Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია –„არ ვიცი, ჩემმა შვილმა როგორ შეაღწია ანტალიის აეროპორტში“

თარიღი : 1-10-2018, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
5 წლის წინ, 2013 წლის 2 ივნისს, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში გაუგონარი შემთხვევა მოხდა – მოსკოვის ერთ-ერთ ავიალაინერში თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიბმული ბიჭის გვამი აღმოაჩინეს. პასპორტიდან შეიტყვეს, რომ ის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქუთაისელი გიორგი აბულაძე იყო.

გიორგი აბულაძე ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გახლდათ.

ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა სასიკვდილო გზით გადაწყვიტა თურქეთიდან იტალიაში მოხვედრა – თვითმფრინავის ბორბალზე საკუთარი სხეული ქამრით მიიბა, რომ სხვა ქვეყანაში შეუმჩნევლად გადასულიყო.

შემთხვევიდან 5 წლის შემდეგაც გიორგის მამას, კუკური აბულაძეს, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. საქმე რუსეთის მხარემ გამოიძია, მაგრამ შვილმკვდარ მამას არ სჯერა იმ დასკვნის, რაც რუსმა სამართალდამცავებმა მიაწოდეს. ის საქართველოს პროკურატურისგან ითხოვს, რომ საქმე გამოიძიონ, სიმართლე დაადგინონ და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მისცენ. ამ დღეებში ზაზა სარალიძის მიერ აგორებულმა საპროტესტო ტალღამ მას, ისე როგორც ბევრ შვილმკვდარ მშობელს, სამართლის პოვნის იმედი გაუღვიძა.

– ბატონო კუკური, როგორც ვიცი, ის ვერსია და გამოძიების დასკვნა, რაც სამართალდამცავებისგან მიიღეთ, არ გაკმაყოფილებთ და პასუხს ისევ ითხოვთ. რა არის თქვენთვის საეჭვო?
– დიახ, 5 წელი გავიდა, რაც ჩემი 23 წლის ანგელოზივით შვილი მიწაში ჩავაწვინე, პასუხი კი ამ დრომდე არ მაქვს კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული.

– რა მიზნით წავიდა თქვენი შვილი თურქეთში?

– გიორგიმ სხვა ქვეყანაში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ აქ სამსახური ვერ ნახა. 2 წელი სამხედრო მოსამსახურე იყო და თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ბაჩო ახალაიასგან “სამშობლოსათვის თავდადებულის” მედლითაც იყო დაჯილდოებული. გაურკვეველი მიზეზის გამო სამხედრო სამსახურიდან წამოვიდა.

– არ უთქვამს, რატომ წამოვიდა?

– გულჩათხრობილი ბიჭი იყო. მე და ჩემი მეუღლე გაშორებულები ვართ და დედის სითბოს მოკლებული ოჯახში არასოდეს საუბრობდა. თურქეთში წავიდა სამუშაოდ. იქ ერთ-ერთ რესტორანში მომმარაგებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ანტალიაში გადავიდა, საერთაშორისო აეროპორტიდან ტურისტები მიჰყავდა სასტუმროებში, აბინავებდა.

– თუ სამსახური უკვე ნაშოვნი ჰქონდა თურქეთში, იტალიაში წასვლა რატომ გადაწყვიტა?
– მას სულ უნდოდა იტალიაში წასვლა, მაგრამ ელჩმა ვიზა არ ჩაურტყა. სწორედ აეროპორტში მუშაობისას გაიცნო თანამშრომლები, თვითმფრინავის რეისების მმართველები. ჩემი აზრით, გიორგიმ მათ შესთავაზა, რომ გადაუხდიდა 200-300 დოლარს, აეროპორტში შეიპარებოდა და თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით თავს მიიმაგრებდა. ალბათ ის, ვინც ამაზე დათანხმდა, ურჯულო და უსისხლო იყო. როგორ არ უთხრა, რომ 11.000 კმ სიმაღლეზე, სადაც მინუს 60 გრადუსი ყინვაა, ვერანაირად გადარჩებოდა?!

