Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვიცი რამდენიმე ყოფილი პატიმარი, რომლებმაც უმუშევრობის გამო თვითმკვლელობაც კი სცადეს'

თარიღი : 29-11-2016, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
უკვე თექვსმეტი წელია, რაც საქართველოში „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT) ფუნქციონირებს. ის დანიაში, კოპენჰაგენში არსებული წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის (IRCT) მხარდაჭერით დაარსდა. თავიდან მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებდა, მოგვიანებით კი, 2007 წელს, ორგანიზაციამ ოფისები ქუთაისსა და ბათუმშიც გახსნა. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, მათ რიცხვს გორის ოფისიც შეემატა. GCRT-ის სამიზნე ჯგუფებს ყოფილი პატიმრები და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები, ასევე, ძალადობისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი ადამიანები წარმოადგენენ.

ბათუმში მოქმედებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრიც“, რომელიც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ამ პროგრამით ათას შვიდასზე მეტმა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. მათ სხვადასხვა სახის დახმარება გაეწიათ, მათ შორის, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი და სამედიცინო. ეს პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ხორციელდება.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, მკითხველს ამ პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების საზოგადოებასთან ადაპტირების წარმატებულ და წარუმატებელ მცდელობაზე უამბოს.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია

ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც GCRT-მა განახორციელა, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ის 2007 წელს ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო და ორი წლის წინათ დასრულდა. ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ამ დახმარებით ისარგებლეს, გასაჯაროებას არ ექვემდებარება, თუმცა „ფაქტ-მეტრმა“ ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრება მოახერხა.

გ. ა. ამბობს, რომ ამ ორგანიზაციაში ბიძაშვილმა მიიყვანა. ის ციხეში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარა, მაგრამ ოთხი წლის წინათ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. გათავისუფლების შემდეგ ორგანიზაციაში რეაბილიტაციის კურსი გაიარა, რაც ძალიან დაეხმარა.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე აქვს, უმუშევრობაა. ამბობს, რომ საქართველოში დასაქმება სუფთა რეპუტაციის ადამიანებსაც კი უჭირთ და ყოფილი პატიმრისთვის ხომ ეს თითქმის შეუძლებელია.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია
2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 84 მსჯავრდადებული შეიწყალა. მანვე გადაწყვიტა, სარეზერვო ფონდიდან დაეფინანსებინა საპილოტე პროგრამა, რომელიც გათავისუფლებული და სასჯელშემსუბუქებული ადამიანების სოციალურ, ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ და სამედიცინო რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ პროგრამით ბათუმში ოცი ადამიანი სარგებლობს, თუმცა, როგორც GCRT -ს პროექტის ხელმძღვანელი ნანა გორგილაძე აცხადებს, მათი რიცხვი ოცდაათამდე უნდა გაიზარდოს. ბენეფიციარების ამ კატეგორიასთან ფსიქოლოგი და სოციოლოგი კომპლექსურად მუშაობენ.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ისინი ბენეფიციარებს სამართლებრივი სახის მომსახურებას უწევენ.

რესოციალიზაციის ფარგლებში ორგანიზაცია ბენეფიციარებს სოციალური უნარ-ჩვევების ათვისებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, სთავაზობს გადამზადების კურსებს, რაც მათ ადაპტაციის პრობლემების დაძლევაში უნდა დაეხმაროს. თუმცა, ბათუმის ოფისის დირექტორის თქმით, ამ სერვისით თითქმის არც ერთი შეწყალებული არ სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობს და ბენეფიციარებს სამუშაოს მაძიებელთა საიტზეც არეგისტრირებს, მათი დასაქმება მაინც პრობლემაა. ამის მიზეზი საზოგადოებაში ერთგვარი სტიგმის არსებობაა – ყოფილ მსჯავრდადებულებთან შრომითი ურთიერთობისთვის დამსაქმებლები მზად არ არიან და შესაფერისი ვაკანსიის შემთხვევაშიც კი უარის თქმას ამჯობინებენ.

„ფაქტ-მეტრი“ რამდენიმე მეწარმეს ესაუბრა, რომლებმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვეს, მაგრამ გულწრფელად აღიარეს, რომ სამუშაოს მაძიებელთა შორის იმდენი განათლებული და პატიოსანი ადამიანია, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ, საქმე ყოფილ, თუნდაც შეწყალებულ პატიმართან დაიკავონ.

დამსაქმებლების მხრიდან ასეთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას ისიც უწყობს ხელს, რომ რამდენიმე შეწყალებული პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისევ მოხვდა. ნანა გორგილაძის თქმით, განმეორებითი დანაშაული მათმა რამდენიმე ბენეფიციარმაც ჩაიდინა, თუმცა, რეციდივი ძირითადად არასრულწლოვნებში იჩენს თავს.

მთლიანობაში, როგორც ბათუმის ოფისის დირექტორი და შეწყალებული პატიმრები ამბობენ, პროექტი წარმატებით ხორციელდება, რადგან სპეციალისტების დახმარებით, ბენეფიციარებმა დაიწყეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გაუმჯობესდა მათი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, იურისტების დახმარებით მოგვარდა სამართლებრივი პრობლემები.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა
მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაც ამოქმედდა. „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ბათუმის ოფისს ამ პროგრამაში ჩართული ოცდათორმეტი ბენეფიციარი ჰყავს. სერვისები ისეთივეა, როგორიც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდადებულთა რეაბილიტაციის პროგრამით იყო გათვალისწინებული.

ყოფილი პატიმრებიც უმეტესად ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით სარგებლობენ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებს ორგანიზაცია ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში აგზავნის, სადაც მათ კვლევები უტარდებათ.

