Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შემოგვიერთდით და იმ ბედნიერებებს გაგინაწილებთ, რასაც ჩვენ მთებში ვპოულობთ,'- ქუთაისელი ველომოყვარულების ადრენალინის წყარო და გეგმები

თარიღი : 23-02-2019, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ველომოყვარულთა კლუბი 2015 წელს შეიქმნა, წევრებმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს და საერთო მიზნით-ჯანსაღი ცხოვრებისათვის გაერთიანდნენ. კლუბის წევრებმა ექსტრემალური სპორტის სახეობა ქალაქში ნელ-ნელა პოპულარული გახადეს და ტურების მარშრუტიც გაზარდეს. იდეის ავტორი ლადო აშოთია "ახდენილ ოცნებაზე" გვიამბობს.

"ბავშვობის შემდეგ არ მყოლია ორთვლიანი ველოსიპედი. ხუთი წლის წინ ავიხდინე ბავშვობის სურვილი და სამთო ველოსიპედი ვიყიდე. კლუბის იდეაც აქედან დაიწყო. 2015 წლის 24 ივნისს გავაკეთე ფეისბუქ გვერდი- "ქუთაისის ველომოყვარულთა კლუბი /Kutaisi Bicycle Group", რომ მეპოვნა და დამეკავშირებია ქუთაისელი ველომოყვარულები ერთმანეთისთვის. ქუჩაში სეირნობისას ვპოულობდით ველოსიპედიან თანაქალაქელებს, მეგობრები მეგობრებს ამატებდნენ კლუბში, თანდათან ველოსიპედით სეირნობა ვარჯიშით ჩავანაცვლეთ. აღვიქვით, რომ ეს ის ტრანსპორტია რომლითაც ერთ დღეში 150-200 კილომეტრის გავლაც შეგვეძლო,"- ამბობს ლადო აშოთია.

კლუბი ეტაპობრივად ფართოვდებოდა, გაზრდილ კილომეტრაჟს გართულებული მარშრუტები მოჰყვა. ექსტრემალური მოგზაურების მოყვარულები ქალაქის მასშტაბებით არ კმაყოფილდებოდნენ, ჰორიზონტს იფართოვებდნენ და საქართველოს მთიან რელიეფს ლაშქრავდნენ.

"ველოსიპედი სხვადასხვა ტიპის არის- საგზაო, მთაში სამოგზაურო, მთიდან დასაშვები, BMX და სხვა, რაც გაძლევს საშუალებას იმოგზაურო რთულ რელიეფზეც (საგზაო, მთაში სამოგზაურო, მთიდან დასაშვები). ჩვენი კლუბი განვითარდა სამთო და ტურიზმის კუთხით. ეს განაპირობა კლუბელების საერთო სტილმა ტურიზმის და მთის სიყვარულმა. რა თქმა უნდა საგზაო ველოსიპედებიც ყავთ კლუბში და მათთვისაც ვგეგმავთ ტურებს. ახლებიც შემოგვემატნენ წელს რომლებიც ჯერ დიდ დისტანციაზე არ დადიან, მათთვის შედარებით მოკლე დისტანციებს ვგეგმავთ. ტურების სირთულეს რაც შეეხება, მქონია 8 დღიანი ტურიც საქართველოს სილამაზით შეპყრობილ ლიტველებთან ერთად. ერთ დღიანიტური ხვამლზე, ორდღიანი ტური გომის მთაზე, ცხრაჯვარზე. ქუთაისის და წყალტუბოს კლუბებმა ერთად ვიარეთ ბორჯომიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით ქუთაისამდე. მარტივიდან საკმაოდ რთულ გზებამდე მიგვიწვდება ხელი ჩვენი რელიეფის დამსახურებით. მიხარია რომ ველოსიპედით უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს ვხედავ ქუთაისში,"-ამბობს ლადო აშოთია.

როგორც ირკვევა, უცხოელი მოგზაურები აქტიურად გეგმავენ ველოტურებს, თუმცა საქართველოში ტურიზმის ეს სახეობა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. როგორც ველომოყვარული აღნიშნავს, თბილისში ნაწილობრივ მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, ქუთაისში კი ბევრია სამუშაო მარშრუტების შექმნისა და მათი პოპულარიზაციის კუთხით.

