკეთდება, საინფორმაციო დაფები განთავსდება და ა.შ. საინტერესო გახდება ეს ლოკაცია. მერე ფოტო-მასალის გამოფენაც შეიძლება უშუალოდ ქალაქის, ან ტურიზმის ცენტრში, იმისთვის, რომ გავზარდოთ ცნობადობა, რომ ბაგრატზე ასვლის შემთხვევაში, შეიძლება უძველესი მარნების დათვალიერება, მარნებს რომ თავი დავანებოთ იქ უძველესი სასახლის ნაშთებიც არის, ისტორიაა, რომელიც ბევრ ქვეყანას შეიძლება სანატრელი ჰქონდეს, ჩვენ კი გვაქვს და არ წარმოვაჩენთ ისე, როგორც საჭიროა. ქალაქში ტურიზმის განვითარებისთვის ტურისტებისთვის საინტერესო ბევრი ადგილი უნდა გამოვაჩინოთ, რათა გაიზარდოს მათი ქალაქში დაყოვნება. ასეთ შემთხვევაში ტურისტების რიცხვი მოემატება სასტუმროებსაც, კვების ობიექტებსაც, გიდებსაც მოემატება სამუშაო, ტრანსპორტიც დაიტვირთება და ა.შ. ყველაფერი არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ქუთაისი მხოლოდ შემოსავლელი ქალაქი არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს დასათვალიერებელი ქალაქი. ამიტომ საჭიროა ქალაქს ჰქონდეს ტურიზმის განვითარების კონცეფცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი და იქ იყოს გაწერილი თუ ქალაქმა, ტურიზმის ცენტრმა, ტურიზმის სააგენტომ, არასამთავრობო, თუ კერძო სექტორმა ერთად განსაზღვრონ, რა პროექტები უნდა განახორციელონ, რომ ქუთაისი გახადონ უფრო სასურველი და საინტერესო ტურისტებისთვის,“-ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 314-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის პირველი 3 თვის ანგარიშით, ქუთაისს 1017 ტურისტი სტუმრობდა.

ამინდი