Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის სოფელ იცქისის ისტორია რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 3-02-2017, 19:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სტატიები   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი".

რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.

რუბრიკა "ჩემი სოფელი" და მარიამ აბრამიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იცქისის შესახებ გიამბობთ.

სოფელი იცქისი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში. იგი მიეკუთვნება არგვეთის თემს. ის იმყოფება ზღვის დონიდან 660 მეტრზე, საჩხერიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 444 კაცი. რამდენიმე წლის წინ იმის გამო, რომ სოფელი მდებარეობდა საჩხერის სილის კარიერის მახლობლად დაშეუძლებელი იყო სილის მოპოვების გაგრძელება, სოფლის მოსახლეობა მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირზე, საჩხერე–სავანის საავტომობილო გზაზე გადასახლდა. ამის გამო, სოფელს ორგვარად მოიხსენიებენ: ,,ძველი იცქისი”, რომელიც სილის კარიერთან მდებარეობს და ,,ახალი იცქისი“,რომელიც საჩხერე სავანის გზაზე დასახლდა.

სოფლის სახელთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ხალხური გადმოცემა: დღეს, სადაც ,,ძველი იცქისია“ თურმე მეწყერი ჩამოწოლილა, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ ,,იცი იქრა იყოო?“. სოფელში უმეტესად ცხოვრობენ აბრამიშვილები, კურტანიძეები, გულიაშვილები, ლაბუჩიძეები. სოფელი იყოფოდა უბნებად, თითოეული გვარს თავისი უბანი გააჩნდა. ასე მაგალითად, კურტანიძეების გაღმა და გამოღმა უბანი, აბრამიშვილების უბანი და ა.შ.

"ახალი იცქისის" მოსახლეობა დღემდე სარგებლობს ძველი იცქისის სახნავ-სათესი ადგილებით, ვინაიდან ახალი იცქისის დასახლებაზე მათ მხოლოდ პატარა საბაღჩე ადგილები აქვთ. ძველი იცქისში არის ულამაზესი ბუნება. დარწმუნებული ვარ, დღეს, ყველა იცქისელის გულისტკივილია მიტოვებული მამაპაპისეული სახლების ასე ყურება, რომ სტიქიას ვერ ებრძვი, სოფელი დასაცლელად გენანება. გარდა იმისა, რომ ახალი იცქისის მოსახლეობა დღესაც სარგებლობს ამ სოფლის სახნავ სავარგულებით, ვენახებით, ძველი იცქისის ტერიტორიაზე დღესაც მუდმივად სახლობს რვა ოჯახი, ისინი ვერ ელევიან სოფელს და მკაცრ ზამთარსაც კი, აქ ატარებენ. ამიტომ, მოძიებული მასალა ძველ იცქისთან არის დაკავშირებული.

სოფელში არის ზოსიმაურის ღელე, ციხის ღელე, რომლებიც დიდი ნალექის დროს მოდიდდებიან და ნაპირებზე გადმოდიან. აქვეა კატოს ღელეც, მაგრამ იქ გავლას ღამით ერიდებოდნენ, ნაძრახი ადგილი იყო. "თუ გაივლი მოლანდებას დაინახავო”. “ძველ იცქისში“ არის მეჩხაურის წყარო, ბელეშურის წყარო. ზაფხულში დაღლილი მგზავრი, დღესაც გემრიელად ისველებს პირს. სოფელში მეწყერი რომ ჩამოწვა, ნგრევა დაიწყო სოფელმა, ნალექების მოსვლის შემდეგ გასავალი ვეღარ ნახა დაგროვილმა წყალმა და „ძველ იცქისში“ პატარა ტბებად წარმოიშვა. სახელებიც სწორედ იმისდა მიხედვით დაარქვეს, ვის ადგილშიც გაჩნდა ეს ტბა- ,,უშანგის ტბა“, ,,რებიკოს ტბა“. ახალი იცქისიდან ამოსული ახალგაზრდები, წელიწადის ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით ზაფხულში თევზს იჭერენ დახანდახან ბანაობენ კიდეც.

სოფელში არის წმინდა ადგილები. ერთს გამოვყოფ, ,,წმინდა ელიას“ ადგილს. სადაც მუხებია და ულამაზესი ბუნება. შიშით, აქედან ხილიც კი არავის მიაქვს შინ. ეშინიათ, სიზმარში არ გამოგვეცხადოსო. რადგან, ხალხის გადმოცემით ასეთი შემთხვევა ყოფილა და ყველა შიშით, კრძალვით ჩაუვლის ამ ადგილს. სოფელში არის ეკლესია ,,კვირამცხოველი“. თავიდან, დიდი ქვისგან აშენებული ყოფილა, შემდეგ სალოცავი სკოლად გადაუკეთებიათ, ის დაინგრა და ახლახისგან აშენებული სალოცავი დგას ისევ. ახალი კვირის დღესასწაულზე, აქ მთელი სოფელი იკრიბება და დიდი სიხარულით აღნიშნავენ ამ დღეს.

