Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წიაღუბანი-საინტერესო ტურისტული სოფელი სამტრედიაში

თარიღი : 24-02-2019, 23:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად სამტრედიის სოფელ წიაღუბნის შესახებ გიამბობთ, რომელიც საინტერესო ტურისტული სოფელია ოფეთის თემში.

სოფელი წიაღუბანი მდებარეობს სამტრედიაში, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. შედის ოფეთის თემში. გეოგრაფიული კოორდინატები: ჩ.გ. 42°24'25.662" ა.გ. 42°02'49.331". მანძილი სამტრედიიდან 24 კმ, ქუთაისიდან 52 კმ., თ ბილისიდან 274 კმ. საფოსტო ინდექსი: 3914. საჯარო რეესტრის კოდი: 34.15.42. სოფელი ისტორიულად შედიოდა საჯავახოს მხარეში. ხოლო 1908 წელს შედიოდა ოზურგეთის მაზრაში.

სოფელ წიაღუბანს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სოფლები: კვირიკე და დადობირო. აგრეთვე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ტობანიერი, სამხრეთიდან: ოფეთის თემის სოფელი თხილაგანი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემოხეთი და თხილაგანი, აგრეთვე მდინარე ხევისწყლის ხეობა. დასავლეთიდან ესაზღვრება ოფეთის თემის სოფელი მტერჩვეული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და მდინარე ხევისწყლის ხეობა, ხოლო აღმოსავლეთიდან ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის თემის სოფელი კუშუბაური.

სიტყვა წიაღუბანი დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ ტერიტორიასთან. მიმდებარე ადგილების მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მოიპოვებდა აგურისა და კრამიტის დასამზადებელ მასალას. შემდგომ პერიოდში ვინც უშუალოდ მოიპოვებდა ამ წიაღს, დასახლდა საბადოს მიმდებარე გორებზე და დასახლებ პუნქტსაც დაერქვა წიაღის უბნები ანუ წიაღობანი.

სოფლის დასავლეთ ნაწილში მდინარე ხევისწყლის მარჯვენა მხარეს, მისი შენაკადის მდინარე წიაღზე არის დაახლოებით 12 მეტრი სიმაღლის წიაღუბნის ჩანჩქერი. ჩანჩქერის სამხრეთით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში არის სატბორე სათევზე მეურნეობა, წარმოდგენილია 3 მცირე ზომის წყალსაცავი. სოფლის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე არის ადგილი ,,წიაღის მთა“, საიდანაც უნიკალური პანორამა იშლება, როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების, აგრეთვე ჩოხატაურის, ვანის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, მოწმენდილი ამინდის დროს კარგად მოჩანს ცენტრალური კავკასიონის მწვერვალები, ხვამლის, ასხის და რაჭის კარსტული მასივები. სოფლის ტერიტორიაზე არის აკვანას მთა, ბუკნარის საძოვრები. ვანის მუნიციპალიტეტის საზღვარზე მდებარეობს წარაქვა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 575 მეტრს. სოფლის სამხრეთით ჩოხატაურის ტერიტორიაზე ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია ორკეს ტყე-პარკი.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 290 ადამიანი აქედან,144 კაცი,146 ქალი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 150 ადამიანი, აქედან 69 კაცი, 81 ქალი. 2017 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი, აქედან 39 მამაკაცი, 81 ქალი. სოფელში მცხოვრები ძირითადი გვარებია: თევზაძე და კაცაძე.
წიაღუბნის გამოჩენილი ადამიანებია: დავით თევზაძე - ყოფილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, არქიფო თევზაძე - გეოგრაფი, პედაგოგი, ოფეთის თემის უხუცეს მომღერალთა გუნდის ხელძღვანელი.

სოფლის მახლობელ ტერიტორიაზე, მდ.ხევისწყლის მარცხენა ნაპირზე, გასულ საუკუნეებში, სოფელში იდგა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც დაანგრიეს კომუნისტებმა. ტაძრის ქვების ნაწილით აგებული იქნა წიაღუბნის დაწყებითი სკოლა, ტაძრის საძირკველი დღესაც შემორჩენილია სოფლის ძველ სასაფლაოს ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აგებული იქნა ახალი კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც ძველი ტაძრის სახელს ატარებს, 28 ივლის აღინიშნება სოფლის მთავარი საეკლესიო დღესასწაული კვირიკობა. ეს ტაძარი სოფლის ყველაზე მაღალ გორაზეა აგებული. სოფლის დღესასწაულია აგრეთვე მარიამობა. სოფლის მეურნეობის დარგებიდან აქ აღსანიშნავია მესაქონლეობა, მესიმინდეობა, მეფუტკრეობა, მეღორეობა, გავრცელებულია მევენახეობაც, აქ მოყავთ: ცოლიკაური და ადესა. სოფელ წიაღუბნის ტერიტორიაზე გადის პერსპექტიული ეკოტურისტული მარშრუტები: ოფეთი-წიაღუბანი-თხილაგანი-აკაკი შანიძის სახელობის მთა-სურები. აგრეთვე წიაღუბანი-გომის თემი-ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით.


ნანახია: 4326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
ამ დასახლებას უახლოეს მომავალში გაივლის რაჭის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, რომელიც გამოაცხოცლებს ამ ტერიტორიას.
ჭალოვნის ბარბაწმინდის ნატაძრალი ძლიერ მადლიან სალოცავად ითვლება. მას არასდროს მოკლებია მლოცველი, თვით ათეიზმის პერიოდშიც კი.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მთას აქამდე არ ჰქონდა ოფიციალური სახელი.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან

ამინდი