Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სტაფისთვის მხოლოდ ყავაა დაშვებული, ჩაი თუ გინდა სახლიდან უნდა მოიტანო. კვებას რაც შეეხება, 24 საათის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვჭამე, ისიც ყველიანი მაკარონი,'-რა ხდება ქუთაისის 'ჰაკერ ფშორში'

თარიღი : 26-12-2019, 18:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კამპანია „არა მონობას“ ქუთაისში მდებარე „ჰაკერ ფშორთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის შიგნით არსებულ შესაძლო ვითარებაზე „არა მონობას“ ინფორმაცია აღნიშნულ ობიექტში პრაქტიკებზე აყვანილმა ერთ-ერთმა გოგონამ მიაწოდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ჰაკერ ფშორის“ მენეჯერი პოტენციურ თანამშრომელს შეპირდა, რომ ბარმენის პოზიციაზე 24 საათში 50 ლარს გადაუხდიდა, თუმცა აქედან მხოლოდ 15 ლარი მისცა.
 
„რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ ქუთაისში მდებარე "ჰაკერ ფშორში" კურიერის ვაკანსია ჰქონდათ. გავაგზავნე cv და დამიკავშირდა მენეჯერი გოგონა. გასაუბრებაზე რომ მივედი, მითხრა, რომ ბარმენის ვაკანსიაც ჰქონდათ და ორივე პოზიცია განმიმარტა. კურიერის ანაზღაურება იყო 24 საათში 20 ლარი (ყოველ მესამე დღეს) და + ბონუსები. ბარმენზე კი 12 საათში 25 ლარი და + ჩაი (24 საათში კი 50 ლარი). ანაზღაურების გამო ბარმენის პოზიციაზე ვარჩიე დარჩენა. პრაქტიკებზე ვკითხე და მითხრა, რამდენიმე დღე დამაკვირდებოდნენ და შემდეგ ჩამსვამდნენ 24 საათიან სმენაშიც. 4-5 დღის მერე მითხრეს, რომ კვირას უნდა ვყოფილიყავი უკვე სმენაში და შემდეგ განრიგსაც შეადგენდნენ.
 
მივედი კვირას, დილის 10 -ზე და შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას. საღამოს მენეჯერი მაწვდის რვეულს, სადაც სალაროდან  გასაცემი ხელფასები აქვს თავად ჩამოწერილი. ჩავხედე და ჩემს პოზიციაზე 15 ლარი ეწერა. გამიკვირდა, რადგან გასაუბრებაზე სხვა რამ იყო ნათქვამი. მითხრა, რომ თურმე გამოსაცდელი დრო მქონია და დამსახურების მიხედვით მომემატებოდა ანაზღურება, მანამდე კი 24 საათი 15 ლარზე უნდა მემუშავა. ვკითხე, ეს გასაუბრების დროს რატომ არ ახსენა, ან ის პრაქტიკა რა იყო აბა, თუმცა ისევ იგივეს იმეორებდა, შემდეგ კვირიდან ხელფასი მოგემატებაო. ძალიან ზერელედ მიპასუხა ამაზეც, სალარო დამითვალა, ყველაფერი სწორად გაქვსო, პლიუსი გაქვს 3 ლარამდეო და ხურდები ჩამირახუნა ხელზე. 

იმ დღესვე გადავწყვიტე, რომ მუშაობას არ გავაგრძელებდი, თუ ასე იქნებოდა შემდეგ ჯერზეც.
დილით მოსულს, საბოლოოდ ვკითხე, ამჯერადაც სიურპრიზი მელოდა შემდეგ სმენაში, თუ შეთანხმებულ ანაზღაურებას მივიღებდი. ამაზე კი ღიმილით მიპასუხა: დაუძახე სერვის მენეჯერს და ვნახოთ რა რეკომენდაციას მოგცემსო ( თურმე მის რეკომენდაციას აქვს მნიშვნელობა, 24 საათიანი მუშაობის შემდეგ სახე ამძვრალს მეკუთვნის თუ არა 50 ლარი). მენიუს თუ ჩაგვაბარებ შემდეგ სმენაში ვნახოთო (სერვირება, ყავის მომზადება, რას რომელი ჭიქა სჭირდება, კოქტეილების მომზადება და ა. შ ესენი ჩაგვაბარეო). მაშინვე გამიჩნდა კითხვა, თუ ეს ყველაფერი არ ვიცოდი, რატომ ჩამსვით სმენაში მარტო, მკითხეთ რაც პრაქტიკებზე მასწავლეთ და გიპასუხებთ-მეთქი. დაიწყო დაკითხვები, თითქოს გაკვეთილს ვაბარებდი სკოლაში მასწავლებელს, ისეთი ნერვებმოშლილი ვიყავი მთელი ღამენათევი, თვალები ბუსავით მქონდა და თურმე არ მცოდნია კარგად ყველაფერი და ხვალ გამოდი ერთი საათით და ჩაგაწერინებ ყველაფერსო ( რაც აქამდე უნდა გაეკეთებინათ). უბრალოდ გასაკვირია, თუ არ ვიცოდი რა როგორ იყო, არც მენიუს ვფლობდი და საერთოდ შორს ვიყავი ყველაფრისგან, რატო დავრჩი დამოუკიდებლად მთელი 24 საათი და ვაკეთე ის, რასაც ყველა იქ მომუშავე აკეთებდა? ხო შეიძლებოდა შეცდომა დამეშვა? თუმცა რატომაც არა, იაფი მუშახელი ვის აწყენს? მითხრეს,  სხვებიც ესე არიან, 15 ლარიდან იწყებენ, მერე 25 და ბოლოს ადიან 50 ლარზეო. თუ ასე იყო, თავიდანვე ეთქვათ ჩემთვის და პრეტენზიაც არ გამიჩნდებოდა შემდეგში. 24 საათი 15 ლარად ნამდვილად არ მიღირდა და დავემშვიდობე.

