ქუთაისელი მეოცნებეები მარგველაშვილის გასაპრეზიდენტებლად კოალიციურ რეჟიმში იმუშავებენ
თარიღი : 20-08-2013, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ამ დროისათვის დამოუკიდებლად, პარტიულ რეჟიმში საქმიანობენ. თუმცა კოალიციის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ კოალიციის სუბიექტები „ქართული ოცნების“ კანდიდატის გაპრეზიდენტებისათვის კოალიციურ რეჟიმში იმუშავებენ. კოალიციის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის- „რესპუბლიკელების“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ნატო ქათანამაძე აცხადებს, რომ როდესაც საჭირო იქნება, პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან. „ჯერ ერთიანი შტაბი არ გვაქვს. სადღაც სექტემბრის დასაწყისისთვის გვექნება შტაბი და და ისევე ვიმუშავებთ კოალიციურ რეჟიმში, როგორც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვიყავით,“ - ამბობს ნატო ქათამაძე. შეგახსენებთ, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუთაისში, „მეოცნებები“ კოალიციური რეჟიმიდან პარტიულ რეჟიმზე გადავიდნენ და ინდივიდუალური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყეს. მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საერთო კანდიდატი, განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ჰყავს. შესაბამისად, ქუთაისში აღნიშნული კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „მრეწველები“, „კონსერვატორები“ და თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩაერთვებიან.