იტვირთება

საერთოდ არ ველოდი ჩემს დახატვას-იმერელი ბებო, რომელიც შესაძლოა ქუთაისის სიმბოლო გახდეს

საერთოდ არ ველოდი ჩემს დახატვას-იმერელი ბებო, რომელიც შესაძლოა ქუთაისის სიმბოლო გახდეს

იმერელი ბებო, რომელიც ხაჭაპურს აცხობს - ეს გიგანტური სტენსილი, შესაძლოა, ქუთაისის სავიზიტო ბარათად იქცეს. მასზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, შედეგმა კი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა.

სტენსილზე რეალური ადამიანია გამოსახული - ბებო, რომელსაც ნახატზე ხელები ფქვილში აქვს და ხაჭაპურს ამზადებს, 81 წლის დალი დოღონაძეა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც ქუთაისის ცენტრში მის პორტრეტთან გამვლელები გაჩერდებოდნენ, მის სახეს კარგად დააკვირდებოდნენ და ერთი ნახვით შეიყვარებდნენ.

"მე არ ველოდი ამას, საერთოდ არ ველოდი ჩემს დახატვას. რომ გავიგე, რომ იხატებოდა, ემოცია ძალიან დიდი იყო... " - ამბობს დალი დოღონაძე.

ის ახლა სოფელში ცხოვრობს და საკუთარი მცირე მეურნეობა აქვს. ახლობლები ამბობენ, რომ ქალს მძიმე ცხოვრება ჰქონდა - მან შვილიც დაკარგა.

ხელოვანებმა პერსონაჟი მალე იპოვეს. ზუსტად იცოდნენ ისიც, თუ რომელი კედელი უნდა მოეხატათ. უკრაინელმა მხატვარმა საშა კორბანმა ფერებით თითოეული შტრიხი გამოკვეთა. მოხატვა სპეციალური ტექნიკით დაიწყო, იცოდა რომ დაწყებაზე უფრო რთული ხასიათის შენარჩუნება იქნებოდა. კორბანი ქუთაისში საპატიო სტუმარია, აქ დროებით, ქუჩების მოსახატად ჩამოვიდა.

ქუთაისის ქუჩებში, ძველ შენობებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე - ირგვლივ ყველაფერს ეტყობა ქუჩის ხელოვნების კვალი. პოსტსაბჭოთა არქიტექტურა თანამედროვეს შეერწყა და ეს უცნაური კომბინაცია თანაბრად იტაცებს ყველას.


ტეგები:

Facebook - კომენტარები