Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლეგენდა და ისტორია ხარაგაულის სოფელ წიფას შესახებ რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 28-03-2017, 17:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი".

რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.

რუბრიკა "ჩემი სოფელი" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფას შესახებ გიამბობთ.

სოფელი წიფა მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჩხერიმელას ხეობაში, ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე. სოფელი ხარაგაულიდან 29 კმ-ის დაშორებითაა.

გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, მიმავალ მგზავრებს გზად დამწიფებული ხილი შეუნიშნავთ, გაოცებულან- "აქ უკვე ხილი მწიფსო". სოფლისთვის სახელი ამ ლეგენდის მიხედვით დაურქმევიათ.

სოფელი წიფა XVI- XVIII საუკუნეების ისტორიულ, გეოგრაფიულ და დოკუმენტურ სხვადასხვა მასალებშია მოხსენიებული. წიფას მოიხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", იოანე ბაგრატიონი "ქართლ-კახეთის აღწერა", ქართულ სპარსული ისტორიული საბუთები, მოიხსენიებს ასევე იოჰან გიულდენშტენდი- "მოგზაურობა საქართველოში".

სოფელ წიფაზე უძველესი დროიდან გადადიოდა აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთერთი მთავარი გზა,რომელიც სურამი-ფონა-წიფა-ნებოძირისა და მდ. ჩხერიმელას ხეობის ჩაყოლებით შორაპანში ჩადიოდა.

მდიდარი ბუნებით გამორჩეულ სოფელ წიფაში უძველესი სალოცავებია შემორჩენილი. ამ სოფელში ოდითგანვე საკმაოდ დასახლებული უბნები ყოფილა მოსახლეობის მაღალი კულტურული ზნეჩვეულებებითა და შესაძლებლობებით გამორჩეული.

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სარკინიგზო გვირაბთან ახლოს, "პიმპილაურის" უბანშია აგებული. აგების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია,თუმცა ადგილობრივი უხუცესების გადმოცემით სალოცავს XVI საუკუნის დასაწყისით მოიხსენიებენ. ტაძარმა რთულ და მათ შორის გასაბჭოების დროს მიყენებულ მასობრივ რბევას გაუძლო. უკვე რამოდენიმეჯერ რესტავრირებულ სალოცავში დღესდღეობით წირვა-ლოცვა აღევლინება. ტაძრის მახლობლად უძველესი საფლავებია. საფლავის ქვებზე ძველი ბერძნული და ლურსმული დამწერლობა ამოიკითხება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს სოფლის და ტაძრის უძველეს წარმომავლობას. ისტორია, რომელიც იმ ეპოქაში სოფლის ტერიტორიაზე მოღვაწე ბერძნებს უკავშირდება, უდაოდ საინტერესო ძველისძველ საიდომლოებებს ინახავს.

პიმპილაურის უბანში შემორჩენილია ღვთისმშობლის სახელობის სალოცავის ნანგრევები. სალოცავი თითქმის მთლიანად განადგურებულია. მხოლოდ საძირკვლის ქვები და ზოგიერთ ადგილას კედლის ნაწილებია შემორჩენილი.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ღვთისმშობლის სალოცავის ნანგრევებზე ყოველ საღმრთო დღესასწაულზე შესაწირი ცხოველით და ფრინველით ადიან და სანთელს ანთებენ.
მესამე წმინდა ადგილი, გაჩეჩილაძეების უბანში კვირაცხოვლობის სახელობის სალოცავის ნანგრევებია.

ადგილობრივი უხუცესების გადმოცემით, სამწუხაროდ ამ სალოცავის ისტორიაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მათივე თქმით კვირაცხოვლობის სახელობის სალოცავს სოფელ წიფას სალოცავებიდან ყველაზე ძველი ისტორია უნდა ქონდეს, რომელსაც IX-X საუკუნეებით მოიხსენიებენ. სალოცავი იმდენად სავალალო მდგომარეობაშია რომ კედლებიც კი აღარ განირჩევა საძირკვლისგან. ადგილობრივმა ახალგაზრდობამ ირგვლივ მიმოფანტული ქვები ერთად შეაგროვა, და სანთლის ასანთები პატარა კუთხე მოაწყო გამოყოფილად, სალოცავი კუთხე კედლებიდან ჩამოშლილი ნარჩენი მდიდრონი ქვებითაა გარშემორტყმული.