მკურნალობის თანხას ორგანიზაცია იხდის და ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტებითაც ამარაგებს. ეს პროცედურები, გარკვეულწილად, ყოფილ პატიმრებს ადაპტაციის პრობლემების დაძლევაში ეხმარება. რამდენიმე მათგანი პროფესიული გადამზადების კურსებსაც დაესწრო და დასაქმებაც შეძლო, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობენ, ძალიან გაუმართლათ. ძირითადად კი მათ ირგვლივ უამრავი ყოფილი პატიმარია, რომლებიც სამუშაოს ვერ პოულობენ და დეპრესია ეწყებათ. ისინი ან ალკოჰოლს ეძალებიან, ან კვლავ დანაშაულის გზას დაადგებიან ხოლმე. ის, ვინც ერთხელ უკვე იყო ჩართული ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამაში, მეორედ იმავე მომსახურებით ვეღარ ისარგებლებს.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს პროგრამას, მასში ჩართული ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, სამინისტრო ბენეფიციართა ბიზნესიდეების დაფინანსებასაც ითვალისწინებს. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც სასჯელს ნარკოტიკის რეალიზაციისთვის იხდიდა, ამბობს, რომ განთავისუფლებამდე სამი თვით ადრე საპატიმროშივე დაეუფლა თექაზე მუშაობის ხელოვნებას და მას მცირე თანხით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 78 ბიზნესიდეა დაფინანსდა.

ყოფილი პატიმრის თვალით დანახული რეალობა
მირანდა მაზმანოვა, რომელსაც ათი წელი და ექვსი თვე ჰქონდა მისჯილი, საპყრობილიდან ოთხი წლის წინათ ამნისტიით განთავისუფლდა. მან მხოლოდ ოთხი წელი მოიხადა. ერთი კვირის შემდეგ ციხე მისმა მეუღლემაც დატოვა. ისინი სასჯელს ერთსა და იმავე პერიოდში იხდიდნენ. განთავისუფლებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მირანდა „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მოხვდა, იქიდან – GCRT-ში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარეს და წამლები შეუძინეს. მაშინ უკვე მესამე შვილი ჰყავდა.

თავისუფლების პირველ წელს კოშმარული სიზმარივით იხსენებს, ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა ოჯახთან და ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობა. დანაშაულის გრძნობა შვილებისა და ოჯახის წევრების მიმართ მასში აგრესიას ბადებდა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ეგონა, ყველამ იცოდა მისი ამბავი და მათ გამოხედვაში სიძულვილს გრძნობდა.
ასეთი პრობლემები და კომპლექსები მის მეუღლესაც ჰქონდა. მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი ძალიან დაეხმარნენ ამ მდგომარეობის დაძლევაში და ქცევითი უნარების შეცვლაში. ახლა ზუსტად იცის, რომ საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრების მიმართ დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა, შეიცვალა მის მიერ ამ დამოკიდებულების აღქმა. ახლა გარეშეთა სკეპტიკურ დამოკიდებულებას მტკივნეულად თითქმის აღარ განიცდის. ამბობს, რომ მის მეუღლეს უფრო გაუჭირდა.

მათთვის და მათი მდგომარეობის ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთულია დასაქმება. ორგანიზაციის წარმომადგენელი და შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ცენტრი, რომლის ბენეფიციარებიც ამ ეტაპზე მირანდა და მისი მეუღლე არიან, ძალიან ცდილობენ ყოფილი პატიმრების დასაქმებას, მაგრამ მათი სამსახურში მიღება თითქმის არავის სურს. როგორც მირანდა ამბობს, რამდენიმე დღის წინ მისი მეგობარი დამლაგებლადაც კი არ მიიღეს.

მირანდას მეუღლეც დღემდე ვერ ახერხებს დასაქმებას, რასაც ძალიან განიცდის და ეს მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

„ოჯახური ურთიერთობა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულება კი შევცვალეთ, მაგრამ დასაქმების პრობლემა იმდენად დაძაბულ ემოციურ ფონს გვიქმნის, რომ ყველა ყოფილი პატიმარი ვერ უძლებს. მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც ამის გამო თვითმკვლელობაც კი სცადეს“, – ამბობს მირანდა მაზმანოვა, რომელსაც მიაჩნია, რომ, თუ სახელმწიფო დამსაქმებლებს ყოფილი პატიმრების სამუშაოზე აყვანისთვის რაღაც ფორმით წაახალისებს, ნელ-ნელა დაიმსხვრევა სტერეოტიპი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთხელ მოხვედრილი ყველა ადამიანი განმეორებით დანაშაულს აუცილებლად ჩაიდენს.


ნანახია: 1863-ჯერ

მსგავსი სიახლეები
10 დღის განმავლობაში, კურორტ საირმეში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი ყოფილი პატიმარი დაისვენებს.
რა სახის დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, როგორი ფორმით ახდენს მათ რესოციალიზაციას
topnews.com.ge დაინტერესდა გაეგო, შეიცვალა თუ არა პატიმართა მდგომარეობა ახალი ხელისუფლების პირობებში და ამჟამად რა პრობლემებზე
რეგიონების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა: იმერეთში - 9, აჭარაში - 4, სამეგრელოში - 6 და გურიაში -2. საგრანტო თანხა
"ჩემი ძმა სადისტი არ იყო. კოჰაბიტაციას შეეწირნენ ჩემი ძმა და ეს ბიჭები. თუ ნიკამ ვინმე სცემა, არ შეიძლებოდა ეს დამალული ყოფილიყო
დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 9 თვით