Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"არ შეიძლება იარლიყების მიწეპება, ეს შტერია, ეს დებილია, აუცილებელია მეტად ჰუმანურები გავხდეთ. გავშალოთ ხელები და ჩავიხუტოთ ჩვენი შვილები გულში"

თარიღი : 19-12-2019, 21:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

რატომ წამოვიდა თვითმკვლელობის ტალღა ქართველ მოზარდებში, რა არის მაინც სოციალურ გარემოში ისეთი, რაც მოზარდს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს? როგორ უნდა გავიგოთ, მოზარდს სუიციდისკენ აქვს თუ არა მიდრეკილება და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მშობელს, პედაგოგს, თუ სახელმწიფოს? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მიღებას იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენელთან და ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთან, ლელა შენგელიასთან შეეცადა.

ფონდი „სოხუმი“ გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე წლებია მუშაობს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჩატარებული აქვთ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტრენინგები, სადაც ხდება ბაგა-ბაღების ხელმძღვანელების, აიპების წარმომადგენლებისა და თანამშრომლების გადამზადება.
როგორც შენგელია Topnews.com.ge-სთან  განმარტავს, მათი ძირითადი  მიზანია, პედაგოგების გადამზადება მოხდეს სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ აღმზრდელებმა კომფორტული და ჰარმონიული გარემო შეუქმნან ბაღებში მყოფ ბავშვებს, რადგან სწორედ ამ ასაკიდან იწყება ბავშვების აღზრდა და აქედან ხდება მათი ჩამოყალიბება.

„ჩვენ ბაგა-ბაღებში გვაქვს ამის გამოცდილება გენდერული კუთხით ჩატარებულ ტრენინგებზე. გვყავს ბაგა-ბაღების ისეთი წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენი ტრენინგების შემდეგ, ჩამოაყალიბეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ჯგუფები. ამის მაგალითი გვაქვს წყალტუბოსა და სენაკში. ეს არის ჯგუფი, რომელიც დილით შემოსულ ბავშვს აკვირდება და სწავლობს მის მდგომარეობას. რა თქმა უნდა ყველაზე ადვილია ფიზიკური ძალადობის  შემჩნევა, რასაც ვერ ვიტყვით ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებზე. ფსიქოლოგიური ძალადობის დადგენა ბავშვის ხასიათიდან, ქცევებიდან გამომდინარე ხდება. თუ წინათ პედაგოგი ხედავდა, რომ ბავშვი იყო ძალიან გახსნილი, თანატოლებთან თამაში, კომუნიკაცია არ უჭირდა, ურთიერთობაში ადვილად შედიოდა, რაღაც მომენტში კი გახდა ჩაკეტილი, მას არავისთან არ სურს თამაში, შიშით  ხელს იფარებს სახეზეც, თავზეც (არის შემთხვევები, როცა ბავშვთან მოსაფერებლად მიდიან და ბავშვი შიშისგან  ხელს წევს, რადგან ეშინია, ისევ არ დაარტყან), ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის კვალია. ეს ადვილი გამოსაცნობია, თუ ადამიანი დაკვირებული თვალით უყურებს ბავშვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ფაქტები ხდება დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ტრენინგი ტარდება, ამდენი თანხა იხარჯება პედაგოგების გადამზადებაში. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და წავიდეს იქითკენ, რომ თვითონ პედაგოგი იყოს ბავშვის მიმართ ძალიან რბილი, თანამოაზრე. ის ბავშვთან ბავშვი უნდა იყოს და მაშინ, როცა ბავშვი ხედავს პედაგოგში სანდო პიროვნებას, როდესაც მას სჯერა, რომ შენ მისთვის ხარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ანდობ და ყველაფერს ეტყვი, ბავშვი ამ დროს ყოველთვის გახსნილი ხდება. როდესაც პედაგოგი ხედავს ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ ეკონომიურ უგულებელყოფას და თვითონ არ შეუძლია თავისი ძალებით რამენაირად დაეხმაროს, უნდა ჩართოს სოციალური მუშაკი. მე არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად დედას  წაართვან ბავშვი და მოაშორონ, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების გატარებას ვთვლი აუცილებლად და საჭიროდ,“-ამბობს ლელა შენგელია.

მისივე თქმით,  3-4-5-6 წელი ის ასაკია, სადაც ბავშვები ფორმირდებიან და ყალიბდებიან პიროვნებებად. ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ გარემოში იზრდება ბავშვი. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვი უმეტეს შემთხვევაში ხდება მოძალადე, ან მსხვერპლი, რადგან მას უჩნდება არასრულყოფილების კომპლექსი, ეჩვევა არაკომუნიკაბელურობას, გონია, რომ ის არის ამ ცხოვრებაში ყველაზე საცოდავი, ყველაზე საწყალი. ეს არასრულფასოვნების კომპლექსი კი მას მიჰყვება დროთა განმავლობაში და ხდება მსხვერპლი.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მშობელი და შვილი დაშორდა ერთმანეთს. ეს რა თქმა უნდა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია. მიგრაცია საშინელი პრობლემაა საქართველოში. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მშობელი შვილთან ახლოსაა, მაგრამ იმდენად დუხჭირ ყოფაში ცხოვრობენ, რომ დედას შვილთან კომუნიკაციის არც დრო აქვს და არც საშუალება. ადამიანი, ქალი, დედა, რომელიც დილიდან საღამომდე გასულია გინდაც ბაზარში, გინდაც საჯარო თუ კერძო სამსახურში, იქიდან კი დაღლილი და დაქანცული მოდის სახლში (სადაც ისევ სახლის საქმეებს უნდება), მას ელემენტარულად იმის საშუალებაც არ აქვს, ჰკითხოს შვილს რა მოხდა დღეს სკოლაში, ეზოში, ქუჩაში... თანდათანობით ურთიერთობის გაცივების შემდეგ, ბავშვიც ფიქრობს, რომ მშობელს მისთვის არ სცალია, მისი ამბავი არავის არ ადარდებს, ის არავის არ სჭირდება, ილექება ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში და კი ვხედავთ შედეგებს. აი გუშინწინ, ბავშვი რომელმაც კედელს მიაწერა „ამ ცხოვრების დედაც“, შეეწირა ამ ცხოვრებას. არადა ამ ფრაზას და უარესებსაც ყოველდღე იძახიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავენ. პარლამენტის წევრებიც ხედავთ ერთმანეთს როგორ უხეშად, ბილწსიტყვაობით აგინებენ, ამ ბავშვს კი ერთი კედლის წარწერც არ აპატიეს. იმ სკოლამ ისარგებლა კანონით და უცებ გამოიძახა პოლიცია. სკოლამ ბავშვთან დალაპარაკებაც ვერ შეძლო, უნდა ეკითხათ  მისთვის რა უჭირდა, რჩევა-დარიგება მიეცათ. ბავშვი ფსიქოლოგიურადაც დათრგუნული იყო, მამა გარდაცვლილი ჰყავდა. პლიუს ამას, თანხის გადაუხდელობის გამო ის იმ სკოლაში ვერ დარჩა. ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი: გაუჩნდა სირცხვილის გრძნობა (თანხა არ ჰქონდა და ვერ გადაიხადა), დაემატა ისიც რომ სხვა სკოლაში გადაიყვანეს (უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ასაკში სხვა სკოლიდან მოსულს სხვანაირად უყურებენ), ამასთან, იქ სამეგობრო დარჩა, ვინ იცის შეყვარებულიც ჰყავდა და მის წინაშე შერცხა, ფული რომ არ ჰქონდა. მიზეზს მიზეზი დაემატა და სამწუხაროდ დაგვიდგა ის შედეგი, რასაც ახლა მთელი საქართველო გლოვობს,“-ამბობს შენგელია.

ლელა შენგელია სკოლებში ფსიქოლოგების არსებობის საჭიროებაზეც საუბრობს.

„ჩვენ სკოლებშიც ვმუშაობთ და როდესაც ვკითხულობთ ფსიქოლოგები ჰყავთ თუ არა, გვეუბნებიან, რომ განათლების სამინისტრო ფსიქოლოგის შტატისთვის თანხას არ იხდის, ამიტომ სკოლას თუ აქვს სურვილი, ფინანსური რესურსი, ან თავისი ბიუჯეტიდან შეუძლია ფსიქოლოგის ხელფასისთვის თანხა გამოჰყოს, ამ შემთხვევაში ჰყავთ ეს კადრი. მე პასუხისმგებლობას ვერავის დავაკისრებ, მე სამართალდამცავი არ ვარ, მაგრამ ისეთ პერიოდში, სადაც დიდია მიგრაცია (გასულები არიან ქვეყნიდან მშობლები), აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტის არსებობა სკოლებში, რადგამ იმ დამრიგებლური ურთიერთობის, იმ სიყვარულის დეფიციტი ბავშვმა ფსიქოლოგთან მაინც უნდა შეივსოს,“- ამბობს ლელა შენგელია.

