ქუთაისის ვიცე-მერმა თანამშრომელთა გათავისუფლებისთვის პრემია მიიღო
თარიღი : 22-08-2013, 06:02 | კატეგორია: ახალი ამბები

"ქუთაისის ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ ქალაქის მერიაში რეორგანიზაციის წარმატებით ჩატარებისათვის საკუთარი თავი წაიხალისა და პრემია გამოიწერა,“ - ამ განცხადებას ტოპნიუსსთან მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აკეთებენ. მათი თქმით ვიცე-მერმა ისინი სამსახურიდან უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა."თუ ჩვენ ასეთი ცუდები ვიყავით, მაშინ ყველაზე ცალ-ცალკე უნდა დაწერილიყო მოხსენებითი ბარათი და დეტალურად ყოფილიყო დასაბუთებული რით იყო უკმაყოფილო ჩვენი განყოფილების უფროსები ჩვენი მუშაობით და ასევე ამ ბარათზე განყოფილების უფროსების ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო, რაც ასე არ მომხდარა,“ - ამბობს თეკო ჭეიშვილი. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიმდინარე წლის 29 ივლისით დათარიღებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ქალაქის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თენგო თოფურიძის მიმართ მის მიერ განსაკუთრებული დავალების შესრულებისათვის გამოყენებულ იქნეს ფულადი ჯილდო ხელფასის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიიდან რეროგანიზაციის შედეგად 88 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები ამ დროისათვის სამსახურში აღდგენაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.