მაღალ მთის წვერზე, ულამაზეს ადგილზე სადაც ტრიალ მინდვრებს "ხოციერის" სახელით მოიხსენიებენ შემორჩენილია წმ.გიორგის სალოცავის ნანგრევები. სალოცავის წარმომავლობა დაუთარიღებელია, ტაძარი უძველესი და უდაოდ რთული წარსულის მქონეა. შემორჩენილია მხოლოდ საძირკველი და ჩამოშლილი კედლის ნაწილები. მოსახლეობა არასდროს ივიწყებს წმ.გიორგის სალოცავს და აქ სანთელს ყოველთვის ანთებენ.

"კაკლების" უბანში ხისგან ნაგები წმ.გიორგის სალოცავია. უხეცესების გადმოცემით ეს სალოცავი ნოზაძეების საგვარეულოს აუგია. როგორც ამბობენ ნოზაძეების გვარით დასახლებული უბანი ძველად 300 კომლზე მეტს მოიცავდა.

სოფელში ნოზაძეების საგვარეულოზე ერთი ლეგენდა დღემდეა შემორჩენილი: ნოზაძეების 9 ოჯახს ერთად ერთ დღეს გადაუწყვეტიათ ქორწილის გადახდა, როდესაც მთელი სოფელი ქეიფსა და განცხრომას მიეცა ამ დროს თურმე ლეკები შემოსევიან, ბევრი დაუხოცავთ და ბევრიც გაუტაცებიათ, ვინც გადარჩა ვეღარ შეძლეს იმ ადგილებში ცხოვრება, დაიფანტნენ,და სხვადასხვა კუთხეებში გადასახლებულან.

ნოზაძეები მშობლიურ სოფელს და სალოცავს დღემდე არ ივიწყებენ, ყოველთვის სტუმრობენ, განსაკუთრებით კი ტრადიციულად გიორგობის დღესასწაულზე იკრიბებიან წმ. გიორგის სალოცავზე.

იმ ადგილას, რომელსაც სახელი "სარეკი" დღემდე შემორჩა, ძველად დიდი ზარი ყოფილა დაკიდებული, მეთვალყურე ზართან ყოველთვის ფხიზლად იდგა, როგორც კი ლეკების ან მტრის მოახლოებას შენიშნავდა მაშინვე ზარის დარეკვით სოფელს ატყობინებდა.

პიმპილაურის უბანში აგებული წმ.გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი სამხრეთით გაჰყურებს ლიხის ქედის დასავლეთ კალთიდან (სიმაღლე 1130 მ.) ჩამომავალ მდინარე ჩხერიმელას, და ასევე- დიდ მთაზე შეფენილ ქურდაძეების უბანს. სალოცავიდან აღმოსავლეთით, პიმპილაურის უბანში აბანოსღელე ჩამოედინება. უხუცესების გადმოცემით აბანოსღელე სათავეში გოგირდოვანი და სამკურნალო თვისებების მქონე წყლების შენაერთია.
http://i.imgsafe.org/a64c8e2e8e.jpg
წმ.გიორგის სალოცავიდან დასავლეთით, წიფის გვირაბის გაჩერებაზე დგას ქვის ობელისკი. ხალხში გავრცელებული თქმულების მიხედვით ამ ობელისკის აგებას წიფის სარკინიგზო გვირაბის ერთერთი ინჟინერის თვითმკვლელობის ამბავს უკავშირებენ, რომელსაც გვირაბის გაყვანის დროს გვირაბის თავის და ბოლოს შეერთების არასწორი გათვლების ვარაუდის გამო თავი მოუკლავს, და ამბობენ რომ ობელისკიც მის პატივსაცემად აღუმართავთ. სინამდვილეში კი, აღმოსავლეთ- დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ, მეტად მნიშვნელოვანი წიფის სარკინიგზო გვირაბის გახსნის პატივსაცემად აუგიათ ეს ობელისკი 1893 წელს. საზეიმო გახსნას რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III დასწრებია. ობელისკი, რუხი ფერის ხუთი გრანიტის ქვის ნაწილისგან შედგება,თითოეული ქვა დაახლოებით ტონანახევარს იწონის. ობელისკი გრანიტის კვარცხლბეკზე დგას. 1917 წელს ობელისკის წვერზე მოოქროვილ სფეროზე დიდი ორთავიანი შავი არწივი და დაფა მოუხსნიათ. ამჟამად მხოლოდ ლითონის სფეროზე დამაგრებული რკინის ღეროა შემორჩენილი. 1886 წელს დაწყებული გვირაბის მშენებლობა 1890 წელს დასრულდა. ხელმძღვანელი ინჟინერი პოლონელი ფერდინანდ რიძევსკი ყოფილა.

ადგილობრივი უხუცესების გადმოცემით, გვირაბის გაყვანისას სამღვდელოებასა და მშენებლობის დამპროექტებლებს შორის დავა გამართულა. სამღვდელოებამ ნება არ დართო მშენებლობას, რომ წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის ადგილას გაევლო გვირაბს, შეთანხმების შედეგად სალოცავის ტერიტორია ხელშეუხებელი დარჩა, ამიტომაც გვირაბის გამოსასვლელმა მოხვეული მიმართულება მიიღო.
http://i.imgsafe.org/a64a3cec3d.jpg
სოფელი წიფა არქეოლოგიურად შეუსწავლელია, თუმცა 1912 წელს წიფაში აღმოჩენილია ანტიკური ხანის ბრინჯაოს ბალთა, რომლის ჩარჩო სპირალურ ორნამენტებს მოიცავს. ბალთაზე ამოტვიფრულია ულამაზესი ფორმის ირემი, მგელი და ძაღლები. ბრინჯაოს ბალთა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ადგილს, რომელსაც "ვენახების ბოლოს" ეძახიან, ძველად აქ ვენახები ყოფილა გაშენებული და სახელიც დღემდე ასე შემორჩა. აქ ულამაზესი და საკმაოდ დიდი სიმაღლის ჩანჩქერი გადმოჩქეფს.

სოფელ წიფაში კლდეში ბუნებრივად ნაკვეთი გამოქვაბულიდან ძველად წყალი გამოედინებოდა. გამოქვაბულის ჩანგრევის შემდეგ ეს წყალი დაკარგულა. სავარაუდოდ მდინარის სიახლოვის გამო წყარომ მიმართულება იცვალა და სხვა მალული გზით მას შეუერთდა.

სოფელ წიფაში გავრცელებული გვარებია: ლომსაძე, კვერნაძე, ბოჟაძე, ტაგანაშვილი.აღნიშნულ გვარებს სოფელში თავისი უბნები გააჩნიათ. სოფელ წიფაში ასევე გვხვდება გვარები: ბანცაძე, გაჩეჩილაძე, ქურდაძე, ქოქაშვილი, ტალახაძე, ღამბაშიძე, ნადირაშვილი, კვინიკაძე, ჩიტაძე, ნოზაძე, გორგაძე და სხვა.

იშვიათ ბუნებაში გაშენებულ სოფელ წიფას წლის ყველა სეზონზე უამრავი დამსვენებელი ყავს, ამ დალოცვილ სოფელში სტუმრობა მეტად სასიამოვნია. განსაკუთრებული დიდი სტუმრიანობით მარიამობისა და გიორგობის დღესასწაულებს აღნიშნავს სოფლის მოსახლეობა. წმინდა ადგილებით, უძველესი სალოცავებითა და მასპინძლობის იშვიათი ადათწესებით მდიდარი წიფა გამორჩეული და შეუდარებელი სოფელია.

ფოტოების მოწოდებისთვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ოთო ქოქაშვილს და გიორგი ტაბატაძეს. წერილი დაწერილია ფეისბუქ გვერდის "გვიყვარხარ ხარაგაულო"-ს მიერ.

ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.


ნანახია: 7686-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით 'ჩემი
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
ცხრაჯვარის სალოცავი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარეობს.

ამინდი