იტვირთება

აღმოჩენა ჭიათურის სოფელ ზედა რგანში, რომელიც ისტორიას ცვლის

აღმოჩენა ჭიათურის სოფელ ზედა რგანში, რომელიც ისტორიას ცვლის

ჭიათურის სოფელ ზედა რგანში ევრაზიაში ყველაზე ძველი ზედაპალეოლითური ხანის მღვიმე აღმოაჩინეს:  ეს აღმოჩენა ცხადყოფს რომ ჯერ კიდევ 48 000 ათასი წლის წინ აქ ჰომოსაპიენსები შემოსული იყვნენ.

მღვიმე "ორთვალა კლდე". ჭიათურა სოფელ ზედა რგანის ტერიტორია.

"უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მღვიმე დღეისთვის არის მთელ ევრაზიაში უძველესი ზედაპალეოლითური სადგომი „დენისოვის მღვიმესთან“ (მთიანი ალტაი) და „ზლატი კუნთან“ (ოქროს ცხენი, ჩეხეთი, პრაღიდან სამხ-დას-ით 32 კმ-ში) ერთად. ორთვალა კლდის მცირე დარბაზში დადგენილი ზედა პალეოლითური ფენის ასაკია დაახლოებით 48 000 წ. ანუ, ჰომო საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ ამ დროს მაინც უკვე შემოსულები იყვნენ (აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის ის, რაც აღმოჩენილი და დადგენილია, რაც არ გამორიცხავს მათი აქ არსებობის სხვა ფაქტებსაც, რა თქმა უნდა).

თუ აქამდე, ჩემი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი წლის წინ გაკეთებული პრეზენტაციისას კითხვები გაუჩნდათ ამ თარიღთან და აგრეთვე, რამდენიმე სხვა, გენეტიკის სფეროდან არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით ვუდასტურებ იგივე მოსაზრებას, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო წრეებმაც უკვე გაიზიარეს (დაინტერესების შემთხვევაში მსურველს მივაწვდი სტატიებს). 

ეს ადამიანის ევოლუციისა და განსახლების შესახებ ახალი ცოდნის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი ფაქტია ქვეყნისთვისა და კონკრეტულად კი, ზემო იმერეთის, ჭიათურის რეგიონისთვის.

როგორც ჩემი უცხოელი კოლეგებიც მწერენ- „შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის შესახებ ინფორმაციის კუთხით, შესაბამისი ძეგლების  გენეტიკური და ქრონოლოგიის შესახებ ბოლოდროინდელმა ნაშრომებმა სინამდვილეში შეარყია ზოგადი პანორამა და იმერეთის ძეგლები აღმოჩნდა  ყურადღების ცენტრში“, " ორთვალა კლდე  კი არის მთელ ევრაზიაში უძველესი ზედაპალეოლითური სადგომი „დენისოვის მღვიმესთან“ (მთიანი ალტაი) და „ზლატი კუნთან“ ერთად".

ძეგლი აღმოჩენილია 1973 წ-ს დ.თუშაბრამიშვილის მიერ და ისწავლებოდა მის მიერვე 1992-წ-მდე (მის გარდაცვალებამდე). 
1992 წ-დან მღვიმის კვლევა გაგრძელდა ჩემს მიერ.  1994 წ-ს ჩემი სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა ორთვალა კლდის მასალებსა და აქ შუადან ზედა პალეოლითზე გარდამავალი ეტაპის არსებობას.

1996 წ-დან კვლევებში ოფიციალურად ჩაერთვნენ ჰარვარდისა და ჰიბრიუს უნივერსიტეტები, მოგვიანებით კი-პარიზის ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი. 

მღვიმის შესახემ დაცულია დისერტაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის მაშინდელი სტუდენტის, დღეს კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის, დანიელ ადლერის მიერ. დღეს ამ ძეგლზე, სხვადასხვა თემატიკით მუშაობს ბევრი უცხოური ინსტიტუტი, მათ შორის მაქს პლანკის ინსტიტუტი, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის მიმართულებით (ყველა ინსტიტუტისა თუ უნივერსიტეტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). 

ორთვალა კლდეში მე-20 ს-ის 80-იან წწ-ის დასწყისში აღმოჩენდა კავკასიაში ერთ-ერთი გვიანდელი ნეანდერტალელის კბილი ( ~50 000 წ) (ყველაზე ადრეული,  აღმოჩენილია ასევე ჭიათურის მუნ-ში, ჯრუჭულის ხეობაში, ჯრუჭულის მღვიმეში (1960 წ. დ.თუშაბრამიშვილი) - 274/250-130 000 წწ. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთადერთი, 43000 წლის წინანდელი მაკაკას ლავიწის ძვლის აღმოჩენა, რაც რადიკალურად ცვლის შეხედულებებს (უნდა შეცვალოს შემდგომი კვლევების საფუძველზე) საქართველოს ტერირორიაზე იმდროინდელი კლიმატისა და ლანდშაფტის შესახებ.

სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით სტატიის საზღვარგარეთ მისი გამოქვეყნების შემდეგ (იბეჭდება)
ფოტოებზე; ხედები ჭრილი, შუა და ზედა პალეოლითური ქვის მასლა, ძვლის იარაღები და ნაჭდევებიანი და ნაკაწრი ძვლები, გრძივად გახლეჩილი ძვლები-იარაღების ნამზადები, ნეანდერტალელის კბილი, ობსიდიანის ნივთები, მაკაკას ნაშთი 
(ფოტო: დ.თუშაბრამიშვილის. ნ.თუშაბრამიშვილის, დ.ადლერის, ნ.ახმეტგალეევასი),"-ამბობს პროფესორი, არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები