Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხუთ წელზე მეტი ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი სკვერის რეაბილიტაციისათვის

თარიღი : 20-08-2018, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული ე.წ. „ხარაზოვის ბაღის“ კეთილმოწყობისთვის 2012 წლიდან დღემდე მილიონ ლარამდე დაიხარჯა. „ხარაზოვის ბაღი“, ქუთაისის ცენტრალური ბულვარის შემდეგ, ქალაქის სიდიდით მეორე და ერთ-ერთი უძველესი სკვერია. ბაღის სამ მხარეს მოსახლეობა ცხოვრობს და ეს ტერიტორია მათთვის დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ქუთაისის ცენტრალური არქივის ხელმძღვანელის, მერაბ კეზევაძის განმატებით, ქუთაისის არქივში ბაღის შესახებ ცნობები მწირია, თუმცა პრესაში იგი 1917 წლიდან მოიხსენიება. ბაღი ებრაელი ვაჭრების – ძმები ხარაზიშვილების სახელს ატარებს, რომლებმაც ტერიტორია შეისყიდეს და სკვერი მოაწყვეს.

1995 წლიდან სკვერში ქუთაისის ნიღბების თეატრი ფუნქციონირებდა. 2012 წელს, “ხარაზოვის ბაღის” რეკონსტრუქციასთან ერთად, წლების მანძილზე ამორტიზებული თეატრის შენობის აღდგენაც დაანონსდა. თეატრის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 600 000 ლარი გამოყო. დღევანდელი, საბოლოო სახე შენობამ 2014 წელს მიიღო. აღდგენის შემდეგ მას კულტურის ცენტრი ეწოდა და ა(ა)იპ „კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა“ დაქვემდებარებაში გადავიდა. გაიზარდა შენობის ფუნქციონალური დატვირთვაც და გარდა ნიღბების თეატრისა, 2015 წლიდან ის რამდენიმე სხვადასხვა დასს ემსახურება.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჭანჭალეიშვილი იხსენებს, რომ “ხარაზოვის ბაღი” 2012 წელს კომპანია „დაჩ დიზაინ გარდენსმა“ სრულად აღადგინა. ბაღის რეკონსტრუქციისთვის მერიამ გამარტივებული შესყიდვა (კოდით CMR120257574) გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 640 ათას ლარამდე დაიხარჯა. სკვერში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი, შადრევანი, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათება და აღდგა მწვანე საფარი. ხელშეკრულების მიხედვით, 2013 წლის 1 მარტამდე პარკის მოვლა-პატრონობა, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების, გზის, ტროტუარისა და მცენარეების დაზიანების შემთხვევაში მათი ხელახალი აღდგენაც კომპანიას დაევალა.

128 ათასი ლარი “ხარაზოვის ბაღის” კეთილმოწყობისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 2013 წელსაც გამოიყო (თავი მე-2, მუხლი 24). აღნიშნულ წელს ბაღში არსებული ხეები გადაიბელა, თანხა დაიხარჯა სანათების შეცვლასა და ბაღში დეკორატიული დეტალების დამატებისთვის. „დაჩ დიზაინ გარდენსი“, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებს სკვერში 2013 წლის პირველ მარტამდე აწარმოებდა. ქუთაისის მაშინდელი მერი, გიორგი თევდორაძე იხსენებს, რომ მოხდა პარკის სრული აღდგენა-რეკონსტრუქცია.

2017 წელს, პირველი რეკონსტრუქციიდან ხუთი წლის შემდეგ, ბაღს კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რეაბილიტაცია. გასული წლის აპრილში ქუთაისის მერიამ ტერიტორიის განახლებისთვის 473 123 ლარიანი ტენდერი (SPA170005546) გამოაცხადა. საბოლოოდ, ხელშეკრულება 419 990 ლარის ოდენობით, შპს „გი-ან 2011“-თან დაიდო. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ორი თვის ვადაში სკვერის ტერიტორიისა და შადრევნის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. როგორც ქალაქის მაშინდელი მერი შოთა მურღულია იხსენებს, იმ დროისთვის ბაღის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელი და დაზიანებული, ხოლო შადრევანი გაუქმებული იყო. მურღულია აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი, სავარაუდოდ, თავის დროზე არასათანადოდ ჩატარებული რეაბილიტაცია იყო.

2018 წლის მარტში მერიამ ტენდერი (NAT180004149) „ხარაზოვის ბაღში“ ეგრეთ წოდებული მშრალი შადრევნის მოწყობაზე გამოაცხადა. იმ დროისთვის ბაღში არსებული და ორჯერ შეკეთებული შადრევანი უკვე რამდენიმე წლის ამორტიზებული და გაუქმებული იყო. კონსტრუქციის მოწყობისთვის გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 500 ლარს შეადგენდა. ტენდერი არ შედგა, მიმდინარე წლის ივნისში კი, ქუთაისის მერიამ მშრალი შადრევნის გაკეთება გადაიფიქრა და პროექტი შეცვალა. პროექტის განსახორციელებლად ტენდერი (NAT180009810) ელექტრონული შესყიდვების საიტზე 28 ივნისს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 000 ლარი გახლდათ. გამარჯვებულ კომპანიას ტერიტორიაზე სანათებიანი, ეგრეთ წოდებული მომღერალი შადრევნის მოწყობა ევალებოდა. ტენდერში შპს „ნუევამ“ გაიმარჯვა, თუმცა ხელშეკრულების დადებამდე ის ტექნიკური დოკუმენტაციის წესრიგში არქონის გამო დისკვალიფიცირდა.

2012 წლიდან დღემდე ხარაზოვის ბაღის რეკონსტრუქციისა და შემდგომი შეკეთებისთვის 1 787 990 ლარი დაიხარჯა. ორჯერ მოხდა შადრევნის რეკონსტრუქცია, რომელიც დღემდე ამორტიზებულია. ტენდერი, რომელიც ე.წ. მომღერალი შადრევნის მოწყობას შეეხებოდა, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამოცხადდება. ფაქტ-მეტრი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას და ამ თემას მომავალშიც დაუბრუნდება.


ნანახია: 1265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოტანიკური ბაღის დირექტორის ამირან ხვადაგიანის თქმით, ბაღში ამფითეატრის გაკეთება მისი იდეა იყო. ხვადაგიანი იმედოვნებს, რომ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების
100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ ახალი შენობით შეხვდება

ამინდი