ქუთაისის მე-13 ბაგა-ბაღის დირექტორი და გენდერული საბჭოს წევრი მაკა აბულაძეც ყველაზე დიდი პრობლემად ემიგრაციას მიიჩნევს.

„მინდა ხაზი გავუსვა და წამოვწიო ის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს, ჩვენს საზოგადოებას სჭირს, ეს არის მიგრაცია. ძალიან ბევრი დედა არ არის  შვილის გვერდით. ბავშვები უსიყვარულოდ იზრდებიან და ამ სიყვარულის დეფიციტის განცდის დროს, როდესაც სკოლაში მისულ ბავშვს კიდევ მკაცრი მასწავლებელი დახვდება და მას გაგებით ვერ მოეკიდება, იმიტომ იჩენს ამდენი პრობლემა თავს.  ვთვლი, რომ ჰუმანური პედაგოგიკის დანერგვით გადავარჩენთ თაობას და ვიხსნით ამ ბავშვებს სიკვდილისგან. ვგულისხმობ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ სიკვდილს. ბავშვები მორალურად კვდებიან იმით, რომ არ აქვთ ის სიყვარული, ის გაგება, მათ სულში არავინ არ იხედება. თქვენ წარმოიდგინეთ დედების 70% წასულია საზღვარგარეთ. რამდენიმე დღის წინ სამი შვილის დედამ დამირეკა და მითხრა, აბა თქვენ იცით, გაბარებთ ჩემს შვილსო. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით მეტი უნდა იმუშავოს. თუკი დედებს ეკონომიური მდგომარეობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ საზღვარგარეთ არ წავიდნენ, მაშინ სკოლებში მასწავლებლების გადამზადებით, სოც. მუშაკების, ფსიქოლოგების ჩართვით, პოზიტიური, მზრუნველი დამოკიდებულებით უნდა გადავარჩინოთ ისინი.

ჩემი ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომლის დედაც ახლახანს წავიდა, ძალიან განიცდის ამ ამბავს. მოიწყინდა, დასევდიანდა. ამიტომ მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს კალთაში ჩაისვას, ჩაიხუტოს. მე პირადად ყოველდღიურ რეჟიმში ვარ ყველა ბავშვთან, როგორც კი დამინახავს ეს ბავშვი, გამოიქცევა და ჩამეხუტება. დედა, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა, ძალიან თბილი, არაჩვეულიბრივი დედაა, ბავშვიც იმდენადაა მიჩვეული სიყვარულს და სითბოს, რომ დამინახავს, გამორბის და ყელზე ჩამომეკიდება ხოლმე. ეს რიტუალივით გვაქვს უკვე. ბევრჯერ ამტირებია, რომ ის ბავშვი, იმ სიყვარულს რაც დედის მიმართ აქვს, ჩვენშიც გრძნობს. ამით ბედნიერი ვყოფილვარ, თუ ოდნავ მაინც ბავშვებს რაღავ მივეცით. აუცილებელია მეტი კომუნიკაცია. არ შეიძლება იარლიყების მიწეპება, ეს შტერია, ეს დებილია, ეს ყველაფერი უნდა მოიხსნას. საგანი რამდენად კარგად იცის, მარტო ამის მიხედვით კი არ უნდა შედიოდეს მასწავლებელი, არამედ იმით, რამდენად კარგად ესმის ბავშვის ფსიქოლოგია. აუცილებელია მეტად ჰუმანურები გავხდეთ. გავშალოთ ხელები და ჩავიხუტოთ ჩვენი შვილები გულში,“-ამბობს მაკა აბულაძე.


ნანახია: 724-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბევრ მშობელს აინტერესებს ეს საკითხი, მართლაც, რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლისას, რა არის ის ელემენტარული ცოდნა და
აუცილებელია გავარჩიოთ უბრალოდ აქტიური და ჰიპერაქტიული ბავშვები ერთმანეთისგან.

ამინდი