" ბევრი უცხოელი ტურისტი დადის, მაგრამ უკვე პოპულარული გზების გარდა არის გზები, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ აქვთ. ვფიქრობ, ამ კუთხით არის სამუშაო და ინფოტურებია გასაკეთებელი, რომ უკეთ გაიცნონ საქართველოს ველო ბილიკებიც. თბილისში თავისი ძალებით აქვთ გაკეთებული კოჯრიდან დასაშვები გზა. აქაც გვაქვს დასაშვები სამთო ბილიკი, რომლის მოწყობაში ჩვენმა კლუბელმა დავით ,,ნამდვილმა'' დიდი ენერგია ჩადო და მის საპატივცემულოდ სამეგობრო წრეში ნამდვილის ტყე დავარქვით, ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, BMX -ებისთვის პიონერთა პარკში რაც გაკეთდა ესაა, სხვა არ მაგონდება,"-ამბობს აშოთია.

ზამთარი ნაკლებად მიმზიდველი სეზონია ექსტრემალური სპორტის ამ სახეობისთვის, განსაკუთრებით დამწყებთათვის. ლადო აშოთია პირველი ეტაპისთვის მოყვარულებს უსაფრთხო გარემოში ვარჯიშს ურჩევს. როგორც განმარტავს, კლუბის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ველოსპორტით დაინტერესებულთათვის სწავლება და ხელშეწყობა იყო. გამოცდილი ველომოგზაური "ახალბედებს" აქვე მცირე რჩევებსაც სთავაზობს.

"ზამთარში დაბალი ტემპერატურა დამწყებისთვის მიუღებელია, დისკომფორტს უქმნის. მეეჭვება შემდგარმა ველომოყვარულმა დაბალი ტემპერატურის გამო ველოსიპედზე უარი თქვას. დამწყებში დისკომფორტს მოუმზადებლობაც განაპირობებს. უნდა იცოდეს ტანსაცმლის სწორად შერჩევა. არ არის აუცილებელი თბილად ეცვას. უფრო მნიშვნელოვანია ვთქვათ, ქარგაუმტარი ეცვას, ვიდრე სიარულში გადახურდეს. შესვენების დროები შეამციროს, რომ ტემპერატურა არ დაკარგოს. არის ბევრი ნიუანსი, რომელსაც დამწყებებს სიამოვნებით ავუხსნით და მოვამზადებთ დაბრკოლების გადასალახად. ჩვენი კლუბის შექმნის ძირითადი მიზეზიც ეს იყო. დამწყებმა მონაცემების მიხედვით პირველ რიგში სჯობს პარკში სინჯოს მანქანებიდან დაზღვეულად. შემდეგი ეტაპისთვის მწვანეყვავილას ქუჩა კარგია მოკლე დისტანციისთვის. შემდეგ აღმართებსაც დავუმატებდი- მოწამეთა, გელათი. საჭირო ინვენტარი და ეკიპირება უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი ატრიბუტებია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მარშრუტის გაზრდა ეტაპობრივად მოხდეს, რათა ზედმეტმა დატვირთვამ ჯანმრთელობაზე საზიანო გავლენა არ იქონიოს. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ჩაფხუტი ყველამ ატაროს. თუ მთიდან დასაშვებად მივდივართ იდაყვის და მუხლის დამცავებიც საჭიროა. ვურჩევ წყის ბოთლი იქონიონ ველოსიპედზე და ორგანიზმი არ გამოაშრონ. დამწყებს არ ვურჩევ 20-30 კილომეტრზე დიდი დისტანციებით დაიწყოს, სწრაფად განვითარების ნაცვლად, შეიძლება სახსრები დაიზიანოს. წელს ბევრ კარგ ტურს ვგეგმავთ. შემოგვიერთდით და იმ ბედნიერებებს გაგინაწილებთ, რასაც ჩვენ მთებში ვპოულობთ,"- ამბობს ველომოყვარული.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 692-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლუბი, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობებში მეკლდეურობისა და ალპინიზმის პროპაგანდა, ექსტრემალური, სამთო და სამოგზაურო ტურების
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ვებ გვერდი სახელად „ჰორიზონტი" გამოჩნდა.
ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი 'თეთნულდი' ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და მერიის სპორტის განყოფილებას მიმართავს.
განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ

ამინდი