იქ ერთ-ერთმა მითხრა, რომ ესენი თურმე ესეთები არიან, თუ გაუვათ უარესსაც იზამენ, ზოგიერთი საერთოდ უფასოდ ამუშავეს 24 საათიო. ეს ყველაფერი არის უნამუსობა და ადამიანების დაცინვა რაც იქ ვნახე, დღეს 15 ლარს მოგცემენ, ხვალ 25-ს, მერე ისევ 15-ს, რა პრინციპით ხდება ანაზღაურება ვერ გაიგებ.

ამასთან, სტაფისთვის მხოლოდ ყავაა დაშვებული, ჩაი თუ გინდა სახლიდან უნდა მოიტანო კვებას რაც შეეხება, 24 საათის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვჭამე, ისიც ყველიანი მაკარონი,“- წერია „არა მონობას“ გვერდზე.
 
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge „ჰაკერ ფშორის“ სერვის მენეჯერს დაუკავშირდა. ალექსი ჭანტურია სააგენტოსთან ინტერვიუში განმარტავს, რომ გოგონა მათთან ჯერჯერობით პრაქტიკებზე იმყოფეობდა, რომელიც ანაზღაურებადი არ არის, თუმცა 24 საათიანი პრაქტიკის შემთხვევაში, მას 15 ლარი მაინც გადაუხადეს. ამასთან, ის უარყოფს იმ ინფორმაციას, რაც „არა მონობას“ გვერდზე გამოქვეყნდა.
 
 "ამ გოგონას ჰქონდა პრაქტიკის საათები ჩვენთან, თავიდან იყო 4 საათიანი პრაქტიკა, შემდეგ 5-იანი, 6-იანი, ასე ნელ-ნელა გაყვა და ბოლოს მოუწია სამ 24-საათიან სმენაზე კიდევ ერთი პრაქტიკის გავლა ( რომ გამოეცადა ღამის სმენაც), რომელზედაც თან უნდა ჩაებარებინა გამოცდა, რათა დამოუკიდებლად ჩამჯდარიყო სმენაში შემდეგ. გამოცდაში ბევრი რამ შედის, მაგრამ თავიდან ვითხოვთ ელემენტარულს, რაც არ იცოდა ამ ადამიანმა. ვუთხარი, ხვალ კიდევ გამოდი ერთი საათით, ჩაგაწერინებ რაღაცებს, რაც უნდა იცოდე, დაგჭირდებათქო, პასუხად ვღებულობ მისგან: არა, იყოს, აღარ მოვალო. დავემშვიდობეთ ჩვეულებრივად ერთმანეთს. ორი დღის შემდეგ კი ვხედავთ, ჩვენს შესახებ დაუწერია რეალობას მოკლებული რაღაცები, თუნდაც კვების მხრივ, თუნდაც ანაზღაურების კუთხით. ეს ერთი დღის წინ გახსნილი ობიექტი ხომ არაა, რომელმაც არ იცის საუბარი? ზოგადად, როდესაც ადამიანს პრაქტიკაზე ვიღებთ, ეს არ არის ანაზღაურებადი. მაგრამ ადამიანს როცა 24 საათიანი პრაქტიკის საათი მოუწია, გადავუხადეთ 15 ლარი, ეს ელემენტარულია, ყველანი ადამიანები ვართ ხომ?  
ისიც უწერია,  მხოლოდ ყველიანი მაკარონი მაჭამეს, ისიც ერთხელო, როცა უნდოდა მაშინ მიერთვა დღის განმავლობაში, გინდ სამჯერ და გინდ ოთხჯერ, ამაზე რომ რამე პრობლემა შექმნოდა, უბრალოდ ძალიან სირცხვილია. ახსენა ჩაი და ყავაც. ყავა უფასოდ გვაქვს პერსონალისთვის და ჩაი არის ისეთი თემა, რომელიც აღწერაშია და არ გვაქვს სტაფისთვის.
 
მინდა ვთქვა ისიც, რომ ამდენი წლის მანძილზე რეალურად, ერთადერთი უკმაყოფილო ადამიანია, რომელმაც ასეთი პრეტენზია გამოთქვა და საჯაროდ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ვაპირებდით შესაბამისი ზომების მიღებას, მაგრამ ამჯერად კიდევ თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა და შეგვიძლია გაგება,“- ამბობს „ჰაკერ ფშორის“ სერვისს მენეჯერი ალექსი ჭანტურია.
 
 
 ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 461-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge სპა-სალონ 'Papillon'-ის ფიტნეს-ინსტრუქტორ მარიამ ხარაბაძეს ესაუბრა, რომელიც

ამინდი