სოფელში, აღმოჩენილი იქნა შუა საუკუნეების მასალა იცქისის ციხესთან. იცქისის ციხე მდებარეობს მდ.იზვარის მარჯვენა ნაპირზე. 1981 წელს აქ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ჯ.ნადირაძის ხელმძღვანელობით, ხოლო 2004 წელს გ. მახარაძის ხელმძღვანელობით გათხრები განახლდა. სამუშაოები მიმდინარეობდა ბორცვის ზედა და ქვედა ტერასებზე.ზედა ტერსაზე, უშუალოდ ციხის შემოგარენში აღმოჩნდა ორი არქეოლოგიური ფენა. ზედა ფენის არქეოლოგიური მასალა, ძირითადად კერამიკული ნაწარმი, თარიღდება XVIII საუკუნის მიწურულით, ხოლო ქვედა ფენა - ზოგადად განვითარებული შუა საუკუნეებით.ქვედა ტერასაზე გამოვლენილი შუა საუკუნეების არქეოლოგიური ფენა ორი ჰორიზონტისგან შედგება. ზედა ჰორიზონტის არქეოლოგიური მასალის თარიღი XVIII საუკუნით განისაზღვრება, ხოლო ქვედა ჰორიზონტის არქეოლოგიური მონაპოვარი (კერამიკული ნაწარმი და რკინის საბრძოლო იარაღი ) VI-VIII საუკუნეებით თარიღდება.

კვირამცხოვლის ეკლესიასთან არის ვენახები, რომლებსაც ადრიდანვე ,,სასახლეს“ ეძახდნენ, თურმე ეს მიწები აკაკი წერეთლის მშობლებს ეკუთვნოდათ. მას ადგილობრივი გლეხები ამუშავებდნენ, შემდეგ კი წერეთლებს ეს ადგილი აბრამიშვილებისთვის უჩუქებია. სოფელში სხვა სახნავი და საბაღჩე ადგილებია, როგორიცაა ,,ბურღვათი“, ,,ნაფუძვარი“. აქ საფეხბურთო სტადიონიცაა, სადაც ზაფხულობით ამოსული ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობენ. ეს ადგილები კვენიეთის ტყესთან ახლოსაა და ზამთარში მოსახლეობას მგლები და ტურები თავს ესხმიან. ძველ იცქისში მისდევენ მესაქონლეობას, მევენახეობას, მებაღჩეობასა და მეცხვარეობას.

ოფელ იცქისის შესახებ მინდოდა დამატებითი მასალები მომეკვლია ძველი არქივებიდან, დოკუმენტური წყაროებიდან, თუ რა დროიდან იწყება მისი ხსენება და საინტერესო მასალებს წავაწყდი. კერძოდ, გიულდეშტენდს (გერმანელ მოგზაურს) მოხსენიებული აქვს ,,მდ. ისვარა, რომელიც ერთვის მდ. ყვირილას სამხრეთის მხრიდან“. იცქისს მოიხსენიებს მდ. შუშაზე მდებარე სოფლებთან ერთად: "9.ჭალა, 10.დურევი, 11.იცქისი, 12.ცხამი, ჩარათხევი, 13.ეთო. უკანასკნელი განადგურებულია ლეკების მიერ, ეს ისვარაზე მდებარეობს".- აღნიშნავს იგი. ყვირილაზე საძალისხევსა და ძირულაზე, მდებარე სოფლებზე, იგი მიუთითებს, რომ "მათი უმეტესობა ეკუთვნის თავად წერეთელს, დანარჩენები კი მეფისა და მეფის ძეს გიორგის, მეფის ბიძაშვილს არჩილს ".

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან ირკვევა, რომ სოფელი იცქისი, სხვა სოფლებთან ერთად (ბახიოთი, იტავაზა, მახათაური, სავანე, შალაური, ცხამი) ითვლებოდა ერთ, არგვეთის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფლად და ცალკე მისი გეოგრაფიული და ისტორიული აღწერილობა არ არის. ირკვევა მხოლოდ ის, რომ არგვეთის საბჭოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების არქეოლოგიური გათხრები 1936-64 წწ-ში, აღწერილი აქვს რ.აბრამიშვილს. რითაც დაადასტურეს, რომ ეს ადგილები ადრე ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ III ათასწლეულის) სამოსახლო კომპლექსს ეკუთვნოდა. აღმოჩენილ ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, ე.წ მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიატებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, კაჟის ნაგმლის პირები, ყუნწიანი კაჟის ისრის პირები. აღმოუჩენიათ აგრეთვე I-III საუკუნეების ორმო-სამარხები, ხელ-ფეხ მოკეცილ მიცვალებულებ ჩატანებული ქონიათ გამომწვარი თიხის ხელადები ,პასტის მძივები, ბრინჯაოს მშვილდ-საკინძები, საყურეები, აბზინდები, რომელზედაც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული. გათხრების დროს აღმოუჩენიათ ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები.

ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.


ნანახია: 5365-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
საქართველოში დაახლოებით 130 სოფელში 2 000 და მეტი მაცხოვრებელია, ზოგიერთ სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა 7 000-ზე მეტს აღწევს.
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით 'ჩემი
ჭალოვნის ბარბაწმინდის ნატაძრალი ძლიერ მადლიან სალოცავად ითვლება. მას არასდროს მოკლებია მლოცველი, თვით ათეიზმის პერიოდშიც კი.

ამინდი