– სად ნახეს გიორგის ცხედარი?
– ანტალიიდან თვითმფრინავი ეგვიპტეში გადაფრინდა, ეგვიპტიდან – საფრანგეთში, საფრანგეთიდან – იტალიაში, კიდევ იყო სხვა ქვეყნებიც. როცა რუსეთში ჩაფრინდა და საბარგული გააღეს, სისხლის წვეთები წამოსულა და იქვე, ბორბალზე მიკრული გაყინული გვამი უნახავთ. შორტი და მაისური ეცვა. შორტში საქართველოს პასპორტი ჰქონდა და აქედან მიხვდნენ, რომ ქართველი იყო. ამ ტრაგედიის შესახებ 4 ივნისს მოსკოვის არხებმა გამოაცხადეს, მე კი 7-ში ქართული ტელეარხებიდან გავიგე. გიორგის დედა რუსეთში ცხოვრობს და 2 კვირის განმავლობაში მოსკოვის პროზექტურაში დასვენებულ გვამს არ აჩვენებდნენ. ეხვეწებოდა, ვნახო, მართლა ჩემი შვილი თუ არის, იქნებ უბრალოდ სახელი და გვარი ემთხვევაო, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ.

– ქართული მხარე რა კუთხით ჩაერთო ამ საქმეში?
– ქართული მხარე საერთოდ არ ჩაერთო. როცა გარდაცვალების შესახებ გავიგეთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, გადმოსვენების ხარჯებს ჩვენ, სახელმწიფო, დავფარავთო, მაგრამ სამი კვირა რუსეთის პროზექტურაში ისე ეგდო ჩემი შვილი, დედამისს ფული რომ არ ესესხა და ცხედარი საქართველოში არ გადმოესვენებინა, ახლაც იქ იქნებოდა.

– რას მოითხოვთ, ბატონო კუკური?
– მოვითხოვ, ავიაკომპანიის ყველა თანამშრომელი დაისაჯოს და რუსეთის ავიაკომპანიამ ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს. აეროპორტში დასაქმებული ყველა თანამშრომელი დასაჭერია. მე, უპატრონო კაცმა, შევძელი და დავადგინე, ვინ იყო პილოტი, მაგრამ ვის აინტერესებს ეს? როგორ შეიძლება შეიპარო აეროპორტში? იქნებ 5 კილო ტროტილი ჰქონდა შეტანილი, ხომ ააფეთქებდა 500 ადამიანს ჰაერში?!

– გამოძიების დასრულების შემდეგ რუსეთიდან მიიღეთ პასუხი?

– კი, მივიღე და იქ ეწერა, ამ საქმეში არავის ბრალეულობა არ იკვეთება, არ ვიცით, ამ კაცმა თვითმფრინავამდე მისვლა და ჩუმად დამალვა როგორ შეძლოო. იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ ადვოკატი ავიყვანო. ველოდები, ამ საქმით იქნებ ახალი მთავარი პროკურორი დაინტერესდეს. მგონია, პროკურატურაში უკვე იქნება ნება, საქმეები გამოიძიონ.

ირაკლი ვაჩიბერაძე


ნანახია: 1598-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსკოვის ერთ-ერთ ავიალაინერში, 2 ივნისს, თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიბმული ბიჭის გვამი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი, როგორც
გიორგი აბულაძის აღმოჩენილ ცხედართან დაკავშირებით საქმე არ აღიძვრება
გელა სახელაშვილმა კოპიტნარის აეროპორტში თვითმფირინავის აფრენიდან 37 წუთში განაცხადა, რომ ბომბი აქვს და თუ ევროპის რომელიმე
გელა სახელაშვილმა კოპიტნარის აეროპორტში თვითმფირინავის აფრენიდან 37 წუთში განაცხადა, რომ ბომბი აქვს და თუ ევროპის რომელიმე
ქუთაისელი ბუნა ხოტოველი თურქეში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

ამინდი